"იქნება თუ არა საქართველოში პროტესტის ახალი ტალღა?" - როგორ ეხმაურება უცხოური მედია გიორგი გახარიას გადაწყვეტილებას - კვირის პალიტრა

"იქნება თუ არა საქართველოში პროტესტის ახალი ტალღა?" - როგორ ეხმაურება უცხოური მედია გიორგი გახარიას გადაწყვეტილებას

გიორგი გახარიას მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვებას უკვე გამოეხმაურა უცხოური მედია. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

ფრანგული საინფორმაციო სააგენტო "ფრანს-პრესი" (France Presse), აქვეყნებს მასალას სათაურით - "საქართველოს პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა - იგი ოპოზიციური ლიდერის დაპატიმრების განზრახვის წინააღმდეგი იყო". სტატიაში ლაპარაკია გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვებასა და მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რის მიხედვითაც ნიკანორ მელიას დაპატიმრება ქვეყანაში სიტუაციას უფრო გაამწვავებს.

"ფრანს-პრესის" კორესპონდენტი ესაუბრება თვითონ ნიკანორ მელიას, რომელსაც სასამართლო დამნაშავედ მიიჩნევს 2019 წელს "მასობრივი ძალადობის" ორგანიზებაში. ოპოზიციის ლიდერი უარყოფს ბრალდებას და ამბობს, რომ მის წინააღმდეგ აღძრული საქმე აბსურდულია... ეს არის ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების გაგრძელება.

პუბლიკაციაში საკმაოდ ვრცლადაა გადმოცემული 2019 წელს მომხდარი პოლიტიკური მღელვარების მიზეზები და ოპოზიციის მოქმედება, რომელმაც ხელისუფლების იმდროინდელ მოქმედებაში "პრორუსული პოლიტიკის გატარება" დაინახა.

"საქართველოში 2019 წელს ქუჩაში გამოსული საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ პოლიციამ მწვავე რეაგირება მოახდინა - გამოყენებული იქნა რეზინის ტყვიები და ცრემლმდენი გაზი, დაშავდა ათობით ადამიანი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ დროს გიორგი გახარია ხელმძღვანელობდა. მას ოპოზიცია "მოსკოვის კაცს" უწოდებდა, რადგან 45 წლის მინისტრი თანამდებობაზე დანიშვნამდე რუსეთში მუშაობდა - გერმანული ავიაკომპანიის Lufthansa რეგიონულ დირექტორად. გარდა ამისა, გიორგი გახარიას უმაღლესი განათლებაც რუსეთში აქვს მიღებული - დამთავრებული აქვს მოსკოვის მიხეილ ლომონოსოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი", - ხაზგასმულია პუბლიკაციაში.

სტატიაში, ასევე, გადმოცემულია ევროკავშირის წარმომადგენლობისა და აშშ-ის საელჩოს თვალსაზრისი პოლიტიკური კრიზისისა და მისი მოგვარების შესახებ: "ოპოზიციის ლიდერის სამართლებრივი დევნა ქართული დემოკრატიისთვის სახიფათო ტრაექტორიას წარმოადგენს... კრიზისი მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა გადაწყდეს, ორივე მხარემ თავშეკავება უნდა გამოიჩინოს". (წყარო)

------------

მსგავსი შინაარსის მქონე მასალა გაავრცელა "როიტერს"-მაც (Reuters) სათაურით "საქართველოს პრემიერი თანამდებობას ტოვებს, ოპოზიცია კი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისკენ მოუწოდებს", რომელშიც, კერძოდ, აღნიშნულია:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შტაბ-ბინაში გამოსვლისას ნიკანორ მელიამ ხელისუფლებას პარლამენტის ვადამდელი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა: "ყველა ოპოზიციური პარტიის სახელით დავიწყოთ მოლაპარაკება ახალი ვადამდელი არჩევნების ჩატარების მიზნით", - ციტირებს "როიტერსი" ოპოზიციის ლიდერის განცხადებას. (წყარო)

--------

ბრიტანული ტელერადიოსამაუწყებლო კომპანია "ბი-ბი-სის" რუსულმა სამსახურმა (BBC Russian) საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადადგომის ფაქტს საკმაოდ მოზრდილი პუბლიკაცია მიუძღვნა სათაურით - "საქართველოს პრემიერი გადადგა - ოპოზიციონერის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი ვერდიქტის შემდეგ", რომელშიც მომხდარი მოვლენები თანმიმდევრობით არის გადმოცემული (ავტორი - ნინა ახმეტელი).

სტატია იწყება გიორგი გახარიას განცხადებით გადაგომის თაობაზე, რომელშიც იგი განმარტავს თანამდებიობიდან წასვლის მიზეზებსა და მოტივებს ("ნიკა მელიას მიმართ თბილისის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების მიმართ ჩემი გუნდი ჩემს პოზიციას არ იზიარებს"). შემდეგ პუბლიკაციის ავტორს მოჰყავს მმართველი პარტიის - "ქართული ოცნების" ლიდერის, ირაკლი კობახიძის თვალსაზრისი, რომელიც განსხვავებულია გიორგი გახარიას პოზიციისგან: ირაკლი კობახიძე აბსოლუტურად იწონებს სასამართლოს ვერდიქტს ("სახელმწიფომ მტკიცედ უნდა აჩვენოს თავისი სახე - არის თუ არა ის მართლაც სახელმწიფო").

როგორც ცნობილია, ოპოზიციური "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ბრალდებულია 2019 წლის 20 ივნისს მომხდარ ძალადობრივ აქტში. მას სასამართლომ გირაოს გადახდა დააკისრა, ნიკა მელიამ მის გადახდაზე უარი განაცხადა და ელექტრონული სამაჯურიც გადააგდო ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში.

"ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია. დეპუტატ მამუკა მდინარაძის თქმით, კანონის ჩარჩოებიდან გასვლა ის წითელი მიჯნაა, რომლის გადაბიჯებასაც არცერთი დემოკრატიული მთავრობა არ მოითმენს.

ოპოზიციური სპექტრი მხარს უჭერს ნიკა მელიას მოქმედებას და ხელისუფლებას პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს. ამას ემატება ოპოზიციის ბრალდება საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაშიც... მმართველი პარტიის - "ქართული ოცნების" მოწინააღმდეგეები თვლიან, რომ საქართველოს საგამოძიებო ორგანოები ხელმძღვანელობენ არა კანონით, არამედ პოლიტიკური დღის წესრიგით.

იქნება თუ არა საქართველოში პროტესტების ახალი ტალღა? პუბლიკაციის ავტორის აზრით, ამის აშკარა საფრთხე მართლაც არსებობს: "ოპოზიციონერის დაპატიმრებით საქართველოს საპროტესტო აქციების ახალი ტალღა ემუქრება. ზოგიერთმა ოპოზიციონერმა განაცხადა, რომ პოლიციას ნიკა მელიას დაკავების ნებას არ მისცემს. ცეცხლზე ნავთი დაასხა რუსი დეპუტატის - სერგეი გავრილოვის ინტერვიუმაც ტელეარხ "ტვ პირველის" ეთერში, სადაც მან განაცხადა, რომ მმართველი პარტია სწორად იქცევა. (წყარო)

------------------

ბრიტანულ "ფაინენშელ თაიმსის" (Financial Times) ვებგვერდზე დღეს, 18 თებერვალს, პრემიერის გადადგომამდე გამოქვეყნდა სტატია სათაურით - "ქართული სასამართლოს ვერდიქტი: დაკავებული იქნეს ოპოზიციის ლიდერი", რომელშიც ავტორის - ჰენრი ფოის მიერ განხილულია საქართველოში მიმდინარე მწვავე პოლიტიკური პროცესი ოპოზიციური პარტიის ლიდერის - ნიკა მელიას თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებით.

მოგვიანებით, როცა უკვე პრემიერ-მინისტრი გადადგა, სტატიას სათაური შეეცვალა - "საქართველოს პრემიერის გადადგომის მიზეზი: ქართული სასამართლოს ვერდიქტი ოპოზიციის ლიდერის დაკავებისთვის", მისი ტექსტის ძირითადი ნაწილი კი უცვლელი დარჩა, რომელსაც აქვე გთავაზობთ:

"ქართული სასამართლოს მიერ გამოტანილმა დადგენილებამ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის - ნიკა მელიას დაკავების თაობაზე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა", - აღნიშნულია სტატიაში. როგორც მასში ნათქვამია, ეს გადაწყვეტილება მოჰყვა თვეების განმავლობაში გაჭიანურებულ პოლიტიკურ რყევებს, რაც ოპოზიციის მიერ არჩევნების შედეგების უარყოფაში გამოიხატა, მისი გაყალბების მოტივით.

"პოლიტიკურმა კრიზისმა ჩრდილი მიაყენა საქართველოს რეპუტაციას, როგორც კავკასიის რეგიონში არსებულ ერთადერთ დემოკრატიულ სახელმწიფოს. საქართველოს მეზობელი პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ზოგში ავტორიტარი ხელისუფლებაა, ზოგში კიდევ - პოლიტიკურ კორუფციაში ჩაფლული მმართველი. ევროკავშირი და ნატო თბილისთან ურთიერთობის განმტკიცებას ესწრაფვიან, რადგან მასში მნიშვნელოვან და სანდო პარტნიორს ხედავენ შავი ზღვის რეგიონში", - აღნიშნულია სტატიაში. (წყარო)

იხილეთ ასევე: "გახარიას წასვლის შემდეგ "ოცნების" ამომრჩეველი უზურპატორი კობახიძის ქვეყანაში ცხოვრებას არ მოინდომებს... რიგგარეშე არჩევნები გარდაუვალია"

მოამზადა სიმონ კილაძემ