"ოპოზიციის მიმართ ღარიბაშვილის დამოკიდებულება მის ქმედებებში აისახება" - კვირის პალიტრა

"ოპოზიციის მიმართ ღარიბაშვილის დამოკიდებულება მის ქმედებებში აისახება"

პარტია "მოქალაქეების" წევრის, ლევან იოსელიანის განცხადებით, მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს საერთაშორისო გამოხმაურებების შეფასებისას განუცხადა.

"ხელისუფლება მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დაჯდეს და ოპოზიციამ უნდა გაიაზროს, თუ რამხელა საფრთხის წინაშეა ქვეყანა მისული. უნდა გაიაზროს, რა პროცესებს დაუდო სათავე იმ უპასუხისმგებლობამ, რაც საბოლოო ჯამში, "ქართულმა ოცნებამ" გამოიჩინა, რომელმაც ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნა.

ვფიქრობ, რომ ალტერნატივა არ აქვს მოლაპარაკებას. ვადამდელი არჩევნების წინააღმდეგი არ ვართ, თუ შეთანხმება შედგება. ეს დაამშვიდებს სიტუაციას ქვეყანაში, თუმცა უნდა გვესმოდეს, ეს როდის იქნება და საერთოდ იქნება თუ არა, მთავარია, როგორ ჩატარდება. თუ არჩევნებს ნდობა არ ექნება, საარჩევნო რეფორმას ბოლომდე არ მივიყვანთ, მაშინ აზრი არ ექნება არცერთ არჩევნებს. არჩევნები უნდა იყოს სანდო და მოქალაქეებმა არჩევნების გაყალბებასა და ხმების დაკარგვაზე არ უნდა იდარდონ"- განაცხადა იოსელიანმა.

"ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება ამ სიტუაციისთვის კარგი გამოსავალი არაა" - იოსელიანს უჭირს იმის თქმა, პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის წარდგენა არის თუ არა ივანიშვილის გადაწყვეტილება.

"ღარიბაშვილის პერსონიდან გამომდინარე, ოპოზიციის მიმართ მისი დამოკიდებულება აქამდეც ცნობილია. ეს დამოკიდებულება რა თქმა უნდა, მის ქმედებებში აისახება. ეს საბოლოო ჯამში, ამ ქვეყანაში სიტუაციას კიდევ უფრო გაართულებს. მე ველოდი "ქართული ოცნება" ისეთ კანდიდატურას შემოგვთავაზებდა, რომელიც, პირიქით, ამ ფონს დაამშვიდებდა და ყველაფერს მოლაპარაკების რეჟიმში გადაიყვანდა, მაგრამ ღარიბაშვილის კანდიდატურა ამ მიზნის მისაღწევად შესაბამისი არაა", - განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისთვის, პრემიერ- მინისტრი გიორგი გახარია გუშინ გადადგა, მთავრობის მეთაურობის კანდიდატად კი "ქართულმა ოცნებამ" თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა.

"ინტერპრესნიუსი"