"ივანიშვილის წასვლა მითი აღმოჩნდა, ღარიბაშვილის დაბრუნება მისი გადაწყვეტილებაა" - კვირის პალიტრა

"ივანიშვილის წასვლა მითი აღმოჩნდა, ღარიბაშვილის დაბრუნება მისი გადაწყვეტილებაა"

ექსპერტ დავით დარჩიაშვილის განცხადებით, ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა მითი აღმოჩნდა და ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარდგენა მისი გადაწყვეტილებაა.

როგორც დარჩიაშვილმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმში" განაცხადა, ღარიბაშვილის წარდგენა ივანიშვილის მხრიდან, შესაძლოა, იყოს სიგნალი -"ყველაფერზე წამსვლელი ვარ, მოვიყვანე ჩემი ხელი, მინდა ამას იზამს, მინდა - იმას, მინდა, ისევ უკან გავწევ".

"მითი ივანიშვილის წასვლაზე მითი აღმოჩნდა, გაზვიადებული აღმოჩნდა მისი დანაბარები. ეს მისი გადაწყვეტილებაა. "ოცნების" შიგნითაც ღარიბაშვილი აღიქმებოდა როგორც ივანიშვილის მოურავი, მისი არცთუ სუფთა ოცნების განმახორციელებელი და ისევ ის მოიყვანეს. ეს აჩვენებს, რომ "ოცნება" მთლიანად გამწვავებაზე მიდის. ვის უნდოდა შიგნით, ვის არ უნდოდა და როგორ ხედავს, ამას კალაძე ან კობახიძე, არ ვიცით, მაგრამ, როგორც ივანიშვილმა თქვა, ეს იქნება და მიდის კონფრონტაციაზე. მაგრამ ძალიან ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი, მათ შორის საერთაშორისო რეზონანსი, რეაგირება იქნება", - განაცხადა დარჩიაშვილმა.

ამასთან, კითხვაზე, რატომ არ წარადგინეს პრემიერობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე, დარჩიაშვილი ამბობს, რომ, სავარაუდოდ, ივანიშვილმა ვერ დაინახა შესაძლებლობა, რომ კობახიძის პრემიერობის შემთხვევაში მისი ნება აბსოლუტურად გატარდებოდა. მისივე თქმით, "აქცენტი აღებულია საქართველოს აქტიური მოქალაქეების იმ 10-15%-ზე, ვისაც ვერაფერი წარმოუდგენია ივანიშვილის მმართველობის გარდა".

"ალბათ, კობახიძეში ვერ დაინახა ის მიზანდასახულობა, რომ აბსოლუტურად გატარდებოდა ივანიშვილის ნება. ეს, შესაძლოა, მხოლოდ ვარაუდების თემა იყოს. ვფიქრობ, კობახიძეს უკეთ ესმის, რა არის საერთაშორისო კონტექსტი, ღარიბაშვილთან შედარებით მაინც. რას ეუბნებიან ელჩები. ამის მოსმენის მეტი უნარი აქვს ღარიბაშვილთან შედარებით. ღარიბაშვილს არავისი, გარდა ივანიშვილის მოსმენის უნარი არ აქვს",- განაცხადა დარჩიაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია გადადგა. გუშინვე "ქართულმა ოცნებამ" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა.

იხილეთ ვიდეო: