"იქნებ აგვიხსნათ, რატომ არის ასე უღმერთოდ ძვირი მედიკამენტები, პენსიონერები ლამის მთელს პენსიას აფთიაქში ტოვებენ" - ალეკო ელისაშვილი ეკატერინე თიკარაძეს მიმართავს - კვირის პალიტრა

"იქნებ აგვიხსნათ, რატომ არის ასე უღმერთოდ ძვირი მედიკამენტები, პენსიონერები ლამის მთელს პენსიას აფთიაქში ტოვებენ" - ალეკო ელისაშვილი ეკატერინე თიკარაძეს მიმართავს

კი, გაგიჟდნენ ბავშვები სახლში ყოფნით, უნდოდათ საჯარო სკოლებში წასვლა, მაგრამ ვაქცინაცია არ დაწყებულა, ვაქცინა შემოტანილი არ არის და ასე ღვთის ანაბარა გავუშვით ბავშვები ხომ?, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში, კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა, სადაც ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატ ეკატერინე ტიკარაძეს უსმენდნენ.

"მოქალაქეების" ლიდერმა მედიკამენტების ფასზეც ისაუბრა. მისი თქმით, მედიკამენტები „უღმერთოდ არის გაძვირებული და პენსიონერები მთელს პენსიას აფთიაქში ტოვებენ".

"კოვაქსის პლატფორმის გარდა, იყენებთ თუ არა რაიმე გზებს, ან საშუალებებს იმისათვის, რომ ვაქცინა მოვიპოვოთ? რატომ არ დაიჭირა თადარიგი თქვენმა უწყებამ და სამინისტომ, რომ ვაქცინა დროზე შემოგვეტანა? ისრაელის ნახევარ მოსახლეობაზე მეტი აცრილია და ამის შემდეგ დაიწყეს ქვეყნის გახსნა, ჩვენთან როგორ ხდება? კი, გაგიჟდნენ ბავშვები სახლში ყოფნით, უნდოდათ საჯარო სკოლებში წასვლა, მაგრამ ვაქცინაცია არ დაწყებულა, ვაქცინა შემოტანილი არ არის და ასე ღვთის ანაბარა გავუშვით ბავშვები ხომ? არ ვიცით როგორი შედეგები იქნება, ლოგიკური იქნებოდა, რომ პირიქით მომხდარიყო.

იქნებ აგვიხსნათ, რატომ არის ასე უღმერთოდ ძვირი მედიკამენტები, პენსიონერები ლამის მთელს პენსიას აფთიაქში ტოვებენ და გროშები რჩებათ, რომ წამლებთან ერთად იყიდონ საკვებიც. ვიცით უამრავი მაგალითი, რომ გვერდზე ქვეყნებში მედიკამენტები უფრო იაფი ღირს და ანალოგიური ღირს ჩვენთან გაცილებით ძვირი, რატომ ხდება ეს და რა შეიძლება, გაკეთდეს იმისათვის, რომ ასე ცეცხლი არ ეკიდოს მედიკამენტებს?", - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"