"გისმენდით და ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ახლა მოხვედით პირველად ხელისუფლებაში" - იოსელიანი ღარიბაშვილს - კვირის პალიტრა

"გისმენდით და ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ახლა მოხვედით პირველად ხელისუფლებაში" - იოსელიანი ღარიბაშვილს

გისმედით და ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ახლა მოხვედით პირველად ხელისუფლებაში. თუ ყველაფერი ასე მდორედ მიდიოდა, როგორც თქვით, იგივე მინისტრთა კაბინეტი რატომ წარმოგვიდგინეთ, ვინც ამ მდორე განვითარების ავტორია წლების განმავლობაში?- ამ კითხვით პარტია "მოქალაქეების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა.

იოსელიანის განცხადებით, ის რაც მთავრობის მეთაურობის კანდიდატმა წარმოადგინა, სადღეგრძელოა, რომელიც იმ საკითხებსაც კი აღარ შეიცავს, რომელიც წინა პროგრამებით იყო გაწერილი.

"ეს, რაც ახლა წარმოადგინეთ, ბოდიში ამ სიტყვებზე, მაგრამ არის სადღეგრძელო, ეს პროგრამა არ არის, არაფერი არ წერია აქ. ისიც კი არ წერია, რაც წინა პროგრამებში ეწერა. ბიზნესი ახსენეთ და წინა პროგრამა ითვალისწინებდა, რომ ბიზნესისთვის უნდა შექმნილიყო, მაგალითად, მარტივი რეგისტრაციის საშუალება, 2019 წლის პროგრამაში ეწერა ეს, უნდა განხორციელებულიყო საერთაშორისო სავაჭრო საარბიტრო პალატის ფუნქციონირება, რომელიც რაღაც რეგიონალური მნიშვნელობის უნდა ყოფილიყო იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს ნდობა არ აქვს ჩვენს ქვეყანაში. ეს ყველაფერი ამოღებულია ახლა. გისმედით და ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ახლა მოხვედით პირველად ხელისუფლებაში. თუ ყველაფერი ასე მდორედ მიდიოდა აქამდე, რაც თქვენი სიტყვებია, რომ მდორედ მიდიოდაო, იგივე მინისტრთა კაბინეტი რატომ წარმოგვიდგინეთ, ვინც ამ მდორე განვითარების ავტორია წლების განმავლობაში ?"- განაცხადა ლევან იოსელიანმა.

"ინტერპრესნიუსი"