"აქციების გარდა, ოპოზიცია „სირცხვილის კორიდორების” მოწყობას და პიკეტირებას გეგმავს" - კვირის პალიტრა

"აქციების გარდა, ოპოზიცია „სირცხვილის კორიდორების” მოწყობას და პიკეტირებას გეგმავს"

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, პარლამენტის მუშაობის პარალელურად, ოპოზიცია "სირცხვილის კორიდორების" მოწყობას და პიკეტირებას გეგმავს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ხვალიდან ისინი უწყვეტ საპროტესტო აქციებს იწყებენ.

"ხვალინდელი აქცია არის დასაწყისი უწყვეტი პროტესტის. პროტესტი ეხება პირველ რიგში, პოლიტპატიმრებს, რიგგარეშე არჩევნებს, მაგრამ უფრო ფართოდ დგას დღეს საკითხი. დღეს, საქართველოს გასაბჭოების და კომუნისტურ რესპუბლიკად ქცევის 100 წლის თავზე, კვლავ იგივე გამოწვევების წინაშე ვდგავართ. დღეს არამარტო 20% -ია ოკუპირებული, არამედ მე-11 არმია პირდაპირ გვყავს ხელისუფლებაში. დღეს, როგორც არასდროს, საქართველო ყველაზე მეტად დაემსგავსა რუსეთს და რა საზიზღრობებიც ხდება რუსეთში, ანალოგიური, სამწუხაროდ, ხდება საქართველოში ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან.

პროტესტი იქნება უწყვეტი, გაიშლება ბევრი კარავი. კარავი არ არის თვითმიზანი, ეს არის საშუალება გულანთებული პატრიოტებისთვის, რომ ცუდ ამინდში თავი შეაფარონ. პროტესტი იქნება სხვა ქალაქებშიც.

იქნება პიკეტები, "სირცხვილის კორიდორები", იქნება ასევე აქციები სხვადასხვა სამინისტროსთან, იმ სამინისტროებთან, რომლებიც გამოდიან როგორც "ოპრიჩნიკები" და არბევენ და ფეხქვეშ თელავენ ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას. რეგიონებშიც იქნება მანიფესტაციები და მსვლელობები. კონსტიტუციით გათვალისწინებული ყველა დაშვებული ხერხი იქნება გამოყენებული იმისთვის, რომ ჩვენ მივიდეთ რიგგარეშე არჩევნებამდე იმიტომ, რომ რიგგარეშე არჩევნები არის ერთადერთი გამოსავალი ამ პოლიტიკური კრიზისიდან. რიგგარეშე არჩევნები ნიშნავს პოლიტიკური დევნის შეწყვეტას და პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

პოლიტპატიმრების პირობებში ვერანაირი თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნები ვერ იქნება. ჩვენს თანამოქალაქეებს მინდა მოვუწოდო, ხვალ 13:00 საათზე ვიკრიბებით ფილარმონისთან და ყველა ერთად გავაგრძელებთ მსვლელობას. მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ დარჩენის. ჩვენ გადავდივართ უწყვეტი პოლიტიკური პროტესტის და დაუმორჩილებლობის ფაზაში",- განაცხადა უგულავამ.

"ინტერპრესნიუსი"