"ეკონომიკური კრიზისის დაძლევის გასაღები მედიცინაში ძევს"
"ცდილობენ, რაც შეიძლება მეტად შეაჯანჯღარონ ქვეყანა იმ იმედით, იქნებ რამეს გამორჩნენ. ამას ხედავს საზოგადოება, რომელსაც პოლიტიკური რევანშის სურვილი არ აქვს"
პოლიტიკური რყევების კვალდაკვალ კოვიდპანდემიით განპირობებული ეკონომიკური კრიზისი უფრო მწვავდება. ეკონომიკურ საფრთხეებზე, რომლებიც მუდმივ პოლიტიკურ რყევებს ახლავს თან, მით უფრო, კოვიდპანდემიის დროს, პროფესორი ლადო პაპავა საუბრობს.
- კოვიდპანდემიამ გლობალური ეკონომიკური კრიზისი ჩამოაყალიბა. კორონავირუსისგან თავის დაცვის ერთადერთი გზა თვითიზოლაცია აღმოჩნდა, რამაც ეკონომიკის მთელი რიგი სექტორების გაჩერება გამოიწვია. კრიზისი 2020 მარტიდან დაიწყო, მაგრამ ამას დაემატა რყევები, რომლებიც პოლიტიკურ პროცესებს მოჰყვა. იმ მიზეზით, რომ ქვეყანაში არჩევნები უნდა ჩატარებულიყო, ხელისუფლებამ რეგულაციები შეარბილა. ზაფხულში კოვიდრეგულაციები შემსუბუქდა აჭარაშიც, რადგან წინასაარჩევნო კამპანია დაწყებული იყო და მკაცრი შეზღუდვები ოპოზიციური ძალებისთვის ხელის შეშლად ჩაითვლებოდა. ამან კიდევ უფრო გაამწვავა ეპიდსიტუაცია და მივიღეთ ის, რომ არჩევნების შემდეგ ხელისუფლება იძულებული გახდა, კიდევ ერთხელ გაემკაცრებინა რეგულაციები, რის გამოც ეკონომიკამაც იზარალა - საქართველოს ეკონომიკა წინა წელთან შედარებით 6,1%-ით შემცირდა. ახლა ეპიდსიტუაცია შედარებით გაუმჯობესდა, ინფიცირებულთა ყოველდღიური მაჩვენებელი ტესტირებულთა 4%-ს მნიშვნელოვნად ჩამოსცდა, რაც კარგი შედეგია და პარალელურად, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორიც თანდათანობით გაიხსნა.
მთავარი ის არის, რომ პოლიტიკური კრიზისი მწვავდება მაშინ, როცა ქვეყანაში არც პანდემია დასრულებულა და მით უფრო, არც ეკონომიკური კრიზისი. ვფიქრობ, ამას ძალიან კარგად აცნობიერებს და კონკრეტულად სათავისოდ იყენებს კიდეც ოპოზიცია. სათავისოდ იმიტომ, რომ რაც უფრო მძიმე სიტუაცია იქნება ქვეყანაში, ხელისუფლებას მით მეტად გააკრიტიკებენ და ეს უკეთესია ოპოზიციისთვის. ეს ხომ აშკარაა. ოპოზიციის უმრავლესობის თუ არა, მისი ნაწილის ინტერესები მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლებაში მოსვლას ემსახურება. ამიტომ, რაც უფრო მძიმე სოციალური ფონი იქნება ქვეყანაში, რაც მეტი იქნება ეკონომიკური კრიზისით შექმნილი ვითარების გამო მოსახლეობის პროტესტი, ისინი უფრო მეტად მოგებულად ჩათვლიან თავს. თანაც ეს ხდება მაშინ, როცა კავკასიაში ახალი რეალობა გვაქვს. მართალია, ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ საქართველოსთვის ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა, თუმცა კეთდება განცხადებები, რომ გამოიყენებენ ახალ სატრანსპორტო დერეფანს, რომელიც აზერბაიჯანს სომხეთის გავლით თურქეთთან დააკავშირებს, მაგრამ უახლოეს მომავალში მისი ამოქმედება ნაკლებად სავარაუდოა, თუნდაც იმიტომ, რომ სომხეთში ფეთქებადსაშიში სიტუაციაა - სამხედროები პრემიერ-მინისტრს დაუპირისპირდნენ.
იმედია, მშვიდობით მოაგვარებენ შიგა პრობლემებს, თუმცა ერთი რამ აშკარაა - სომხეთს, როგორც სამხედრო კონფლიქტში წაგებულ მხარეს, რევანშის სურვილი, სავარაუდოდ, ყოველთვის ექნება. შესაბამისად, იმ დერეფნის ამოქმედება ჯერჯერობით ეფემერულია. ასე რომ, ამ სიტუაციაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოზე გამავალი დერეფანი, რომელიც აზერბაიჯანს თურქეთთან აკავშირებს, ნავთობ და გაზსადენი მილები, ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა, რომელშიც დიდი ინვესტიციებია ჩადებული.
ახლა თუნდაც ქვეყნის გარეთ არსებული მოცემულობა არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ აძლევს იმპულსურად მოქმედებების უფლებას - სტაბილურობა ძალზე მნიშვნელოვანია და ეს ყველამ უნდა გააცნობიეროს - საქართველოს სატრანზიტო ფუნქციას ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.
- არჩევნების შემდგომი არასტაბილური ვითარება ჩვენი არაკეთილმოსურნესთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის.
- დიახ, ასეა და ეს მძიმედ ურტყამს ბიზნესგარემოსაც. ოპოზიციას თავიდანვე ჰქონდა ჩანაფიქრი, თუ არჩევნებს ვერ მოიგებდა, რევოლუციურ სცენარზე გადაერთვებოდა, ოღონდ ეს შესაძლებელია მაშინ, როცა მასებსაც სურთ რევოლუციური ცვლილებები... ასე რომ, რა პოლიტიკური თამაშიც ოპოზიციამ შემოგვთავაზა, სახელმწიფო ინსტიტუტების რყევასა და მის შემდგომ დასუსტებაზეა გათვლილი. ბატონ ნიკა მელიას სასამართლომ შესაბამისი სასჯელი არჩევნებამდე კარგა ხნით ადრე გამოუტანა და მან გირაოს თანხაც გადაიხადა - ანუ აღიარა განაჩენი და სამაჯურიც გაიკეთა. თუმცა არჩევნების შემდეგ ოპოზიციამ რომ ვერ გაიმარჯვა, პოლიტიკური ტემპერატურის ასაწევად სამაჯური საჯაროდ მოიხსნა, ანუ მთავრობა გამოიწვია - განაცხადა, ვერ დამიჭერთო. გათვლა იმაზე იყო, თუ ვერ დაიჭერდნენ, სათქმელი ექნებოდათ, ნახეთ, რა უნიათოა მმართველი გუნდი, თუ დამნაშავე ვარ, რატომ ვერ მიჭერენო. თუ დაიჭერდნენ, იტყოდა, პარტიის ლიდერი დაიჭირეს, ქვეყანა დიქტატურის გზით მიდისო. არადა, ლაპარაკია დანაშაულზე, რომელიც მან აღიარა, როცა გირაოც გადაიხადა და სამაჯურიც გაიკეთა.
დანარჩენი გათვლილია იმაზე, რომ საზოგადოება აიტაცებს, მელია დაჩაგრულია, უნდა გამოუშვან და ვადამდელი არჩევნებიც უნდა ჩატარდესო. თუმცა მათი გეგმა მხოლოდ იმ შემთხვევაში შესრულდება, თუ მათ უკან ხალხი დადგება, რაც, საბედნიეროდ, არ ხდება. შესაბამისად, იქნება მუდმივი რყევები, აქციები, რაც ქვეყანას სიკეთეს არ მოუტანს. ოპოზიცია, რომელიც პოლიტიკურად წაგებულია, ელოდება, როდის დაუშვებს ხელისუფლება მეტ-ნაკლებად სერიოზულ შეცდომას და ხალხი გამოვა ქუჩაში ეკონომიკური სიდუხჭირის გამო. 2003 წელს "ვარდების რევოლუციას" წინ უძღოდა წლების განმავლობაში გადაუხდელი პენსიები და ხელფასები, ჩაბნელებული და გაყინული საქართველო. ახლა სხვა რეალობაა და ცდილობენ, რაც შეიძლება მეტად შეაჯანჯღარონ ქვეყანა იმ იმედით, იქნებ რამეს გამორჩნენ. ამას ხედავს საზოგადოება, რომელსაც პოლიტიკური რევანშის სურვილი ნამდვილად არ აქვს... ხელისუფლება თუ პრინციპულ შეცდომებს არ დაუშვებს, ამ პანდემიის პირობებშიც ეკონომიკის დაჭერას შეძლებს.
- ეკონომიკური ვარდნის კვალდაკვალ, ლაპარაკია ინვესტიციების მკვეთრ შემცირებაზე.
- პანდემიის გამო მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც ისედაც შეჩერებულია ინვესტიციების შემოდინება, ამას ემატება არასტაბილური პოლიტიკური ვითარებაც. ახლა მსოფლიოში საინვესტიციო პოტენციალი შემცირებულია, პოლიტიკურად სტაბილური ვითარებაც რომ იყოს, ინვესტიციები, იმ ოდენობის, რაც გასულ წლებში შემოდიოდა, მაინც ვერ შემოვა, რადგან შესაბამისი წყაროებია შემცირებული. გარდა ამისა, პანდემიის დროს მათი განხორციელება, როგორც წესი, არ ხდება. სანამ მსოფლიოში პანდემია არ დასრულდება, ეკონომიკური კრიზისი გაგრძელდება. ეკონომიკური კრიზისის დაძლევის გასაღები მედიცინაში ძევს. მთავრობის ამოცანაა დროულად მოგვარდეს ვაქცინაციის პრობლემა, პარალელურად, მნიშვნელოვანია ინფიცირებულთა მკურნალობა, რადგან სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე მაღლა არაფერი დგას. ხელისუფლება უნდა დაეხმაროს შეჭირვებულ მოსახლეობას კომუნალური გადასახდელების დაფარვაშიც და რაც მთავარია, ხელი შეაშველოს ბიზნესს, რათა ამ პანდემიის გამო საბოლოოდ არ გაკოტრდნენ და ბაზრიდან გასვლა არ მოუწიოთ... ხელისუფლების ეკონომიკური პოტენციალი შეზღუდულია, რადგან ეკონომიკურად სუსტად განვითარებული ქვეყანა ვართ, ამან განაპირობა საგარეო ვალის გაზრდაც. როდესაც ეკონომიკური ვარდნაა, მის შესამსუბუქებლად რაღაც რესურსი ხომ უნდა არსებობდეს?! ვფიქრობ, სწორი ხედვა წარმოადგინა პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის განვითარების ათწლიან სტრატეგიასთან დაკავშირებით.
- იმ რეალობაშიც, როცა პრემიერები ასე სწრაფად იცვლებიან? - სწორედ იმის გამო ვართ ამ იწილობიწილოში, რომ გრძელვადიანი განვითარების ხედვა არ გაგვაჩნია. "საქართველოს სოციალური და ეკონომიკური განვითარების სტრატეგია - 2020", რომელიც 2014 წელს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაამტკიცა და რომლის შემუშავებაში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუციები და ქართველი ეკონომისტები მონაწილეობდნენ, მისი პრემიერობიდან წასვლის შემდეგ მიივიწყეს.
ახლა პანდემიის რეალობაში ვცხოვრობთ და ძველის პრინციპული შინაარსობრივი გადამუშავებაა საჭირო. მხოლოდ ტურიზმით ფეხზე ვერასდროს დავდგებით, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის სამომხმარებლო სასურსათო კალათაში 80% იმპორტული საქონელია. ტურისტსაც იმავე კალათას ვახვედრებთ, ანუ მისი დახარჯული 100 დოლარიდან 80 იმპორტზე მიდის, დარჩენილი 20 დოლარით კი ეკონომიკა ვერ განვითარდება.