შავ ზღვაში ნატომ "პოსეიდონი" "შემოუშვა"... რუსები კუდში დასდევენ...
შავ ზღვაში ნატომ "პოსეიდონი" "შემოუშვა"... რუსები კუდში დასდევენ...
27 თებერვალს ნატომ შავი ზღვის აკვატორიაში მრავალეროვნული საზღვაო სწავლება დაიწყო "პოსეიდონი-21"-ის სახელწოდებით, რომელიც 6 მარტამდე გასტანს.
ოფიციალური მონაცემებით მასში რუმინეთის, ბულგარეთის, საბერძნეთის, ესპანეთის, საფრანგეთის, თურქეთისა და აშშ-ების 700-მდე სამხედრო მოსამსახურემ უნდა მიიღოს მონაწილეობა ხმელეთზე, ჰაერში და ზღვაზე. სწავლებაში ჩართულია სხვადასხვა რანგის 13 სამხედრო ხომალდი, 9 თვითმფრინავი, წყალქვეშა რობოტი და პიროტექნიკით დატვირთული ერთი ავტომობილი.
როგორც ხედავთ, ეს საზღვაო სწავლება არც მასშტაბებით და არც ამოცანებით (საზღვაო ნაღმების გაუვნებელყოფა და მწყობრიდან გამოსული მცურავი საშუალებების ბუქსირება) დიდად არ გამოირჩევა და შეიძლება, არც ღირდა მასზე ყურადღების გამახვილება, მაგრამ შავიზღვისპირა კიდევ ერთ ქვეყანაში - რუსეთში თითქმის ისტერიკა გამოიწვია ნატოს ხომალდების მორიგმა შემოსვლამ შავ ზღვაში.
რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სერიოზული გადაიარაღების დაწყების შემდეგ, (რაშიც გარკვეული "ბრალი" 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომსაც მიუძღვის, რომლის დროსაც გამოჩნდა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ძალიან ბევრი ნაკლი, რომელსაც საქართველოზე უფრო ძლიერი ქვეყანა თავის სასარგებლოდ გამოიყენებდა) კრემლში ფაქტობრივად თვლიან, რომ შავი ზღვა თითქოს უკვე მხოლოდ რუსეთს "ეკუთვნის" და არაშავიზღვისპირა ქვეყნების ხომალდებს აქ არაფერი ესაქმებათ.
არადა, შავი ზღვისპირა ექვსი ქვეყნიდან სამი - თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრია, ორი - საქართველო და უკრაინა კი ნატოს აქტიური პარტნიორი. მიუხედავად ასეთი დისბალანსისა, ყველაზე რეალურ ძალას დღეისათვის მაინც რუსეთის შავი ზღვის ფლოტი ფლობს, რომელსაც ზურგს უმაგრებს შავ ზღვაში "შეჭრილი" "ჩაუძირავი ავიამზიდი" - რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულიც.
გაძლიერებულ რუსეთის ფლოტს შავ ზღვაში ნატომ შეიძლება მხოლოდ თურქული ფლოტი თუ დაუპირისპიროს, რადგან ალიანსის დანარჩენი ორი შავიზღვისპირა ქვეყნის - რუმინეთისა და ბულგარეთის სამხედრო-საზღვაო ძალების საბრძოლო შესაძლებლობები მიზერულია. თუმცა, ერდოღან-პუტინის "უცნაური" ურთიერთობების ფონზე (სირიის, ლიბიისა და ყარაბაღის მაგალითებიდან გამომდინარე) და ტრამპის მიერ ანკარასთან თანამშრომლობის თითქმის "ჩაშლის" გათვალისწინებით, ჯერ კიდევ საკითხავია ერდოღანის თურქეთი შავ ზღვაში რა პოზიციას დაიკავებს... ნატოს არ გააჩნია იმის სახსრები, რომ მისი წევრების - რუმინეთისა და ბულგარეთის სამხედრო-საზღვაო ძალები მნიშვნელოვნად გააძლიეროს, თუმცა რუმინეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ანტისარაკეტო სისტემის შექმნა, სადაზვერვო უპილოტოებისა და საბრძოლო თვითმფრინავების განთავსება.
შავი ზღვა საუკეთესო მარშრუტია იმისთვის, რომ ნატომ გაიძლიეროს თავისი პოზიციები ასევე უკრაინასა და საქართველოში, რაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელებს შეეძლოთ ორი ათეული წლის წინაც დაეწყოთ, მაგრამ მაშინ ნატომ ძირითადი სახსრები ავღანეთისკენ მიმართა, საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის ეგიდით და შედეგი? როგორც მიჰყავდათ "აღლუმი" ავღანეთში თალიბებს, თითმის ისეა დღეს და მათ "ალ-ქაიდაც" დაემატა, ხოლო ნატოს მილიარდები, ფაქტობრივად, წყალში იქნა გადაყრილი, რადგან ალიანსის მიერ წლების განმავლობაში დაფინანსებული და შეირაღებული ავღანეთის ხელისუფლების არმია და პოლიცია მაინც ვერ გაუმკლავდება მარტო თალიბანს, თუკი ნატოს წევრი და არაწევრი ქვეყნები (მათ შორის საქართველოც) სამხედრო კონტინგენტებს მთლიანად გამოიყვანენ ავღანეთიდან.
შავ ზღვაში, საზღვაო სწავლებაში მონაწილე ნატოს ხომალდებს აჩრდილივით აედევნენ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სადაზვერვო მცურავი საშუალებები, რუსეთის სამხედრო ავიაცია კი ამერიკული თუ ესპანური ხომალდების გემბანებთან საშიშ სიახლოვეზე დაფრინავს...
პ.ს. რუსეთში ძალიან გაუხარდათ, როდესაც გაიგეს,რომ ბოლო მომენტში ბულგარეთმა უარი თქვა "პოსეიდონი-21"-ში მონაწილეობაზე, რადგან მათი ხომალდის ეკიპაჟში კორონავირუსის ხუთი შემთხვევა დაფიქსირდა.