აშშ მსო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით რუსეთსა და საქართველოს შორის შუამავლობაზე უარს ამბობს
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით, მოსკოვსა და თბილისს შორის შუამავლის როლის შესრულებაზე აშშ უარს ამბობს"მსო-ს შესახებ მოლაპარაკებები რუსეთთან სხვა პოლიტიკური დავების დარეგულირების მექანიზმი არ არის". - ეს განცხადება ბარაქ ობამას მთავარმა მრჩეველმა, რუსეთის საკითხებში მაიკლ მაკფოლმა გააკეთა. მისი თქმით, ამერიკის პრეზიდენტი ამ პრობლემის მოგვარებით დაინტერესებულია, თუმცა საკითხის პოლიტიზირების წინააღმდეგია და არ აპირებს რომელიმე ქვეყანას მხარი დაუჭიროს ან ზეწოლა მოახდინოს.
თუ რით იყო განპირობებული ობამას ასეთი პოზიცია ამ კითხვით ექსპერტს ეკონომიკის საკითხებში, გია ხუხაშვილს მივმართეთ.
- ობამას პოზიცია სრულიად ლოგიკურია. მან ქართულ მხარეს მიანიშნა, რომ არ შეიძლება საკუთარი პრობლემის გადაწყვეტის მიზნით წარმოუდგენელი რამ მოითხოვო. ქართული მხარე რუსეთ-აფხაზეთის საზღვრების გაკონტორლებას მოითხოვს. როგორც მოგეხსენებათ, რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე ქართველი მესაზღვრეები არ იმყოფებიან, რადგან მათ იქ არ უშვებენ, საქართველო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საღვარზე კი მათი განლაგებას თბილისი ეწინააღმდეგება, რათა ამგვარად საზღვრის ფაქტობრივი აღიარება არ მოხდეს.
შედეგად, რუსული პროდუქციის მოხვედრა ჯერ აფხაზეთში, შემდეგ კი საქართველოს შიგნით, საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშეც შესაძლებელია. მე თუ მკითხავთ, ქართული მხარის მოთხოვნა სამართლიანია, მაგრამ რადგან რუსეთს უკვე აღიარებული აქვს აფხაზეთის დამოუკიდებლობა ამის გაკეთება შეუძლებელია.
ყველაფერს აქვს თავისი ფასი. ქართული მხარე საქონელში იმაზე მეტ ფასს ითხოვს, ვიდრე ღირს. რუსული მხარე კი ცდილობს, რაც შეიძლება ნაკლები გადაიხადოს. მხარეები "საქონლის" ფასზე ვერ თანხმდებიან. ამერიკელები ხედავენ, რომ მხარეები არადეკვატურები არიან და განზე დგომას არჩევენ.
- რა ფასი შეიძლება გადაიხადოს რუსეთმა იმისთვის, რომ "მსო"-ში გაწევრინებისთვის საქართველოს თანხმობა მიიღოს?
- ეს შეიძლება იყოს ქართულ პროდუქტისთვის რუსული ბაზრის გახსნა, მაგრამ ეს საკმარისი არ იქნება. ამ შემთხვევაში რუსეთი ძალიან იაფად გამოვა. აუცილებლად უნდა მოგვარდეს დევნილებთან დაკავშირებული პრობლემები. ვფიქრობ, ამაზე რუსეთი წამოვა.
გვინდა თუ არა, უნდა გავითვალისწონთ, რომ მთელი სამყარო დაინტერესებულია რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებით. ამ ორგანიზაციის წევრობა მხოლოდ უფლებებსა და პრივილეგიებს კი არა, ვალდებულებების შესრულებასაც გულისხმობს. ოფიციალურმა მოსკოვმა განცხადა, რომ ვაჭრობაში წესებს მხოლოდ მას შემდეგ დაიცავს, რაც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი გახდება. ამით ყველას მიანიშნა, - თქვენივე ინტრესებში შედის, რომ მე სავაჭრო ორგანიზაციის წევრი გავხდეო.
ამ რეალობიდან გამომდინარე, საქართველოს პოზიცია საკმაოდ დიდ დისკმფორტს უქმნის მისივე პარტნირებს. ფეხების გაფიჩინებით საკითხები არ წყდება. სამყარო ბევრად უნფრო მკაცრია, ვიდრე ჩვენს ხელისუფლებას ჰგონია.
- როგორ ფიქრობთ, ასეთ პრინციპულობას საქართველოს ხელისუფლება მაშინ რატომ არ ავლენს, როდესაც ჩვენი ქვეყნის ენერგობეკრეტებს რუსეთს, ჩვენივე ნებით ვუგდებთ ხელში?
სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული "ხრამი-2"-ის აქციათა 100% რუსეთის სახელმწიფო კომპანიის "ინტერ რაო ეესის" საკუთრებაში გადადის.
- ეს ჩემთვისაც ძალიან გაუგებარი ამბავია. სააკაშვილის ხელისუფლების პოზიციები საკმაოდ არალოგიკური და პარადოქსულია. როდესაც მთელი ქვეყნის ენრგეტიკას რუსეთს აბარებ და საბაჟო საკითხებთან დაკავშირებით ედავები, არასერიოზულ იმიჯს იქმნი. საკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენელთა ქცევები და განცხადებები ლოგიკას არ ექვემდებარება.
ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)