„ქართული ოცნება" შეეჩვია არჩეული ადამიანების გამოგდებას სხვადასხვა ორგანოდან" - კვირის პალიტრა

„ქართული ოცნება" შეეჩვია არჩეული ადამიანების გამოგდებას სხვადასხვა ორგანოდან"

ქობულეთის საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" ორი წევრისთვის - ბონდო თედორაძისა და მამული სურმანიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით, პარლამენტის წინ განცხადებები თავად ბონდო თედორაძემ და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ხაბეიშვილმა გააკეთეს.

"მე და საკრებულოს კიდევ ერთ წევრს, მამული სურმანიძეს შეგვიწყვიტეს უფლებამოსილება მხოლოდ იმიტომ, რომ ქუჩაში, პარლამენტის შენობის წინ ვაპროტესტებ მოპარულ არჩევნებს და ვებრძვი გავრილოვის კანონებს ჩვენს ქვეყანაში. სწორედ ეს ჩათვალა ქობულეთის კორუმპირებულმა ადგილობრივმა თვითმმართველობამ საკრებულოდან გამოშვების მიზეზად, რომლის თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი გამოირჩევა კორუფციული გარიგებებით. მე ვარ გარეთ და ვაპროტესტებ უსამართლობას. მე მინდა მოვუწოდო ყველას, რომ საკრებულოში ასეთი მიდგომები მხოლოდ მათი კისრის მოტეხვის წინაპირობაა. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და სამართალთან კავშირი არ აქვს" - , განაცხადა თედორაძემ.

ლევან ხაბეიშვილმა კი აღნიშნა, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზად უმრავლესობამ სხდომების გაცდენა დაასახელა.

"ის, რაც მოსკოვში მიუღებელი იქნებოდა, ოფიციალურ თბილისში მისაღებია. "ოცნება" შეეჩვია არჩეული ადამიანების გამოგდებას სხვადასხვა ორგანოდან. ნიკა მელიას ორჯერ შეუჩერეს მანდატი და იგივეს აკეთებენ ახლა რეგიონებში. ადგილობრივ თვითმმართველობაში ხალხის მიერ არჩეული საკრებულოს წევრებს გვიგდებენ საკრებულოდან. არჩევენ ყველაზე აქტიურ ადამიანებს, რომლებიც აპროტესტებენ უსამართლობას და არჩევნების გაყალბებას", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

მისი თქმით, აქვს კონკრეტული დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს, რომ ხალხის მიერ არჩეული ქობულეთის საკრებულოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრ ბონდო თედორაძეს უფლებამოსილება შეუწყვიტეს და "გამოაგდეს წარმოუდგენელი რეგვენული მიზეზით, რომ თურმე ის 6 თვეა არ გამოჩენილა სხდომებზე".

"მივმართავ სახალხო დამცველს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, შეისწავლონ ეს დოკუმენტი", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"