შვეიცარიელი რძლის ბიომეურნეობა საქართველოში
"ბიომეურნეობაში მოდის თხილი, ნიგოზი და რამდენიმე სახეობის ხორბალი. თავიდან ჩვეულებრივი ხორბალი მოგვყავდა, მერე წითელი დოლი დავთესეთ, ძველისძველი ქართული ჯიშებიც ვცადეთ და ვაკვირდებით, იმ ადგილას რომელი ჯიში უფრო კარგად გაიხარებს. ვცდილობთ უძველესი ჯიშები აღვადგინოთ და გავაცოცხლოთ - ეს ხომ ქართული კულტურული მემკვიდრეობაა"
ბარბარა ჯიმელი შვეიცარიაში, ქალაქ ბერნში დაიბადა და გაიზარდა. ბავშვობაში ვინმეს რომ ეთქვა, კავკასიაში იცხოვრებო, ძალიან გაუკვირდებოდა, თუმცა ბედისწერამ საქართველოში ჩამოიყვანა, ოჯახიც ქართველ მეუღლესთან შექმნა და დღეს ოთხი შვილის დედაა. ბარბარამ ექვსი ენა იცის და პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა, ამბობს, რომ მისი საყვარელი საქმე მასწავლებლობაა, თუმცა სოფლის მეურნეობითაც არის გატაცებული. სწორედ ამიტომ რამდენიმე მეგობართან ერთად ლაგოდეხის რაიონში ბიომეურნეობა შექმნა. როგორ წამოიწყო ეს საქმე და რას მიიჩნევს ქართველი ფერმერების მთავარ პრობლემად, ამის შესახებ ბარბარა თავად გვიამბობს.
- თქვენი შეფასებით, რატომ არ უწევთ შვეიცარიელ ფერმერებს, ქართველების მსგავსად, ემიგრაციაში წასვლა?
- იყო დრო, როცა ხალხს შვეიცარიაშიც უჭირდა და მოსახლეობა ემიგრაციაში მიდიოდა, თუმცა იქაურმა ფერმერებმა ევროპის ბაზარზე დასამკვიდრებლად ძალიან კარგი გზა იპოვეს: მათ შენიშნეს, რომ ბიოლოგიურად სუფთა პროდუქცია მთელ ევროპაში პოპულარული ხდებოდა და თვითონაც ამგვარი პროდუქციის წარმოება წამოიწყეს. ეს დაახლოებით 20-25 წლის წინ დაიწყო. თავიდან რამდენიმე დიდი სუპერმარკეტი გახსნეს, რომელიც კლიენტურას ბიოპროდუქციას სთავაზობდა. სახელმწიფოც ძალიან ეხმარებოდა ხალხს, რომელიც ასეთ პროდუქტს აწარმოებდა, და დღეს შვეიცარიაში უკვე რამდენიმე რაიონია, სადაც ბიომეურნეობების რიცხვი ჩვეულებრივი მეურნეობების რიცხვს აჭარბებს.
შვეიცარიელი ფერმერების შედარება ქართველ ფერმერებთან ცოტა რთულია. 70-წლიანმა კომუნისტურმა ეპოქამ დიდი წყვეტა გამოიწვია. ის ცოდნა და მდიდარი ტრადიციები, რომელიც აქაურ გლეხებს ჰქონდათ და თაობიდან თაობას გადაეცემოდა, დაიკარგა. რა თქმა უნდა, აგრარულ სექტორზე ამან ცუდად იმოქმედა.
- მოგვიყევით თქვენი ბიომეურნეობის შესახებ.
- ჩვენი ბიომეურნეობა ლაგოდეხის და ყვარლის რაიონების საზღვართან მდებარეობს. ის დაახლოებით 100 ჰექტარს მოიცავს, თუმცა ჯერ მხოლოდ ნახევარს ვამუშავებთ. როცა ეს მიწა ვიყიდეთ, მოუვლელი და გაპარტახებული იყო. 3-4 წელიწადი დაგვჭირდა, რომ იქ მიწა გაგვეუმჯობესებინა. ამ მიზნით ჯერ იონჯა დავთესეთ, რომელიც ნიადაგს ამდიდრებს და ანოყიერებს. ამის შემდეგ ნელ-ნელა დავიწყეთ ბიოდინამიკური პრინციპით პროდუქციის მოყვანა. ახლა ბოსტნეული, ხილი და მარცვლეული მოგვყავს. არანაირ შხამქიმიკატს არ ვიყენებთ. თუ ერთ წელიწადს მინდორში სიმინდი გვაქვს დათესილი, რომელიც ნიადაგიდან ბევრ საკვებს იღებს, მერე სიმინდს აღარ ვთესავთ, რომ ნიადაგი არ გამოიფიტოს. ასევე ვიქცევით ბოსტნეული კულტურების მოყვანის დროსაც - პამიდვრის მერე სალათა ან ლობიო მოგვყავს. ლობიოს აღების შემდეგ ნიადაგი იმდენად არის განოყიერებული, შეიძლება ყაბაყი, ბადრიჯანი და სხვა ბოსტნეული მოვიწიოთ.
- რეალიზაციას სად ახერხებთ? - ჩვენი პროდუქცია რამდენიმე ბიომაღაზიაში შეგვაქვს. გვყავდა მუდმივი კლიენტურაც, რომელსაც ჩვენს პროდუქტებს ყოველკვირეულად ვაწვდიდით. კარანტინის დროს ეს ურთიერთობა შეწყდა და ახლა მხოლოდ მაღაზიებს ვამარაგებთ. სხვათა შორის, 2019 წელს მოგვცეს სერტიფიკატი, რომ საქართველოში ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი პირველი ბიომეურნეობაა. ასეთი მრავალდარგიანი მეურნეობა ჩვენში ცოტაა. სხვათა შორის, ჩვენს სიმბოლოდ ოფოფი ავირჩიეთ.
- რატომ?
- პირველად რომ ადგილზე ჩავედით, იქ ოფოფი დაგვხვდა. ეს ფრინველი შვეიცარიაში თითქმის აღარ არსებობს, რადგან ბოლო ათწლეულებში სოფლის მეურნეობა იქ ძალიან განვითარდა. ოფოფი მხოლოდ იმ ადგილებში ცხოვრობს, სადაც ეკოსისტემა წესრიგშია. სხვა ადგილას ეს ფრინველი არ გაჩერდება.
გამოგიტყდებით: ამ მეურნეობის შექმნით დიდი ხნის ჩანაფიქრი და ოცნება ამისრულდა. მერე უკვე კომპანიაც დავაარსეთ და ვიპოვეთ კაცი, რომელიც აქაურობას თვალისჩინივით უვლის.
- ხეხილის გაშენებას დიდი ხანი დასჭირდა?
- არა, თავიდანვე ბევრი ხეხილი დაგვხვდა. მერე ჩირის საწარმოც გავხსენით, რაც ევროკავშირის თანადაფინანსებით მოვახერხეთ. შვეიცარიული ტექნოლოგიითა და ქართული ნედლეულით უგემრიელეს ჩირს ვამზადებთ. ხილი დაბალ ტემპერატურაზე შრება და ვიტამინებს, ფერს, გემოს - ყველაფერს ინარჩუნებს. იქვე მოდის თხილი, ნიგოზი და რამდენიმე სახეობის ხორბალი. თავიდან ჩვეულებრივი ხორბალი მოგვყავდა, მერე წითელი დოლი დავთესეთ, ძველისძველი ქართული ჯიშებიც ვცადეთ და ვაკვირდებით, იმ ადგილას რომელი ჯიში უფრო კარგად გაიხარებს. ვცდილობთ უძველესი ჯიშები აღვადგინოთ და გავაცოცხლოთ - ეს ხომ ქართული კულტურული მემკვიდრეობაა.
- როგორ წარმოგიდგენიათ ბიომეურნეობა 4-5 წლის შემდეგ?
- ჩვენი საბოლოო მიზანი რძის პროდუქტების წარმოებაა, ზოგს ჰგონია, რომ იყიდის რამდენიმე ძროხას და რძის პროდუქტებს ძალიან ადვილად აწარმოებს. თუ ბიოპროდუქციის მიღება გსურს, საქმე უფრო რთულადაა: ძროხას კარგი კვება სჭირდება, ჩვენ გვინდა კარგი ხარისხის, ბიოლოგიურად სუფთა რძე გვქონდეს, ამისათვის კი ჩვეულებრივ პირობებში გაზრდილი ძროხა არ გამოდგება. ბიომეურნეობა ნიშნავს, რომ იქ პირუტყვი ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციით იკვებება, ნიადაგის გასანოყიერებლადაც ბუნებრივი სასუქია საჭირო. საძოვრებიც უნდა გვქონდეს, რადგან ხომ შეიძლება პირუტყვმა ბალახი ისეთ ადგილას მოძოვოს, სადაც შხამქიმიკატებია? ევროპაში ამ ყველაფერს დიდ ყურადღებას აქცევენ.
- თქვენი ბიონაწარმი ექსპორტზე თუ გაგაქვთ?
- გერმანიასა და შვეიცარიაში გაგვაქვს ხორბალი და ჩირი. ბოსტნეული მალფუჭებადია და იმდენიც არა გვაქვს, რომ გავიტანოთ. ევროპაში ბიომეურნეობებს შორის დიდი კონკურენციაა: იქ ზოგი მეცხოველეობას მისდევს, ზოგი მებოსტნეობას. მართალია, შვეიცარიას ევროკავშირი ჰყავს მეზობლად და ეს კარგია, მაგრამ მეორე მხრივ, ევროპის სხვა ქვეყნებშიც ძალიან დიდი მეურნეობები და ფერმებია, რაც დიდ კონკურენციას ქმნის. ამის გამო შვეიცარიაში ფერმები ყოველდღე იხურება. ვისაც ინოვაციური მიდგომა არა აქვს, ვინც კარგად არ მუშაობს, ძალიან უჭირს კონკურენციის გაძლება. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ძალიან ეხმარება, მძაფრ კონკურენციას ერთეულები უძლებენ.
- სპეციალისტები ხშირად ამბობენ, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობა ბიზნესად ვერ იქცა და ამიტომ ვერ განვითარდა. თქვენც ასე ფიქრობთ? - ეს კომპლექსური პრობლემაა და მის გამოსწორებას პოლიტიკური ნება სჭირდება, თუმცა შეუძლებელი არაფერია. რაც მთავარია, მოთხოვნა ბიოპროდუქტზე საქართველოშიც არის. ჩვენ, მაგალითად, ყველაფერს ვყიდით, რეალიზაცია ნამდვილად არ გვიჭირს. რომ ვაკვირდები,
საქართველოში ოჯახებს პატარა მიწის ნაკვეთი და ოჯახური მეურნეობა აქვთ და ყველაფერს ძველი, ტრადიციული მეთოდებით აკეთებენ მაშინ, როცა ეს საქმე სიახლეების ცოდნას და სწრაფად ათვისებას მოითხოვს.
ჩვენ სულ ვსწავლობთ, ახალ-ახალ გამოცდილებაზე ვმუშაობთ. ახალ-ახალი მეთოდები აგრარულ სფეროში სულ შემოდის და მათ ფეხი უნდა ავუწყოთ. მართალია, იმ ინვესტიციის ამოღება ჯერ ვერ მოვახერხეთ, რაც ჩავდეთ, მაგრამ ჩვენი მეურნეობა თავის თავს ინახავს და ეს დასაწყისისთვის ცუდი არ არის.
- ამბობენ, ქართველი ფერმერები ზარმაცები არიანო. თქვენც ასე ფიქრობთ? - ვერ დაგეთანხმებით, უბრალოდ, ამ დარგში მოგების მიღებას უფრო მეტი დრო სჭირდება, ზოგს კი უნდა მოგება სწრაფად მიიღოს. მარტო საქართველოში ხომ არ არის ასე? - თანამიმდევრული შრომა, დაგეგმვა და გათვლების გაკეთება ყველას არ შეუძლია. ამ ყველაფრის გარეშე აგრარული სექტორი ვერ განვითარდება. ისევ და ისევ განათლებამდე მივდივართ. კოლეჯები არსებობს, მაგრამ იქ არ ასწავლიან, ადამიანმა თავისი პატარა მიწის ნაკვეთი როგორ გამოიყენოს ისე, რომ მომგებიანი გახადოს.
თუ ფერმერს ცოდნა არა აქვს, არაფერი გამოუვა, ამაში სახელმწიფომაც ხელი უნდა შეუწყოს.
- როგორც ვიცი, თბილისშიც ძალიან დაკავებული ხართ, როგორ ახერხებთ ბიომეურნეობას მიხედოთ? - გამოგიტყდებით, ყოველთვის ვერ ვახერხებ ჩასვლას, მაგრამ იქ საიმედო ადამიანი მეგულება, მე მარკეტინგსა და სტრატეგიის დაგეგმვაში ვეხმარები. გარდა ამისა, გადაწყვეტილი გვაქვს სასწავლო ცენტრი გავხსნათ, სადაც ბავშვები ისწავლიან, მოსავალი როგორ მოიწიონ და ბიოლოგიურად სუფთა პროდუქცია აწარმოონ.
- რას ურჩევთ ქართულ ოჯახებს, რომლებსაც მიწის ნაკვეთები აქვთ, მაგრამ შემოსავალს ვერ იღებენ?
- ადამიანმა თვითონ უნდა იპოვოს ძალა, რომ თავისი საქმე გულით აკეთოს, სიახლეებს არ ჩამორჩეს და სათანადო ცოდნა მიიღოს. ბოლოს და ბოლოს, განსხვავებული პროდუქცია მოიწიოს. თუ ათი მეზობლიდან ათივეს კიტრი და პამიდორი მოჰყავს, მოგებას ვერც ერთი ოჯახი ვერ მიიღებს. რაღაც სხვა უნდა მოიფიქროს. ჩვენც ასე მოვიქეცით: მარტო ხორბალს კი არა, ფქვილსა და პურსაც ვყიდით და ა.შ. ძალიან კარგია კლიენტებთან სიახლოვეც: როცა კლიენტი გენდობა და იცის, რომ ხარისხიანი პროდუქცია მოგყავს, მზად არის უფრო მაღალი ფასი გადაიხადოს.
ნდობასა და პირად კონტაქტებს ამ სფეროში დიდი მნიშვნელობა აქვს. ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოება საქართველოსთვისაც პერსპექტიული საქმეა, მომგებიანი, რომელიც დაგვეხმარება ევროპის ბაზარზე დამკვიდრებაში.
ხათუნა ჩიგოგიძე