"პირბადის ტარების მაჩვენებელი 43%-ზე ჩამოვიდა" - კვირის პალიტრა

"პირბადის ტარების მაჩვენებელი 43%-ზე ჩამოვიდა"

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, პირბადის ტარების მაჩვენებელი 43%-ზე ჩამოვიდა.

ამასთან, როგორც გამყრელიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინზე განაცხადა, სწორედ პირბადის ტარების მაჩვენებლის შემცირებასთანაა გარკვეულწილად დაკავშირებული ინციდენტობის მაჩვენებელი, რომელიც ბოლო 4 დღის განმავლობაში გაიზარდა.

"დადებითობის და ინციდენტობის მაჩვენებელი ორი თვის განმავლობაში თანდათანობით იკლებს, თუმცა საგულისხმოა, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში დადებითობა მერყეობდა 1.5 – 1.8 ფარგლებში, ხოლო ინციდენტობა 8-ის და 10-ის ფარგლებში. ბოლო 4 დღის განმავლობაში ამ მაჩვენებლით გვაქვს ოდნავ ზესვლა. ეს ასევე უკავშირდება პირბადის ტარების მაჩვენებელს. ჩვენ ვიყავით თითქმის 75%-ზე, შემდეგ 66%-ზე ჩამოვედით, გუშინდელი მონაცემებით კი 43%-ია.

პირბადე ერთ-ერთი მთავარი დაცვის საშუალებაა, როდესაც ქვეყანაში შემსუბუქების რამდენიმე ეტაპი მოვიტოვეთ. შესაძლებელია, ამ მასშტაბით ეპიდსიტუაცია შევინარჩუნოთ და იყოს კიდევ საუბარი გარკვეულ შემსუბუქებაზე. ეს დამცავი საშუალება ანუ პირბადის ტარების მაჩვენებელი უნდა გავზარდოთ და თუ ჩვენ ეს 95%-მდე ავიყვანეთ, ბევრი მონაცემი სერიოზულად გაგვიუმჯობესდება",- განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, საზოგადოებამ ყოველგვარ დიდ შეკრებებს, რა მიზეზითაც არ უნდა იყოს ის, თავი უნდა აარიდოს, რათა ეს შეკრებები ინფექციის გავრცელების მომატებული რისკია.

როგორც გამყრელიძემ განმარტა, დღეში 400 დადებით შემთხვევამდე ჯანდაცვის სისტემისთვის პრობლემა არ არის, თუმცა, მისივე თქმით, მომდევნო 2-3 თვე მოსახლეობა ფრთხილად უნდა იყოს.

"ჩემი რეკომენდაციაა, რომ ამ 2-3 თვის განმავლობაში უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, რადგან არ გაუარესდეს ეპიდსიტუაცია. ამის პირველი ნიშანი არის ბოლო 7 დღის განმავლობაში დადებითობის პროცენტი და ბოლო 14 დღის განმავლობაში დადებითობის პროცენტი და ინციდენტობა ერთ დონეზეა თითქმის. ბოლო 7 დღის განმავლობაში დადებითობის მაჩვენებელმა ოდნავ ზემოთ აიწია. ეს იმის ნიშანია, რომ შემსუბუქების პერიოდში შესაძლებელია გარკვეული ეპიდსიტუაციის გაუარესება გვქონდეს. ამიტომ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად და დავიცვათ ის რეკომენდაციები, რაზეც ხშირად ვსაუბრობთ - პირბადე ყველგან, შიგნით თუ გარეთ, დახურულ თუ ღია სივრცეში, აუცილებელია მუდმივად მისი ტარება, დისტანციის დაცვა, ხელების ხშირი დაბანა და თავის არიდება ყოველგვარი დიდი შეკრებების, რა მიზეზითაც არ უნდა იყოს ეს შეკრება. ეს არის ინფექციის გავრცელების მომატებული რისკი. თუ ჩვენ ამას ყველაფერს დავიცავთ, მაშინ დიდი ალბათობით, მარტი-აპრილი ამ ფარგლებში უნდა გავიაროთ. დღეში 150-დან 400 შემთხვევამდე არ არის დიდი პრობლემა ჯანდაცვის სისტემისთვის და ამას ჯანდაცვის სისტემა კარგად აუდის; შესაბამისად, ეს ადამიანები არიან კარგად მოვლილი და მიხედილი", - განაცხადა გამყრელიძემ.

იხილეთ ასევე: ამირან გამყრელიძე განმარტავს, რა შემთხვევაში დადგება "კომენდანტის საათის" შემსუბუქების საკითხი