იაგო ხვიჩია:"მამაზეციერსაც არ ექნება პასუხი, როგორ დამთავრდება მოლაპარაკებების პროცესი" - კვირის პალიტრა

იაგო ხვიჩია:"მამაზეციერსაც არ ექნება პასუხი, როგორ დამთავრდება მოლაპარაკებების პროცესი"

"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობენ, უცხოელ პარტნიორებთან მართლები გამოჩნდნენ და ამასთან, მოლაპარაკების პროცესი ჩაშალონ.

როგორც ხვიჩიამ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის ნიუსრუმში" განაცხადა, შესაძლებელი რომ ყოფილიყო, პოლიტიკური მხარეები საერთო ენას აქამდეც გამონახავდნენ.

"შეუძლებელია ვინმემ თქვას, როგორ დამთავრდება ეს პროცესი, მამაზეციერსაც არ ექნება პასუხი, რადგან სპეციფიური ხალხია. აქამდე რომ ყოფილიყო შესაძლებელი რამის მოგვარება და ამ ხალხისთვის რაიმე წმინდა არსებობდეს, აქამდეც იპოვნიდნენ საერთო ენას შეთანხმებისთვის, მაგრამ ჩვენ მთელი პროცესი ვნახეთ ამ თვეების განმავლობაში, სადაც მხარეები ეძებენ საბაბს იმისთვის, რომ ჩვენი უცხოელი პარტნიორების წინაშე მართლები აღმოჩნდნენ, ოღონდ თან ჩაშალონ შეთანხმება",- განაცხადა ხვიჩიამ.

რაც შეეხება ფარული ჩანაწერების საქმეს, ხვიჩია ფიქრობს, რომ შესაძლოა, ეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების ჩაშლის მიზნით გაკეთდა.

"შინაგანი რწმენა მაქვს, რომ ეს ჩანაწერები, დიდი ალბათობით, დადებულია იმ ხალხის მიერ, ვისაც შეთანხმების ჩაშლა უნდა იმ მიზნით, რომ რომელიმე მხარე ამ ჩანაწერების გამოქვეყნებამ ისე გამოიყვანოს მწყობრიდან, რომ შეთანხმებაზე თქვას უარი. ვფიქრობ, ესაა ძირითადი, თუმცა არ გამოვრიცხავ, "ქართულ ოცნებაში" იყოს შიდა შუღლი ახლად დანიშნულ პრემიერზე, რომ რაღაცაში კონკურენცია იყოს, რაც მე არ ვიცი. მაგრამ, რადგან მოლაპარაკების პროცესს დაემთხვა და იმ ორ კვირას, როდესაც ფაქტობრივად ჩვენი ევროპასთან ურთიერთობის საკითხი დგება, ამ დროს ამის გამოგდება, ჩემი აზრით, ხელს აძლევს მას, ვისაც არ უნდა შეთანხმება",- განაცხადა ხვიჩიამ.

"ინტერპრესნიუსი"