"გვაკლია ურთიერთობები საქართველოსთან... ჩემი ოცნებაა, ჩვენს სოფელს ქართული სახელი დაერქვას" - კვირის პალიტრა

"გვაკლია ურთიერთობები საქართველოსთან... ჩემი ოცნებაა, ჩვენს სოფელს ქართული სახელი დაერქვას"

"მოვუფრთხილდეთ ისტორიულ ღირებულებებს და ჩვენს პატრიარქს. ეს ჩემი კიდევ ერთი დიდი სურვილია"

ინტერვიუს დასაწყისშივე მთხოვა "ინგილოდ" არ მოვიხსენიო, არც სიტყვა "საინგილო" ვახსენო ინტერვიუში. საუბრისას მორიდებით გამოთქვა სურვილი სოფელ ალიბეგლოს სახელის შეცვლის შესახებ... მშვენივრად ესმის, რომ პრობლემებზე დიალოგი არ არის საინტერესო... ენატრება ქართველებთან ურთიერთობები და ადამიანური საუბარი. მე კი იქ ჩასვლა მენატრება, ქურმუხის წმინდა გიორგის მოლოცვა, ჩვენებთან ჩახუტება, ჩვენებურებთან. კოტე ბარიხაშვილი ჩემს მეგობრად მინდა, მოვიხსენიო (იმედია, არ მიწყენს). დღევანდელი დროებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, დისტანციურად მოგვიხდა საუბარი. კოტე ბარიხაშვილი კახის, ზაქათალისა და ბელაქნის რაიონში მცხოვრებ ქართველთა შორის ერთ-ერთია.

- ბატონო კოტე, ჩვენი დისტანციური ინტერვიუს საფუძველი პანდემიიდან გამოწვეული პრობლემებია. როგორ გადაიტანეთ ეს ურთულესი პერიოდი?

- კახისა და ზაქათალის რაიონში მცხოვრებ ქართველებს პანდემიამდე ხშირი ურთიერთობა გვქონდა თბილისთან - საოჯახო, სამსახურებრივი, ბიზნესისა თუ სწავლის თვალსაზრისიდან გამომდინარე. ოჯახის ნახევარი წევრები იქით ცხოვრობდნენ, ნახევარი - აქეთ. აი, ამ ურთიერთობაზე, მისვლა-მოსვლაზე იყო აგებული მთელი ჩვენი ცხოვრების რიტმი. დღეში ლამის სამი სამარშრუტო ტაქსის რეისი სრულდებოდა. ამას ემატებოდა კერძო მანქანების გადაადგილება, ძირითადად, თბილისის მიმართულებით. ჯანდაცვის თვალსაზრისითაც, თუ რამე გვჭირდება, საქართველო უფრო ახლოა, ვიდრე - ბაქო. და, თან ჩვენ შესისხლხორცებულები ვართ ჩვენს ქვეყანასთან.

პანდემიისას ეს "ხიდი" ჩატყდა. ყველა გზა დაიკეტა, მთელი წლის განმავლობაში. ოჯახის წევრები კი აღმოვჩნდით სხვადასხვა "კუნძულზე" ჩვენივე პრობლემებით - ეკონომიკური, განათლების თუ დასაქმების მხრივ... ამ პროცესში ყველანი უძლურები ვართ. ისეთი გარემოება იყო, ვერავის მოჰკითხავ.

აი, ამ რთულ პერიოდში ჩვენი კუთხის 70 აბიტურიენტი, სწორედ საქართველოს ხელისუფლების ხელშეწყობით, ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხა უმაღლეს სასწავლებელში, ანუ ვინც კი 2020 წლის ზაფხულს განაცხადი შეიტანა, ყოველგვარი გამოცდის გარეშე ჩარიცხეს. ამაში ჩვენ დავინახეთ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ყურადღების მცირედი ნაპერწკალი. ჩვენს სტუდენტებსაც უდიდესი სტიმული ჰქონდათ. მათ კარგად იციან, რომ ძლიერი თაობა რომ ვიყოთ, უნდა ვიყოთ განათლებულები და ინტელექტუალები. ყველამ მთელი გული ჩადო სტუდენტობაში და ცდილობდნენ, კარგად ესწავლათ, მაგრამ მოგვისწრო მეორე ჩაკეტვამ და ახალი პრობლემები გამოჩნდა. ბევრს ინტერნეტი არ ჰქონდა, ზოგს - კომპიუტერი, ძალიან გაუჭირდათ ონლაინსწავლება. სტუდენტები ფიქრობენ, რომ სუსტია ასე სწავლა და სულმოუთქმელად ელიან გზების გახსნას, ადამიანებთან უშუალო კონტაქტს. სკოლებშიც არ არის ის ხარისხი, როგორიც ცოცხალი ურთიერთობის დროს. საზოგადოებრივი ცხოვრება შეწყდა და ეს ურთულესი აღმოჩნდა ჩვენი ხალხისთვის.

- მესმის და გეთანხმებით. ძნელია, როცა შვილი შორს აღმოჩნდება ოჯახისგან. ბატონო კოტე, როგორ აღიქვით ის პროცესები, რაც მსოფლიოში ხდება და რა დაგანახათ პანდემიის პერიოდმა? - ამ ვირუსმა მაიძულა, სიფრთხილე და სიფხიზლე გამეორმაგებინა, დამანახვა, რომ მოწიწებით უნდა ვიყო სხვა ადამიანების მიმართ. გავუფრთხილდეთ ურთიერთობას. ახლა უნდა მოვუარო ყველაფერს, რისთვისაც მანამდე არ მომივლია. ის ძალა, რაც გლობალურია, რომელშიც ვხედავ მოწინააღმდეგეს - თან მე უნდა გადავრჩე, თან უნდა გადავარჩინო იდეა-საქმე, ურთიერთობები... - ამას სჭირდება დიდი მობილიზება, დიდი კონცენტრირება. ინდივიდუალურად ძნელია ამ პროცესის გარღვევა. ამ ნაწილშიც კი თანამოაზრეები გჭირდება. ჩვენ, ყველა, ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. ჩვენი თავისუფლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ამ ვირუსმა, რომელმაც ყველა დაგვაცალკევა და საკუთარ თავთან მარტო დაგვტოვა, მოგვცა შანსი, ერთი მხრივ, ჩავუღრმავდეთ საკუთარ თავს და მეორე მხრივ - შევქმნათ დიდი სოციუმი, რომ დავინახოთ სიცოცხლის რეალური ძალა. თუ ჩვენ გვექნება მცირე საქმე მაინც და ამ საქმეს რწმენითა და სიყვარულით გავაკეთებთ, დავინახავთ, რომ ჩვენივე თავის იმედი ჩვენვე ვართ. ამ გზით გაიზრდება ჩვენი პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშეც კი.

- ბატონო კოტე თქვენ რას საქმიანობდით "ჩაკეტილობის ჟამს"? - მეც, როგორც ყველა, სახლში ვიყავი. ბაღი მაქვს, მიწა მაქვს, ამან გადამატანინა. ვმუშაობდი, ვწერდი, ვკითხულობდი. კარგი ურთიერთობები უკვე საქართველოშიც დეფიციტია, მაგრამ მე მაინც მავსებს, სტიმულს მაძლევს ქართველებთან ურთიერთობა. ძალიან დამაკლდა, თბილისში რომ ვერ ჩამოვდიოდი. სამაგიეროდ, პანდემიამ საქმის კეთების ახალი გზები დამანახვა. მაგალითად, ონლაინ ვაკეთებ პროექტებს და რამდენიმე საქმეს ერთად ვაგვარებ, ეს ხომ დადებითია, არა?

- მთხოვეთ, საინგილო არ ვახსენო, არამედ - ვთქვა კახისა და ზაქათალის რაიონის ქართველობა და ასეც ვიქცევი. საიდან გაჩნდა სურვილი, ალიბეგლოს გადაერქვას სახელი? - მოდი, ასე ვიტყვი. ჩვენ გვაქვს უკვე ახალი, თანამედროვე სტანდარტების საშუალო სკოლა, გვაქვს ეკლესია, თეატრი, საბავშვო ბაღი, ახალი საავადმყოფო... ერთი შეხედვით, თითქოს, ყველაფერი გვაქვს, მაგრამ გვაკლია ურთიერთობები საქართველოსთან, ადამიანური, მეგობრული ურთიერთობები. როდესაც რაღაცის თქმას ვიწყებთ, ყველა ფიქრობს მატერიალურ მხარეზე, პრობლემებზე. აქ არავინ ელოდება, რომ დახმარებებს ვინმე ჩამოგვიტანს. ისიც მშვენივრად ვიცით, რომ პრობლემებზე ლაპარაკი არ არის საინტერესო. ჩვენ თქვენი სისხლი და ხორცი ვართ. ჩვენ ურთიერთობების დიალოგი გვჭირდება. პირობითად, ავიღოთ განათლების სისტემა - რატომ არ არის ჩვენი ჩართულობა საქართველოს ცხოვრებაში? რატომ არ ხდება თუნდაც ამ კუთხით, თუნდაც სხვა საკითხებში საზოგადოებრივი თავშეყრის დროს ჩვენი ჩართულობა? დამეთანხმეთ, დიალოგს მოაქვს შედეგი.

დღეს ისეთ სამყაროში ვცხოვრობთ, ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ სურვილი სად არის, ხაზს ვუსმევ - ურთიერთობის სურვილი? ეს თუ ჩნდება, შენ უკვე იცი, რომ ვიღაცას აქვს სურვილი, პოზიტიური ნაბიჯები გადადგას, რაღაც გააკეთოს. ეს ცხოვრების მდინარება არ უნდა დაირღვეს.

იცით, სოფელს რატომ ჰქვია ალიბეგლო? ალიბეგლო ეწოდა კაკის ბატონს და ელისუს სულთნის, ვახვახიშვილის გამო, რომელმაც რწმენა შეიცვალა და ალი ბეგი დაირქვა...

ეს, ჩვენი ოცნებაა, რომ სოფელს ქართული სახელი დაერქვას. თუ სურვილი გაჩნდება ამ კუთხით ფიქრისა, მერე ვიტყვით, რა და როგორ.

მკითხველი რომ არ შევაწყინოთ, ბოლოს გეტყვით, - ღირსების გრძნობა ყველაფერში არსებობს. სასურველია, ღირსეულად გადავლახოთ ეს განსაცდელი და ღირსეული მოქალაქის სახე შევინარჩუნოთ- მოვუფრთხილდეთ ისტორიულ ღირებულებებს და ჩვენს პატრიარქს. ეს ჩემი კიდევ ერთი დიდი სურვილია.

ნინო ცხვარაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)