"ქართულმა ოცნებამ" დღეს თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაიწყო - კვირის პალიტრა

"ქართულმა ოცნებამ" დღეს თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაიწყო

"ქართულმა ოცნებამ" დღეს თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაიწყო.

როგორც "ქართული ოცნების" დეპუტატმა სოზარ სუბარმა უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სხდომაზე სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით და ქვეყნის სხვა მიმდინარე თემებზე მსჯელობდნენ.

"დაიწყო კონსულტაციები კანდიდატებთან დაკავშირებით, მერების კანდიდატები, მაჟორიტარების კანდიდატები, თუ საარჩევნო სიები, ვინც იქნებიან თბილისშიც, რეგიონებშიც. როგორც იცით, თვითმმართველობის კოდექსში, ძალიან სერიოზული ცვლილებები შედის და შესაბამისად, მომზადებას მეტი დრო სჭირდება,"- განაცხადა სოზარ სუბარმა.

"აქციებს შეჩვეულები ვართ და ამით ვერ შეგვაშინებენ. დიალოგი რომ არ უნდათ, ეს ისედაც კარგად ვიცოდით" - ასე უპასუხა სოზარ სუბარმა კითხვას, რა გზავნილები ამოიკითხეს ევროპარლამენტარების განცხადებებში და რა გარემოს შექმნის ოპოზიციის მიერ დაანონსებული აქციები მოლაპარაკებების პროცესში.

"გუშინ იძულებულები გახდნენ დიალოგზე ლაპარაკი დაეწყოთ, მაგრამ ცდილობენ დატოვონ დიალოგიდან გასვლის გზა. იმედი მაქვს, ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მეგობრების ჩართულობით, ისინი ვერ გაექცევიან დიალოგს. საბოლოოდ მოუწევთ აღიარონ იმ არჩევნების შედეგები, რომელიც არ გაყალბებულა",- აცხადებს სოზარ სუბარი.

ამასთან, როგორც სოზარ სუბარი დასძენს, ევროპარლამენტარების ნაწილმა განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობა" "რუსეთის თამაშს თამაშობს".

" ევროპარლამენტარებმა, მათ შორის, იმათმა, ვინც საკმაოდ კრიტიკულები იყვნენ "ქართული ოცნების" მიმართ, გუშინ პირდაპირ თქვეს, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი აწარმოებს დესტრუქციას და თამაშობენ რუსეთის თამაშს.

მეცხრე წელია "ქართული ოცნების" ხელისუფლების შერყევას ცდილობს რუსეთი. მისი შერყევის მცდელობის იარაღი მუდმივად არის ერთი და იგივე, მიხეილ სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობა",- აცხადებს სუბარი.