"თუ იაფფასიან "ქუჩურ" გაგებას აწვები, პოლიციელებს არ უნდა უგზავნიდე" - კვირის პალიტრა

"თუ იაფფასიან "ქუჩურ" გაგებას აწვები, პოლიციელებს არ უნდა უგზავნიდე"

რაც შეეხება ძალიან იაფფასიან "ქუჩურ" თუ "ქართულ გაგებას", რომ არ ვაპატიებ, თუ მაგ არასწორ გაგებას აწვები, პოლიციელებს არ უნდა უგზავნიდე, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ბერა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუსთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც მან გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე ისაუბრა.

როგორც გიგა ბოკერია აცხადებს, გუშინ ბერა ივანიშვილის მიერ გაჟღერდა არამხოლოდ აღიარებითი ჩვენება, არამედ მუქარა საზოგადოების მიმართ.

"ეს განცხადება არის არამარტო აღიარებითი ჩვენება, არამედ მუქარა მთელი საზოგადოების მიმართ, მათი ვინც რაღაც არაკორექტულად დაწერა სოციალურ ქსელში, რაც ჩვეულებრივი ამბავია, როდესაც ცნობილი ფიგურა ხარ, გინდ პოლიტიკაში, გინდ კულტურაში, ეს ამ ცხოვრების ნაწილია. როდესაც ასე იმუქრები, ეს არის ავტორიტარული სახელმწიფოს განაცხადი. ამიტომ გვახსენდება კადიროვი. ბუნებრივია, იქ უფრო სასტიკი მეთოდებით ხდება ეს ყველაფერი. ეს პრინციპს არ ცვლის.

რაც შეეხება ძალიან იაფფასიან "ქუჩურ" თუ "ქართულ გაგებას", რომ არ ვაპატიებ, თუ მაგ არასწორ გაგებას აწვები, პოლიციელებს არ უნდა უგზავნიდე. ეს არის წმინდა წყლის ფარისევლური, უტიფარი ძალაუფლებით გახრწნილი ადამიანების ჯგუფის განაცხადი, მუქარა, საზოგადოების მიმართ", - აცხადებს გიგა ბოკერია.

ცნობისთვის, მომღერალმა ბერა ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა, რომ თუ ვინმე მის ოჯახს შეეხება, პასუხს დღესაც აუცილებლად მოსთხოვს.

"მე დღესაც აბსოლუტურად იგივე პოზიციაზე ვდგავარ და პირდაპირ ვიტყვი - თუ ვინმე დედას შემაგინებს, თუ ვინმე ჩემს ოჯახს შეეხება, რაც ჩემთვის ყველაზე წმინდა და ყველაზე ღირებულია, მე ასეთ ადამიანს აუცილებლად პასუხს მოვთხოვ დღესაც",- განაცხადა ბერა ივანიშვილმა.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. უწყების ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე აღიძრა.

საუბარია "ტვ პირველის" მიერ გავრცელებულ ჩანაწერებზე, რომლითაც, მათივე მტკიცებით, მომღერალი ბერა ივანიშვილი, სავარაუდოდ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამჟამინდელ ხელმძღვანელს ანზორ ჩუბინიძეს იმ ახალგაზრდების დასჯას სთხოვს, რომელთაც ინტერნეტში ივანიშვილების შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს. ამასთან, ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით, ბერა ივანიშვილი ამ საკითხზე ირაკლი ღარიბაშვილთან საუბრობს, რომელიც ამ ქმედებებს იწონებს.

"ინტერპრესნიუსი"