"არ ვიცოდი, რა იქნებოდა, როგორ გავზრდიდი... მულმა, რომელსაც 18 წლის მანძილზე შვილი არ ჰყავდა, მითხრა, - ამას ნუ გააკეთებ, მე გავზრდიო" - კვირის პალიტრა

"არ ვიცოდი, რა იქნებოდა, როგორ გავზრდიდი... მულმა, რომელსაც 18 წლის მანძილზე შვილი არ ჰყავდა, მითხრა, - ამას ნუ გააკეთებ, მე გავზრდიო"

ლევან და თამარ ჩერქეზიშვილებს 5 შვილი ჰყავთ. მაქსიმუმს აკეთებენ, რათა პატარებს მისცენ ცოდნა და გაზარდონ კარგ ადამიანებად, თუმცა, რომ არა კეთილი ადამიანების თანადგომა, ამას ვერ შეძლებდნენ. მათთვის ყველაზე დიდი პრობლემა, როგორც თამარმა აღნიშნა, უმუშევრობაა. ჩერქეზიშვილები ხარაგაულში ცხოვრობენ, თუმცა თამარი წარმოშობით კახეთიდან, გურჯაანიდანაა.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"იმდენი რამ გამოვიარეთ, თავიდან ბოლომდე რომ მოვუყვე ვინმეს, ძნელად დაიჯერებს. დედას ადგილზე რომ ვყოფილიყავი, ალბათ გული ამიცრუვდებოდა ყველაფერზე. სიმსივნე ჰქონდა ბოლო წლებში და ექიმთანაც არ მიდიოდა, - არც ფული გვაქვს, აღარც სახლ-კარი და რა დროს ჩემი ექიმებიაო?! ამ დაავადებამ შეიწირა..."

"ჩემი და იყო გათხოვილი ხარაგაულში. მასთან ჩამოვდიოდი ხოლმე. მე და ლევანი გაცნობიდან მალევე, დაახლოებით 2-3 თვეში შევუღლდით. დედაც და მამაც - ორივე მრავალშვილიანი ოჯახიდან იყო. სიმართლე გითხრათ, არასდროს მიფიქრია ბევრი შვილის ყოლაზე, რადგან როცა დავქორწინდით, სახლი ჩვენ არ გვქონდა და კარი... ქმრის მშობლები ძალიან მშრომელი და ალალი ხალხია. ერთი პატარა სახლი ჰქონდათ სოფელში, სულ 3 ოთახი - მისაღები, სამზარეულო და საძინებელი. პირველი შვილი რომ შემეძინა, უკვე გაჩნდა პრობლემები. მე და ჩემი მეუღლე არ ვმუშაობდით, მხოლოდ დედამთილი მუშაობდა მზარეულად რაიონში და დღეში 6 ლარს იღებდა. იმ ფულითაც ჩვენი შვილისთვის პამპერსი და საკვები მოჰქონდა. უხერხულად ვგრძნობდი თავს. ბავშვს დედამთილი რატომ უნდა ინახავდეს, როცა ახალგაზრდები ვართ და შეგვიძლია, ოჯახი ჩვენი შრომით ვარჩინოთ-მეთქი? გადავწყვიტეთ, რაიონში ქირით გვეცხოვრა და სამუშაო მოგვეძებნა. თან იმ სოფელში არც ბაღი იყო, არც სკოლა, არც მაღაზია, არც აფთიაქი, ტრანსპორტიც კი არ დადის - ფარცხნალი მოწყვეტილია ამ ქვეყანას... მეორე შვილი რომ მეყოლა, მაშინაც ქირით ვცხოვრობდით. 2 შვილზე მეტის გაჩენას არ ვფიქრობდი, მაგრამ..."

"მესამეზე რომ დავრჩი ფეხმძიმედ, მაშინ უკვე შემეშინდა. არ ვიცოდი, რა იქნებოდა, როგორ გავზრდიდი და მოცილება გადავწყვიტე. სოციალური დახმარების იმედად ვცხოვრობდით, 104 ლარს ვიღებდით და აქედან 50 ლარს ქირაში ვიხდიდით. მულმა, რომელსაც 18 წლის მანძილზე შვილი არ ჰყავდა, მითხრა, - ამას ნუ გააკეთებ, გააჩინე და მე გავზრდიო. ძალიან ბევრი ვიფიქრეთ, ეს გადაწყვეტილება ადვილად მისაღები ნამდვილად არ იყო. აბორტის გასაკეთებლად მაინც წავედი, მაგრამ უკან გამოვტრიალდი, ვერ შევძელი..."

"ხმამაღლა არ ვამბობდი, მაგრამ ძალიან განვიცადე, გაბრიელი ჩვენთან რომ არ იყო. ალბათ იმიტომაც გამომიგზავნა ღმერთმა სალომე, რომ ეს გადამეტანა. თან, უფრო და უფრო გატკბა შვილები. რაც მეტი შვილი გყავს, მეტად გიყვარდება თითოეული. გაბრიელმა უფრო გამიძლიერა დანარჩენების სიყვარული. ერთ თხილის გულს 9 ძმა იყოფს და ესენი როგორ ვერ გაიყოფენ ამ ერთ სახლს-მეთქი, და მეხუთეც გავაჩინე...."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 11 მარტის ნომერში წაიკითხავთ.

ნინო ჯავახიშვილი