"ვაქცინაციას დავიწყებთ „ასტრაზენეკათი“, „ფაიზერის“დალოდება არ მოხდება" - კვირის პალიტრა

"ვაქცინაციას დავიწყებთ „ასტრაზენეკათი“, „ფაიზერის“დალოდება არ მოხდება"

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინის დამატებითი დოზების მიღებისთვის მოლაპარაკება მიმდინარეობს ყველა პარტნიორ ქვეყანასთან, მათ შორის ისრაელთან "ასტრაზენეკასა" და "მოდერნას" მისაღებად.

ამასთან, როგორც ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, მოლაპარაკება მიმდინარეობს გერმანიის მთავრობასთანაც, თუმცა მათგან ვაქცინის მიღება მხოლოდ წლის მესამე კვარტალში იქნება შესაძლებელი.

"სხვადასხვა მომწოდებელთან გვაქვს მოლაპარაკებები. ეს არის როგორც "ასტრაზენეკას" სხვადასხვა მწარმოებელი - ინდოეთი, კორეა, ასევე მოლაპარაკებები გვაქვს "მოდერნასთან" და "ჯონსონ ენდ ჯონსონთან". "კოვაქს პლატფორმასთან" შემდეგ დოზებზეც უკვე მიმდინარეობს დადგენა, როდის იქნება მოწოდებული. ასევე გვაქვს მოლაპარაკებები პარტნიორ ქვეყნებთან. ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს ისრაელის სახელმწიფოსთან. ისრაელთან ორი მიმართულებით გვაქვს მოლაპარაკება - ერთ არის "ფაიზერის" ვაქცინა და მეორე არის "მოდერნას" ვაქცინა, რომლის დამატებითი დოზების შეძენა და დონაცია შეიძლება მოხდეს ისრაელის სახელმწიფოს მხრიდან. ასევე ინტენსიურადაა ჩართული გერმანიის მთავრობა, რომელთანაც გვაქვს მოლაპარაკებები მათ მიერ წარმოებულ ვაქცინებთან დაკავშირებით, თუმცა ამ მიმართულებით ვიცით, რომ მოწოდება შეიძლება მოხდეს მხოლოდ მესამე კვარტალში და არა უფრო ადრე. პარალელურ რეჟიმში საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ყველა პარტნიორ ქვეყანასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები დამატებითი დოზების შეძენასთან დაკავშირებით",- განაცხადა ტიკარაძემ.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას წინასწარი მოლაპარაკებები უკვე დაწყებული აქვს ჩინურ მხარესთან, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები შემოვიდეს.

როგორც მან სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, ჩინური ვაქცინა იმ ვაქცინების რიცხვშია, რომელიც უახლოს მომავალში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან აკრედიტაციას მიიღებს.

ამასთან, ტიკარაძის თქმით, პირველი ეტაპისთვის შეკვეთილია 100 ათასი ვაქცინა და "კოვაქს პლატფორმიდან" ვაქცინებზე დამატებით ხელმისაწვდომობაც იქნება.

"როგორც ვიცით, ჩინური ვაქცინა არის იმ ვაქცინების რიცხვში, რომელიც უახლოეს მომავალში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან აკრედიტაციას მიიღებს. ჩვენ, როგორც "ასტრაზენეკას" და ასევე, "ფაიზერის" შემთხვევაში, წინასწარი მოლაპარაკებები დაწყებული გვაქვს როგორც ჩინურ მხარესთან, ასევე "კოვაქს პლატფორმასთან". ასევე, ჩინურ ვაქცინას მიღებული აქვს ერთ-ერთი მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან ავტორიზაცია, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ინტენსიურად გავარძელოთ მოლაპარაკებები. პირველი ეტაპისთვის პირდაპირ მომწოდებელთან მცირე დოზა გვაქვს შეკვეთილი, ეს არის 100 ათასი ვაქცინა და უკვე "კოვაქს პლატფორმიდან" ვაქცინებზე დამატებით ხელმისაწვდომობა გაგვიჩნდება. ეს არის "სინოფარმი", - განაცხადა ტიკარაძემ.

"მნიშვნელოვანია მოსახლეობამ და ასევე კერძო სექტორმა შეასრულოს ის რეგულაციები, რომელიც დაწესდა ეპიდემიოლოგებისა და შრომითი უსაფრთხოების მხრიდან იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში, არ მივიდეთ მესამე ტალღამდე და არ მოგვიწიოს შემდგომი შეზღუდვების დაწესება", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტროსა და ეპიდემიოლოგებისთვის მნიშვნელოვანია შენარჩუნდეს მიღებული ეფექტი.

"სწორედ ამიტომ მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერს, იმისათვის, რომ მოუწოდა და შეახსენა მოსახლეობას, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს პირბადეების გამოეყენებას. არაერთ სამეცნიერო ინსტიტუტთან გვაქვს კავშირი, რომლებსაც გააჩნიათ ინსტრუმენტები და ზომავენ ყველა ქვეყანაში პირბადის მოხმარებას. სწორედ ამ ინსტიტუტიდან მიღებული სხვადასხვა ინფორმაციის საფუძველზე შესაძლებლობა გვაქვს განვსაზღვროთ შემდეგი პროგნოზი, ასევე ვიცოდეთ, რა ინტენსივობით ხდება ქვეყანაში პირბადის მოხმარება და როგორია ქვეყანაში მობილობა. ამ ინსტრუმენტებზე დაყრდნობით ვიღებთ გადაწყვეტილებებს შეზღუდვების მოხსნასა და ასევე დაწესებაზე. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჩვენმა მოსახლეობამ და ასევე კერძო სექტორმა შეასრულოს ის რეგულაციები, რომელიც დაწესდა ეპიდემიოლოგებისა და შრომითი უსაფრთხოების მხრიდან იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, არ მივიდეთ მესამე ტალღამდე და არ მოგვიწიოს შემდგომი შეზღუდვების დაწესება", - განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრის განმარტებით, ვირუსის გავრცელების მაჩვენებელს ყოველ ორ კვირაში აკვირდებიან და შემდგომი ორი კვირა არის განმსაზღვრელი იმისათვის, რა ქმედებამ რა შედეგი გამოიღო. ტიკარაძის თქმით, სოციალური დისტანცირება და პირბადის ტარება "საუკეთესო იარაღია, რაც კაცობრიობას გააჩნია კოვიდპანდემიასთან ბრძოლის საწინააღმდეგოდ".

ვაქცინაციას დავიწყებთ "ასტრაზენეკათი" - რა თქმა უნდა, "ფაიზერის"დალოდება არ მოხდება, ვინაიდან ეს ორი პროცესი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად უნდა წარიმართოს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, "ასტრაზენეკას" ვაქცინით 43 200 ადამიანი აიცრება.

"მას შემდეგ რაც ტვირთი იქნება საქართველოს ტერიტორიაზე და ამასთან დაკავშირებით ჩვენ დამატებით ინფორმაციას ხვალ და ზეგ კიდევ მოგაწვდით, მოხდება მისი უსაფრთხო ტრანსპორტირება იმ შესაბამის დაწესებულებაში, სადაც იგეგმება ვაქცინაცია და შესაბამისად, დავიწყებთ უკვე "ასტრაზენეკათი" ვაქცინაციას ჩვენი მოსახლეობისას - რა თქმა უნდა, დალოდება "ფაიზერის" არ მოხდება, ვინაიდან ეს ორი პროცესი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად უნდა წარიმართოს. "ასტრაზენეკას" შემთხვევაში აცრილი იქნება 43 200 ადამიანი და უკვე მეორე დოზით ისინი აიცრებიან, როდესაც ჩვენ დამატებით მივიღებთ "ასტრაზენეკას" დოზებს. ჩვენ გვაქვს დროის მონაკვეთი, როდესაც გარანტირებულად შემოვა მეორე ვაქცინა და ეს რა თქმა უნდა, მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ჩვენ დროულად და ასევე, დაჩქარებულ რეჟიმში ავცრათ ჩვენი მოსახლეობის უფრო მეტი ნაწილი. ჩვენ გვაქვს 6-დან 12-კვირამდე ვადა იმ აღნიშნული პროტოკოლით, რითაც ხდება "ასტრაზენეკით" ვაქცინაცია და შესაბამისად, იმ გარანტირებული მოლაპარაკებებით, რომელიც უკვე გამართულია, ჩვენ გვაქვს იმის დასტური, რომ მოესწრება მეორე დოზის შემოტანა", - განაცხადა ტიკარაძემ.

"ინტერპრესნიუსი"