"გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას­თან ერ­თად მუ­შა­ო­ბა ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვი იყო... მე­გობ­რო­ბა მე­გობ­რო­ბად დარ­ჩე­ბა..." - კვირის პალიტრა

"გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას­თან ერ­თად მუ­შა­ო­ბა ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვი იყო... მე­გობ­რო­ბა მე­გობ­რო­ბად დარ­ჩე­ბა..."

ამბობს, რომ პოლიტიკაში ყოფნა მისი თვითმიზანი არასდროს ყოფილა, - არც ის მიფიქრია, ბიზნესის გასაუმჯობესებლად მოვსულიყავი პოლიტიკაში. ვიტყოდი, რომ სახელმწიფო სამსახური არის ნამდვილად კარგი შესაძლებლობა და საშუალება იმისა, რომ ადამიანმა თავისი ქვეყნისთვის რაღაც კარგი გააკეთოსო.... ამის შანსი მიეცა და სურვილი აქვს გამოიყენოს. ძმებ ხოჯევანიშვილებზე ბოლო დროს გავრცელებულ ინფორმაციებს სიმშვიდით ხვდება, არ სიამოვნებს, მაგრამ მაინც, რადგან მიაჩნია, რომ სიმართლე ერთია და ვინც მათ იცნობს, ის ყველამ იცის.

იქიდან გამომდინარე, რომ მას ექსპრემიერ გიორგი გახარიას გუნდის წევრად მოიაზრებენ, ახლახან მასზე ის ინფორმაციაც გავრცელდა, თითქოს პარლამენტს ტოვებს. "მინდა გითხრათ, რომ ხალხმა ამირჩია და, შესაბამისად, არც კი ვფიქრობ, პარლამენტი დავტოვო. ასე რომ, ამაზე საუბარიც კი არასერიოზულია", - გვეუბნება და თავის ნატვრასაც გვიმხელს. "იმ რეგიონის მაჟორიტარი ვარ, რომელმაც მწარედ იწვნია ოკუპაციის სიმძიმე. ასაკიდან გამომდინარე, ალბათ კარგად არ მაქვს შეგრძნებული არც აფხაზეთი, არც ცხინვალის რეგიონი და ჩემი ნატვრა იქნება იმ ტერიტორიებზე იმ ადამიანებთან ერთად დაბრუნება, რომელ მიწაზეც ისინი ცხოვრობდნენ. ეს არა მარტო ჩემი, ალბათ ნებისმიერი ქართველის ყოველდღიური ნატვრაა".

საქართველოს პარლამენტის წევრი გიგი ხოჯევანიშვილი ambebi.ge-სთან აპოლიტიკურ ინტერვიუს ბავშვობის მოგონებებით იწყებს.

ბავშვობა

- ქალაქ გორში დავიბადე და გავიზარდე, სკოლაც იქ დავამთავრე. პედაგოგებისა და ექიმების ტრადიციულ ოჯახში ვიზრდებოდი. მგონი, კარგად ვსწავლობდი და სკოლაც წარმატებით დავამთავრე. ერთი სული მქონდა, გაკვეთილები სწრაფად მომემზადებინა და მერე მთელ საღამოს მეგობრებთან ერთად ვატარებდი, ძირითადად, კალათბურთს და ფეხბურთს ვთამაშობდით. დედა ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორია, მამა პროფესიით მშენებელი ინჟინერი იყო, სამწუხაროდ, 5 წლის წინ გარდაიცვალა. ერთი პაპა წლების განმავლობაში გორის უნივერსიტეტის პრორექტორი იყო. მეორე - ექიმი, გორის რაიონის ჯანმრთელობის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. დედის და მამის მშობლებს საერთო ტრადიციები და შეხედულებები ჰქონდათ, აქედან გამომდინარე, ოჯახები მეგობრობდნენ. მათგან ბევრი კარგი რამ ვისწავლე.

მე და ჩემი უფროსი ძმა - ალექსანდრე სიყვარულის გარემოცვაში ვიზრდებოდით. ერთი ძმა მყავს და ჩვენ ბავშვობიდან დღემდე კარგი და, მგონია, სამაგალითო ძმობა გვაქვს. ბავშვობაში კალათბურთზე დავდიოდი და ბევრს ვთამაშობდი ფეხბურთსაც. ქართული სპორტის გულმხურვალე მხარდამჭერი ვარ, განსაკუთრებით - ფეხბურთის. საქართველოს ეროვნული ნაკრები ყოველთვის იყო და არის ჩემი საფიქრალი, უცხოური გუნდებიდან კი ბავშვობიდან ტურინის "იუვენტუსსაც" ვგულშემატკივრობ.

"დროის სწორად განაწილება ვისწავლე"...

- რაღაც პერიოდი, იურისტის პროფესიით დავინტერესდი და ავირჩიე კიდეც საერთაშორისო სამართლის სპეციალობა. სკოლის დამთავრების შემდეგ, თბილისში წამოვედი სასწავლებლად და ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე. ოჯახიც დადებითად შეხვდა ჩემს ამ გადაწყვეტილებას. თბილისში ჩვენი ბინა გვქონდა და სტუდენტობის წლებში მე და ჩემი ძმა ერთად ვცხოვრობდით, ერთად ვეზიარეთ დამოუკიდებელ ცხოვრებას. რაღაც პერიოდი, მარტოსაც მომიწია ცხოვრება...

თანდათან, დამოუკიდებელი ცხოვრების სტილი მისაღები გახდა ჩემთვის - უფრო უკეთესად ვანაწილებდი და ვუთმობდი დროს სწავლასაც, მუშაობასაც, მეგობრებსაც და გართობასაც. დროის სწორად განაწილება ვისწავლე... მათ შორის, უცხოეთშიც მომიწია სწავლის გაგრძელება და დამოუკიდებლად ცხოვრება არც იქ გამჭირვებია. რიგაში დავამთავრე მაგისტრატურა. დამოუკიდებელი ცხოვრების განმავლობაში, გადაწყვეტილების მიღებაც ვისწავლე და მეტ დროს ვუთმობდი საკუთარი თავის განვითარებას. მგონი, რაღაც გამომივიდა კიდეც.. არ არსებობს ერთი კონკრეტული ადამიანი, ვინც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ჩემს წარმატებაში, თუმცა ყოველთვის გვერდში მედგნენ ოჯახის წევრები და მათ შორის, უფროსმა ძმამაც იქონია ჩემზე დადებითი გავლენა. ჩემმა წინაპრებმა ბევრი ცხოვრებისეული მაგალითი მომცეს, რაც ყველა ეტაპზე სასიკეთოდ წამდგომია და დამხმარებია.

"ეს იყო ყველაზე მძიმე პერიოდი ჩემს ცხოვრებაში"

- ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე იყო ბევრი სირთულე, რომელთაც შეძლებისდაგვარად ვუმკლავდებოდი, მაგრამ ყველაზე ურთულესი და მძიმე პერიოდი ჩემს ცხოვრებაში მამის გარდაცვალება იყო. ვერც კი ვუშვებდით იმას, ასე მოულოდნელად დაგვეკარგა მამა, რომელიც ჩვენი საიმედო და ძლიერი საყრდენი იყო. 2016 წელს უკურნებელი სენით გარდაიცვალა და ეს ოჯახური ტრაგედია ძალიან მძიმედ გადავიტანეთ. არა და, აბსოლუტურად ჯანმრთელი და ენერგიული ადამიანი იყო, რომელიც დღედაღამ შრომობდა და ოჯახზე ზრუნავდა. მამა სხვადასხვა ბიზნესსაქმიანობას ეწეოდა, მათ შორის აგროსექტორში, კომერციულ სფეროში. მისი გარდაცვალების შემდეგ, ამ საქმიანობის გაგრძელება ოჯახს მოუწია. გაგრძელება