"მათ არ უნდათ გამოიძიონ ის, რაც არის არსებითი ამ ჩანაწერებში, მაგრამ მოუწიათ გამოძიების დაწყება" - კვირის პალიტრა

"მათ არ უნდათ გამოიძიონ ის, რაც არის არსებითი ამ ჩანაწერებში, მაგრამ მოუწიათ გამოძიების დაწყება"

"ხელისუფლება იმეორებს ჯიუტად იმ შეცდომებს, რაც წინა ხელისუფლებამ არაერთხელ დაუშვა, ვგულისხმობ მედიაზე თავდასხმას და მედიაში შესაძლო შეჭრას",- ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების" ერთ- ერთმა ლიდერმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა "ტვ პირველთან" დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების კომენტირებისას განაცხადა.

იოსელიანი მიიჩნევს, რომ ეს საბოლოო ჯამში, კიდევ უფრო ამძიმებს პოლიტიკურ სიტუაციას ქვეყანაში.

"ძალიან სამწუხაროა, რომ ხელისუფლება ჯიუტად იმეორებს იმ შეცდომებს, რომელიც წინა ხელისუფლებამ არაერთხელ დაუშვა და რისთვისაც ძალიან დიდი პოლიტიკური ფასი გადაიხადა სრულიად სამართლიანად. ვგულისხმობ, მედიაზე თავდასხმას და მედიაში შესაძლო შეჭრას თუ შესვლას. ეს საბოლოო ჯამში, კიდევ უფრო ამძიმებს მძიმე პოლიტიკურ სიტუაციას ქვეყანაში.

რეალურად, მათ არ უნდათ გამოძიონ ის, რაც არის არსებითი ამ ჩანაწერებში, მაგრამ მოუწიათ გამოძიების დაწყება, რაღაცაზე ეს გამოძიება უნდა დაეწყოთ და დაიწყეს იმაზე, რაც ყველაზე მაღალი სტანდარტით არის დაცული საქართველოში, ეს არის გამოხატვის თავისუფლება. ჩვენ გვაქვს კანონი, რომელიც ჟურნალისტებს აძლევს საშუალებას, რომ არ გაახმაურონ წყარო საიდაც მიიღეს ინფორმაცია. ვერანაირი სასამართლო გადაწყვეტილება ვერ აიძულებს ჟურნალისტს, რომ დაასახელოს წყარო, ეს დაცულია კანონით. შესაბამისად, აბსოლუტურად არასწორ ნაბიჯებს დგამს ხელისუფლება, როცა სამიზნედ ამოიღო მედიასაშუალება და არა ის შინაარსი, რომელიც ამ ჩანაწერებშია გახმოვანებული", - განაცხადა იოსელიანმა.

შეგახსენებთ, "ტვ პირველის" ინფორმაციით, სასამართლოს განჩინების მიხედვით, პროკურატურას ტელეკომპანიაში შესვლის და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების უფლება მიეცა.

"ინტერპრესნიუსი"