"მე ვჭამო და ანზორი ასე იყოს, ის მოკვდეს და მე ცოცხალი დავრჩეო?!... უკანასკნელი პაემანი სამზარეულოში მოვუწყვეთ" - კვირის პალიტრა

"მე ვჭამო და ანზორი ასე იყოს, ის მოკვდეს და მე ცოცხალი დავრჩეო?!... უკანასკნელი პაემანი სამზარეულოში მოვუწყვეთ"

"ერთმანეთს "დაშიფრულ" წერილებს უგზავნიდნენ... მამას გარდაცვალების მერე კი დედამ ყველა წერილი დახია, - არ მინდა, დარჩესო..."

მამაკაცი ძალიან გამხდარი და მაღალი ყოფილა, ქალბატონი - გამხდარი, ოღონდ - დაბალი, მამაკაცს მხრამდე სწვდებოდა. და ეს ორი ადამიანი ყველასთვის ძალიან საყვარელი და ლამაზი წყვილი იყო, ამბობენ, ძალიან უხდებოდნენ ერთმანეთსო. მამაკაცი სახელგანთქმული რეჟისორი გახლდათ - ანზორ ქუთათელაძე, ქალბატონი - სახელგანთქმული ექიმი ლია ლეკიშვილი. მათ სიყვარულზე დღეს თუ არა, ხვალ უეჭველად დავწერდი, მაგრამ ამ ამბის თქვენთვის მოყოლა დავაჩქარე, რადგან... რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, რეჟისორ დიმიტრი ხვთისიაშვილის პოსტს წავაწყდი. თავდაპირველად ნოველა მეგონა, მაგრამ ნამდვილი ამბავი აღმოჩნდა, ამ საუკუნის დასაწყისის, სწორედ ამ წყვილის საოცარი სიყვარულის ამბავი და რომლის უკანასკნელ პაემანსაც თავად პოსტის ავტორი შეესწრო... არადა, იმ დღეებში წყვილის ქალიშვილი უნდა ჩამეწერა, თეატრისა და კინოს ცნობილი მსახიობი, 3 შვილისა და 11 შვილიშვილის ბებია - ეკა ქუთათელაძე. ამიტომ ვისარგებლე შემთხვევით და ერთ ჩაწერას მეორეც მივაყოლე - ეკას ვთხოვე, მშობლების უდიდეს, გაუხუნარ სიყვარულზე ეამბნა.

ერთად - სკოლის მერხიდან

- იმხანად თბილისში ქალთა და ვაჟთა სკოლები არსებობდა და მამა ვაჟთაში სწავლობდა, დედა - ქალთაში. თანატოლები იყვნენ, ორივე - 1933 წელს დაბადებული, მამა - იანვარში, დედა - მაისში. ერთმანეთიც სკოლის ასაკში გაიცნეს. სხვათა შორის, მათი სიყვარულიც სკოლის პერიოდში დაიწყო. ზაფხულობით, მშობლებს დასასვენებლად რომ მიჰყავდათ, უფროსები რომ ვერ მიმხვდარიყვნენ, თურმე, ერთმანეთს "დაშიფრულ" წერილებს უგზავნიდნენ - მამა თუ წერდა წერილს, დედას რომელიმე მეგობრის - ხან თინა კერესელიძის, ხან ლიანა მახარაძის სახელით აგზავნიდა და - პირიქით. ერთი ასეთი წერილიც ვნახე: "გან, გან, გან,/ ლიანასა-გან,/ კენ, კენ, კენ,/ ანზორისა-კენ..." მამას გარდაცვალების მერე კი დედამ ყველა წერილი დახია, - არ მინდა, დარჩესო...

დედა სამედიცინო ინსტიტუტში სწავლობდა, მამა - "თეატრალურში". სტუდენტობისას დაქორწინდნენ. ქორწილიც გადაუხდიათ. მამას ხელისმომკიდეები თეატრალური ინსტიტუტიდან მისი ჯგუფელები: რომან აბულაძე, ბექარ მეძმარიაშვილი და უშანგი დარჩია იყვნენ, დედასი კი - ლიანა მახარაძე. ჯერ მე გავჩნდი, 8 წლის შემდეგ - ჩემი და თეონა. ვცხოვრობდით ყოფილ კიროვის ქუჩაზე, "სტელას ბაღთან", ახლა თეატრალური საზოგადოება სადაც არის, მის მოპირდაპირე ეზოში.  მამის მონათხრობით ვიცი, რომ განსაკუთრებით მივლიდა და ხშირად მასეირნებდა - ასე მაშინ ხდებოდა, როცა დედას ლექციები ჰქონდა და მამა ისვენებდა... მე რომ პატარა ვიყავი, "კიროვის" სახლში, ჩვენთან, დიდი შეკრებები ეწყობოდა, იმ პერიოდის მარჯანიშვილის თეატრის დიდი კორიფეები და მსახიობები იყრიდნენ თავს, ილხენდნენ და დილამდე კარტს თამაშობდნენ... დედას თეატრი და ხელოვანი ხალხი ძალიან უყვარდა, თანაც ძალიან კარგი დიასახლისიც იყო, ამიტომ არც მათი გამასპინძლება ეზარებოდა... მამას უახლოესი მეგობარი იყო კოტე მახარაძე, სხვათა შორის, კოტემ ითამადა ჩემს ქორწილში, ასევე, მამა ძალიან ახლობლობდა ვასო გოძიაშვილთან... ანზორ ქუთათელაძე და ლია ლეკიშვილი

ანზორ ქუთათელაძემ სადიპლომო სპექტაკლი სოხუმის ქართულ თეატრში დადგა, შემდეგ, წლების განმავლობაში, მარჯანიშვილის თეატრში მუშაობდა. უფროსი ქალიშვილი - ეკა 10 წლის იქნებოდა, აფხაზეთში, სოხუმის თეატრის მთავარ რეჟისორად რომ გადაიყვანეს. იმხანად ბატონი ანზორის მშობლებიც იქ ცხოვრობდნენ - მამა რკინიგზელი იყო, დედა კი - წლების განმავლობაში თეატრალური საზოგადოების დასასვენებელი სახლის ხელმძღვანელი. ასე რომ, ზაფხულობით ოჯახი, ფაქტობრივად, სულ სოხუმში იყო. საუბრისას ეკამ მითხრა, დღემდე ხშირად მესიზმრება ჩვენი იქაური სახლი, რომლის ფანჯრებიც ბოტანიკურ ბაღს გაჰყურებდა და, განსაკუთრებით წვიმის შემდეგ, ამ ფანჯრიდან ულამაზესი ხედი იშლებოდაო. თბილისში რომ დაბრუნდნენ, ანზორ ქუთათელაძე რუსთავის თეატრის მთავარ რეჟისორად გაუშვეს, შემდეგ, წლების განმავლობაში "თეატრალურის" პედაგოგი იყო და თაობები გაზარდა...

"სიყვარულის ჰიმნი"

- დედამ და მამამ დიდი სიყვარულით და სიხარულით იცხოვრეს. დედა განსაკუთრებული ადამიანი გახლდათ - ყოველთვის ცდილობდა, მამასთვის ისეთი გარემო შეექმნა, რომ თავისუფლად შეძლებოდა შემოქმედებითი მუშაობა. თავად დედა ძალიან კარგი ექიმი იყო, მე-4 სამშობიაროში მიკროპედიატრად მუშაობდა. ამასთან ერთად, დედა ხელმარჯვე ოსტატიც იყო - აბსოლუტურად ყველაფერი ეხერხებოდა: კერვაზე აღარაფერს ვამბობ, რადგან პალტოთი დაწყებული, ყველაფერი მისი შეკერილი გვეცვა, მაგრამ უთოს დაშლა-აწყობაც კი შეეძლო. ყველანაირად ცდილობდა, მამასთვის ყოფითი საქმეები აეცილებინა. ერთადერთი, მამას ბაზრიდან პროდუქტების მოტანა ევალებოდა. დედა ყოველთვის მეუბნებოდა, ქმარს მოტანილი პროდუქტი არასდროს დაუწუნო, თორემ მეორედ აღარაფერს მოიტანს. ყველაფერზე უთხარი, ძალიან კარგიაო და მერე, ნელ-ნელა ისწავლისო...

მამა ყოველ 25 მაისს - დედას დაბადების დღეს საგანგებოდ აღნიშნავდა, ასევე იქცეოდა დედაც - ყოველთვის აღნიშნავდა 5 იანვარს, მამას დაბადების დღეს. რამდენი წლის განმავლობაში ვიცხოვრეთ ერთად და არ მახსოვს, დედასა და მამას შორის რამე კონფლიქტი, უსიამოვნება ყოფილიყო, ან შეიძლება იყო კიდეც, მაგრამ მე და ჩემი და ამას ვერ ვხედავდით. ხმამაღალი ლაპარაკი ჩვენს სახლში გამორიცხული იყო. ყოველთვის მშვიდად და წყნარად ვიყავით.

საოცარი ურთიერთობა ჰქონდათ. არ არსებობდა, მამა სადმე დედას გარეშე წასულიყო, მხოლოდ თეატრებს, სპექტაკლებს, პრემიერებსა და კონცერტებს კი არ ვგულისხმობ ან სადმე სტუმრობას, არამედ - საზღვარგარეთაც კი არ დადიოდა მის გარეშე. სტუმრად თუ მიდიოდნენ, ლამაზად გამოეწყობოდნენ, პატარა დას მე მიტოვებდნენ და იმედიანად იყვნენ, იცოდნენ, თეონას კარგად მოვუვლიდი.

ერთმანეთით იყვნენ და, თითქოს, ერთმანეთს ავსებდნენ. მამას დედას აზრი ყოველთვის აინტერესებდა - ვთქვათ, პრემიერის შემდეგ აუცილებლად გამოჰკითხავდა, რა მოეწონა და რა არ მოეწონა, განხილვასავითაც კი აწყობდნენ. არ ვიცი, რამდენად მისაღები იყო მამასთვის დედას შენიშვნები ან რას ითვალისწინებდა, მაგრამ რაღაცებს რომ იზიარებდა, ამას მეც ვხედავდი. გარდა დიდი სიყვარულისა, ისინი დიდი მეგობრებიც იყვნენ...

მერე დედას დიაბეტი დაემართა. მიუხედავად იმისა, რომ ექიმი იყო, არანაირად არ უფრთხილდებოდა თავს. ფანტასტიკურ ტორტებს აცხობდა და თავადაც გემრიელად მიირთმევდა. დიაბეტის გამო ნელ-ნელა თვალის ჩინი დააკლდა. მამა ძალიან განიცდიდა, დედა რომ ვეღარ ხედავდა და პატარა ბავშვივით უვლიდა მას.

სხვათა შორის, ჯვარი არ ჰქონდათ დაწერილი და მოგვიანებით, დაახლოებით, 65-წლისანი რომ იყვნენ, ჩემმა ქმარმა - უკვე მოძღვარმა მამა ნიკოლოზმა (ერისკაცობაში ვაჟა მინდიაშვილმა) დასწერა - საბურთალოს სასაფლაოზე ამაღლების ეკლესიის პირველი ჯვრისწერა სწორედ მათი იყო. მახსოვს, გაზაფხული იდგა, მაშინ ტაძარში გვირგვინებიც არ ჰქონდათ. ეკლესიის გარშემო ტრიალი მინდორი იყო, შვილიშვილებმა ყვავილები დაკრიფეს და იქვე მისგან დაამზადეს გვირგვინები. დედას და მამას მეჯვარეები კი მათი უფროსი შვილიშვილები ანუ ჩემი შვილები იყვნენ: დედასი - ნატალია და მამის - აჩიკო. დედას ფეხზე დგომა არ შეეძლო და დამჯდარმა დაიწერა ჯვარი.

მამას ავადმყოფობა კი ოჯახისთვის მეხის დაცემასავით იყო, რადგან მანამდე არასდროს არაფერი წამოსტკივებია. მახსოვს, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტიდან გასტროლი ჰქონდათ თურქეთში, რაღაც ფესტივალზე და იქიდან რომ ჩამოვიდა, დედას დაბადების დღეს, 25 მაისს, მითხრა, რაღაც, კარგად ვერ ვარ, ტუჩები მიბუჟდებაო. რა ცუდად უნდა ყოფილიყო, რომ დედაჩემის დაბადების დღის წვეულებას ვერ დაესწრო - დედას მეგობრები გვეწვივნენ, მამამ მათ მოუბოდიშა, თავის ოთახში შევიდა და არარც გამოსულა. მერე, პატარა შვილი მყავდა ავად და ერთხანს აბასთუმანში ვიყავი, ამიტომ მამასთვის ვერ მოვიცალე, რასაც დღემდე ძალიან განვიცდი. თბილისში რომ ჩამოვედი, ცნობილ ნევროპათოლოგთან წავიყვანე, რომელმაც, სამწუხაროდ, არასწორი დიაგნოზი დაუსვა და, შესაბამისად - არასწორი მკურნალობა დაუნიშნა. ამ დანიშნულებამ მამას კიდევ უფრო დაუმძიმა მდგომარეობა. მერე მისი ანალიზის პასუხები ექიმ გოგიტა გეგელაშვილს წავუღე, მამაც წავიყვანე და გოგიტა კინაღამ გაგიჟდა, მამას ჩუმად მითხრა, სიმსივნე არის და საკმაოდ პროგრესირებადიო. კარგა ხანს ვერ დაველაპარაკე მამას, იქვე დავტოვე, ექიმთან, მე კი, ვითომ საქმეზე წავედი, სინამდვილეში კი ატირებული დავდიოდი სართულებზე და არ ვიცოდი, მამასთვის რა მეთქვა. ვერ გეტყვით, მიხვდა თუ არა, მის თავს რა ხდებოდა, მე კი ყველანაირად შევამსუბუქე სიტუაცია. დედა კი, მართალია, ვერ ხედავდა, მაგრამ ძალიან გამახვილებული ჰქონდა სმენაც და ყნოსვაც. კვლავ თვითონ აკეთებდა კერძებს, მთავარი იყო, სამზარეულოში ნივთებისთვის ადგილი არ შეგვენაცვლებინა. ორივესთან ძალიან გამომადგა ჩემი პროფესია, ვცდილობდი, არაფერს მიმხვდარიყვნენ. დედა, თითქოს, ინტუიციით რაღაცას გრძნობდა, მაგრამ მაინც საგულდაგულოდ ვმალავდი, თუმცა ერთ დღეს ჩემი და ჩემი დის საუბარი გაიგონა, ვლაპარაკობდით, მამას როგორ დაუმძიმდა მდგომარეობა. მაშინვე გვითხრა, მე ვიცოდი, რაღაცას რომ მიმალავდითო და... ჭამა აიკრძალა. როგორ არ ვთხოვდით, ცოტა მაინც შეჭამე-თქო, რადგან დიაბეტიანი იყო და უჭმელობა როგორ შეიძლებოდა? მაგრამ ვერაფერს გავხდით, გამოგვიცხადა, - არაფრით არ შევჭამ. მე ვჭამო და ანზორი ასე იყოს, ის მოკვდეს და მე ცოცხალი დავრჩეო?! რაღაც ხნის შემდეგ მამამაც გაიგო თავისი დაავადების ამბავი და მერე იყო ის, სამზარეულოში უკანასკნელი პაემანიც რომ მოვუწყვეთ, რაც სოციალურ ქსელში რეჟისორმა დიმა ხვთისიაშვილმა დაწერა.

უკანასკნელი პაემანი

ეს ამბავი, როგორც დასაწყისში გითხარით, რამდენიმე დღის წინ რეჟისორმა დიმიტრი ხვთისიაშვილმა გაიხსენა. ამბავი, რომელიც უცრემლოდ ვერავინ წაიკითხა, ვერც იმ წყვილის ნაცნობმა და მეგობარმა და ვერც უცნობმა ადამიანებმა. დარწმუნებული ვარ, მისი მოსმენა არც თქვენ დაგტოვებთ გულგრილს:

დიმიტრი ხვთისიაშვილი, დაახლოებით, 5-6 წლის განმავლობაში, თავისი საქმიანობის პარალელურად, ბატონ ანზორ ქუთათელაძესთანაც მუშაობდა: თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში - მისი ჯგუფის რეჟისორ-პედაგოგად და კოსტავას სახელობის თეატრში, რომელსაც იმ პერიოდში ბატონი ანზორი ხელმძღვანელობდა. სწორედ მაშინ დაახლოებულან ძალიან, ოჯახებითაც კი. ამბავს, რომელსაც რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი ბატონი ანზორის ოჯახში შეესწრო, იგი თავისი ნახევარსაუკუნოვანი ცხოვრების  ყველაზე მნიშვნელოვან შთაბეჭდილებას უწოდებს: "ვინც ბატონი ანზორი და მისი ოჯახი იცოდა, ისიც კარგად მოეხსენებოდა, როგორი მოსიყვარულე ოჯახი ჰქონდათ მას და ქალბატონ ლიას, მისი ცხოვრების ერთგულ თანამგზავრს. სამწუხაროდ, ქალბატონ ლიას ვერაგი დაავადება - დიაბეტი ჰქონდა, რამაც ცხოვრების დაღმართზე მისი მხედველობის ჯერ მკვეთრი დაქვეითება გამოიწვია, შემდეგ კი - სულ მთლად დაკარგა თვალის ჩინი. სწორედ იმ პერიოდში აღმოაჩნდა "ბაბუსაც" (ასე ვეძახდით ბატონ ანზორს დიდი თუ პატარა) უმძიმესი სენი. თანაც ეს სენი იმდენად სწრაფად პროგრესირებადი გამოდგა, რომ, პრაქტიკულად, სულ რამდენიმე თვეში გამოგვაცალა კიდეც ხელიდან. ანზორ ქუთათელაძე და ლია ლეკიშვილი ქალიშვილებთან და შვილიშვილთან ერთად

ამბავი ბატონი ანზორის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა. ეს იყო 2002 წლის 14 ან 15 ნოემბერი. ყოველდღე, დღეში რამდენჯერმე ვეკონტაქტებოდი ეკას და ვკითხულობდი ბატონი ანზორის მდგომარეობას. იმ დღესაც დავრეკე, ეკამ ძალიან მოკლე პასუხი გამცა - ძალიან დამძიმდაო! წავედი. კარი ეკამ გამიღო. იქვე, ჰოლიდან, პირდაპირ გადიოდა კარი ბატონი ანზორის საძინებლისკენ. ეკამ იქვე, თითქმის ჩურჩულით მითხრა, - დღეს დილას ძალიან ცუდად იყო და დედაჩემი ყველაფერს მიხვდაო. მას უმალავდნენ, რადგან ვერ ხედავდა მის მდგომარეობას, არადა, ბატონი ანზორის ავადმყოფობა, ვინაიდან თვალ-ბუდეს ეხებოდა, ფიზიკურად ძალიან ადვილად შესამჩნევი იყო. მოკლედ, ლია ყველაფერს მიხვდა და ჭამა აიკრძალაო, - მითხრა ეკამ. ინსულინზე მყოფი ადამიანისთვის, კარგად მოგეხსენებათ, რას ნიშნავდა ჭამის აკრძალვა. მე და ეკამ იქვე კიდევ ცოტა ხანს ვისაუბრეთ, მერე კი ბატონ ანზორთან შეიხედა, რომელსაც გაღვიძებოდა. - დიმა მოვიდაო, - უთხრა ეკამ. ხელით მანიშნა, შემოდიო. ეკამ დაგვტოვა. ჯერ გამომკითხა, ჯგუფი რას შვებაო, მერე ხელით მანიშნა, წამომაჯინეო. ძალიან დასუსტებული იყო, მივეხმარე. უცებ მეუბნება, ბაბუ, იქნებ მოვახერხო, სამზარეულომდე გავჩოჩდეო. მოგეხმარებით-მეთქი. შენი იმედი მაქვს, არ მინდა, ეკას დავუძახოო. წამოვაყენე ფეხზე, ხალათი მოვაცვი, ხელზე დამეყრდნო და ჩოჩვა-ჩოჩვით დავიძარით სამზარეულოსკენ. მიუხედავად ასეთი დაძაბუნობისა, მივხვდი, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანის მომსწრე ვხდებოდი. უკვე კართან მისულები ვიყავით, უცებ მეუბნება, - არ მეძინა ბაბუ, გავიგონე ეკამ რაც გითხრაო... ძალიან შევწუხდი, თუმცა არ შევიმჩნიე. კარი გავაღე და ჩვენც ჰოლში გავედით. ეკამ რომ დაგვინახა, შეცბა, ჯერ ვერ მიხვდა, რა ხდებოდა. უცებ "ბაბუმ" ძალ-ღონე მოიკრიფა და, რაც შეეძლო, ხმამაღლა დაიძახა, - ლია, გოგო, სად ხარო? - ქალბატონი ლიას ხმაც იქვე გაისმა, - რა იყო ანზორო? - რა იყო და, რაღაც მომშივდა და პაემანზე გეპატიჟები, სამზარეულოშიო. გავფუჭდი. ცრემლს ვერ ვიკავებდი. იქით ეკა დაიძრა, თვალცრემლიანი, დედის სამზარეულოსკენ წამოსაყვანად - შეყვარებული წყვილი გამოსათხოვარ ვახშამს უწყობდა ერთმანეთს. ანზორმა ვერ აიტანა, როცა გაიგო, რომ მის გამო ლიამ ჭამა შეწყვიტა და გადაწყვიტა, რადაც უნდა დაჯდომოდა, მისი ასეთი წინააღმდეგობა სიყვარულითა და მოფერებით დაეძლია. შევიყვანეთ შეყვარებული წყვილი სამზარეულოში, ეკამ სუფრა გაუწყო და დავტოვეთ მარტო - უკანასკნელ პაემანზე... 20 ნოემბერს ბატონი ანზორი გარდაიცვალა... "

ძვირფასი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ქალბატონი ლია უკვე სრულიად აღარ ემორჩილებოდა ქალიშვილებსა და შვილიშვილებს. მას თავისი ანზორის მეტი არც არავინ უნდოდა. როდესაც ეკა ეუბნებოდა, - დედა, ჩვენ რა დაგიშავეთო, პასუხობდა: - ყველანი მიყვარხართ, მაგრამ ის იყო ჩემი სიცოცხლე და მასთან უნდა წავიდეო. ქალბატონი ლია შვილებმა იძულებით, გადასხმებით მხოლოდ ორ წელიწადს აცოცხლეს.

ანზორ ქუთათელაძემ და ლია ლეკიშვილმა თავისი სიყვარული კი წაიყოლეს იმ ქვეყნად, მაგრამ არანაკლები სიყვარული აქ, დედამიწაზე დატოვეს - ორი შესანიშნავი ქალიშვილი თავისი დიდი მონაგარით!

(სპეციალურად საიტისთვის)