ირაკლი ღარიბაშვილი განმარტავს, რატომ ეუბნებოდა ბერა ივანიშვილი რომ "მინისტრები დაურეკავდნენ" - კვირის პალიტრა

ირაკლი ღარიბაშვილი განმარტავს, რატომ ეუბნებოდა ბერა ივანიშვილი რომ "მინისტრები დაურეკავდნენ"

ეს ჩანაწერები არის ფაბრიკაცია 11 წლის წინანდელი ჩანაწერების. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მაშინ ჩვენ ვიყავით ტოტალური კონტროლის და მოსმენების მსხვერპლი, - ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "ტვ პირველის" ეთერში გასულ ფარულ ჩანაწერებს.

მისი თქმით, არ სურს "მდარე ხარისხის ბინძურ პროვოკაციებზე" ყოველთვის თავის მართლება უწევდეს.

"მე არ მსურს მდარე ხარისხის ბინძურ პროვოკაციებზე მიწევდეს ყოველთვის თავის მართლება და განმარტებების გაკეთება. ვინაიდან საზოგადოებაში გაჩნდა შეკითხვები, მხოლოდ მოსახლეობისთვის მინდა გავაკეთო შემდეგი განმარტება: ეს ჩანაწერები არის ფაბრიკაცია 11 წლის წინანდელი ჩანაწერების. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მაშინ ჩვენ ვიყავით ტოტალური კონტროლის და მოსმენების მსხვერპლი. თვითონ ჩანაწერი შედგება უამრავი საუბრისგან და არის ფაბრიკაცია", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილმა ასევე განმარტა, რას ნიშნავს ჩანაწერში ბერა ივანიშვილის მიერ მისთვის ნათქვამი ფრაზა "მინისტრები დაგირეკავენ". მისი განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს, მას, როგორც "ქართუ ფონდის" დირექტორს მინისტრებთან კონტაქტი ხშირად უწევდა.

"საუბარი იყო იმაზე, რატომ ახსენებდა ბერა ივანიშვილი ჩემთან საუბარში, რომ მინისტრები დამირეკავდნენ. მე 8 წლის განმავლობაში ვხელმძღვანელობდი ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდს და წლის განმავლობაში 200-მილიონიანი პროექტები გვქონდა. ბუნებრივია, მიწევდა ურთიერთობა და პირდაპირი კომუნიკაცია მთავრობის უწყებებთან, მათ შორის მინისტრებთან. მქონდა არაერთი შეხვედრა კულტურის მინისტრ ბატონ რურუასთან, თბილისის მერთან. მიხეილ სააკაშვილის მეუღლესთან, ქალბატონ სანდრასთან გვქონდა არაერთი მოლაპარაკება და მათი თხოვნების მოსმენა გვიწევდა. პრეზიდენტის დედა გიული ალასანია ჩვენი ხშირი სტუმარი იყო და "ქართუ ფონდში" გვსტუმრობდა, აქედან გამომდინარე პასუხი ნათელია.

საუბარი ასევე იყო იმაზე, თითქოს ეს ჩანაწერები 2017 წელს იყო გაკეთებული, 2017 წელს ვიყავი ბიზნესში, პოლიტიკა დავტოვე 2015 წლის დეკემბერში, მას შემდეგ 4 წელი არ ვყოფილვარ საჯარო პოლიტიკაში და ეს არგუმენტიც არის აბსოლიტურად საფუძველს მოკლებული", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, "ტვ პირველის" ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც, მათივე მტკიცებით, მომღერალი ბერა ივანიშვილი, სავარაუდოდ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამჟამინდელ ხელმძღვანელს ანზორ ჩუბინიძეს იმ ახალგაზრდების დასჯას სთხოვს, რომელთაც ინტერნეტში ივანიშვილების შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს. ამასთან, ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით, ბერა ივანიშვილი ამ საკითხზე ირაკლი ღარიბაშვილთან საუბრობს, რომელიც ამ ქმედებებს იწონებს.