"ბატონ მელიას, მის ოჯახს ან თანაპარტიელებს შეუძლიათ გირაო გადაიხადონ და მელია გამოვიდეს ციხიდან ნებისმიერ დროს, თუნდაც დღეს" - კვირის პალიტრა

"ბატონ მელიას, მის ოჯახს ან თანაპარტიელებს შეუძლიათ გირაო გადაიხადონ და მელია გამოვიდეს ციხიდან ნებისმიერ დროს, თუნდაც დღეს"

ბატონ მელიას, მის ოჯახს ან მის თანაპარტიელებს შეუძლიათ გირაო გადაიხადონ ნებისმიერ დროს და ნიკა მელია გამოვიდეს ციხიდან ნებისმიერ დროს, თუნდაც დღეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ საკითხზე პროკურატურამ "ნათელი განმარტება გააკეთა".

ამასთან, ღარიბაშვილი გამოეხმაურა "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" მიერ გამოქვეყნებულ ტექნიკური საარჩევნო შეფასების მისიის საბოლოო ანგარიშს. პრემიერის შეფასებით, ეს ანგარიში არის პასუხი ბარლდებებზე, რომ არჩევნები გაყალბდა.

"გავეცანით საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის არჩევნების შეფასებას და მათი შეფასებით, არჩევნები იყო თავისუფალი, კონკურენტული და მშვიდობიანი, რაც კიდევ ერთხელ არის პასუხი ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან აბსურდულ ბრალდებებზე, თითქოს არჩევნები გაყალბდა. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ ვართ აბსოლუტურად ღია და გამჭვირვალე, მზად ვართ, გავაგრძელოთ დიალოგი იმისთვის, რომ დასრულდეს ეს შეთანხმება რეალური შედეგით და ქვეყანამ ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება დაიწყოს. რაც იყო ხალხის დაკვეთა, რომ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში შევიდნენ და დაიწყოს ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება, ეს ყველამ ერთად უნდა ვიხილოთ ძალიან მალე. ამის იმედი გვაქვს შეთანხმების შედეგად",- განაცხადა ღარიბაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"