"ახალი თემა მოიგონეს, რომ ხელები ვასავსავოთ - პოლოლიკაშვილის თემა არის მოგონილი, რომ კახა კალაძის თემა წამოვიდეს წინა პლანზე" - კვირის პალიტრა

"ახალი თემა მოიგონეს, რომ ხელები ვასავსავოთ - პოლოლიკაშვილის თემა არის მოგონილი, რომ კახა კალაძის თემა წამოვიდეს წინა პლანზე"

ახალი თემა მოიგონეს, რომ ხელები ვასავსავოთ - პოლოლიკაშვილის თემა არის მოგონილი, რომ კახა კალაძის თემა წამოვიდეს წინა პლანზე - იქნება მერი თუ არა და წამოვიდეს აგრესია,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, კახა კალაძე ღირსეული მერია.

"ვინაიდან წინასწარი განცხადებები არ კეთდება, იქნება თუ არა მისი კანდიდატურა დაყენებული, ახლა ახალი თემა მოიგონეს, რომ ჩვენ ვიძახოთ და ხელები ვასავსავოთ, რომ არა ის არ იქნება, ის იქნება. ამ საკითხებთან დაკავშირებით განცხადებებს გააკეთებს "ქართული ოცნება" როცა ამის დრო მოვა. ზურა პოლოლიკაშვილის თემა არის მოგონილი, იმიტომ რომ დაიწყოს ლაპარაკი და კახა კალაძის თემა წამოვიდეს წინა პლანზე - იქნება ის მერი თუ არ იქნება და რაც შეიძლება მეტი აგრესია წამოვიდეს მის მიმართ", - განაცხადა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, კახა კალაძე ჩართულია პარტიაში მიმდინარე იმ პროცესებში, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირდება.

"კახა კალაძე არის პარტიის გენერალური მდივანი და ყველა პროცესში არის აქტიურად ჩართული და ყველა განცხადება, მოქმედება ნებისმიერი ჩვენგანის არის იგივე, რაც გააჩნია კახა კალაძეს", - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისათვის, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ თბილისის მერობის კანდიდატი თვითმმართველობის არჩევნებისთვის კახა კალაძე აღარ იქნება, ამავე ინფორმაციის თანახმად, კანდიდატობა ზურაბ პოლოლიკაშვილს შესთავაზეს.

"ინტერპრესნიუსი"