"ევროკავშირისთვის უმნიშვნელოვანესია მედიის თავისუფლება, რაც შეეხება კერძო შემთხვევებს, მე ამაზე კომენტარს არ ვაკეთებ" - კვირის პალიტრა

"ევროკავშირისთვის უმნიშვნელოვანესია მედიის თავისუფლება, რაც შეეხება კერძო შემთხვევებს, მე ამაზე კომენტარს არ ვაკეთებ"

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის განცხადებით, დროა, რომ პოლიტიკურმა მხარეებმა ყველა ძალა იხმარონ, რათა "ჩიხიდან გამოსავალი იპოვონ კომპრომისის სახით".

როგორც დანიელსონმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, პოლიტიკური პარტიების საქმეა, რომ ელჩების დახმარებით თვითონ იპოვონ გამოსავალი, რათა არსებულ სიტუაციას გაუმკლავდნენ.

"მოხარული ვარ აქ ყოფნის გამო. ეს არ არის ჩემი პირველი ვიზიტი საქართველოში. მე საქართველოში რამდენჯერმე ვიყავი როგორც ევროკომისიის წარმომადგენელი სამეზობლო და გაფართოების საკითხებში. აქ ვარ როგორც პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, მისი ძალიან ნაყოფიერი ვიზიტის შემდეგ, რომელიც საქართველოში 10 დღის წინ წარიმართა, ახლა ჩემი, როგორც პირადი წარმომადგენლის როლი არის, რომ დავეხმარო იმ ძალიან მნიშვნელოვან პროცესს, რომელიც ამჟამად ქვეყანაში მიმდინარეობს. ეს ეხება პოლიტიკურ დიალოგს, რომ დიალოგის მონაწილე ყველა მხარეს შეეძლოს წინ წაწევა, პროგრესის მიღწევა ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეში. როგორც აქამდე ელჩი ჰარცელი და დეგნანი უწევდნენ ფასილიტაციას, ჩვენ ამ პროცესს ვაგრძელებთ. ევროკავშირისთვის საქართველო ძალიან მნიშვნელოვანია და დიდ ყურადღებას უთმობს. აქ რაც ხდება, ეს მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის. ჩვენი მხრიდან შეშფოთებაა, რომ ქვეყანა პოლიტიკურ ჩიხშია შესული. ძალიან ბევრი გამოწვევაა, რომელიც ეხება პანდემიას, ეკონომიკურ სიტუაციას, ამიტომ გვჯერა, რომ ახლა არის დრო, რომ პოლიტიკურმა მხარეებმა ყველა ძალა იხმარონ, რომ ამ ჩიხიდან გამოსავალი იპოვონ კომპრომისის სახით. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩემი როლი, ისევე როგორც ბატონი ჰარცელისა და ელჩი დეგნანის, ის არის, რომ ხელი შევუწყოთ ამ პროცესს. ეს არის პარტიების, მათი წარმომადგენლების საქმე, რომ ჩვენი დახმარებით თვითონ იპოვონ გამოსავალი იმისთვის, რომ ამ სიტუაციას გაუმკლავდნენ და ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის კოვიდი, ეკონომიკური სიტუაცია და გამოსავალი ნახონ. ეს არის ხედვა იმისკენ, რომ ჩვენ უფრო გავერთიანდეთ",- განაცხადა დანიელსონმა.

"ჩვენს ყველა პარტნიორ ქვეყანაში მსგავს საკითხებს ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით", - ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა "ტვ პირველთან" დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განაცხადა.

როგორც დანიელსონმა აღნიშნა, ის კერძო შემთხვევებს არ იცნობს და კომენტარს ვერ გააკეთებს.

"ევროკავშირისთვის უმნიშვნელოვანესია გამოხატულებისა და მედიის თავისუფლება. ეს მნიშვნელოვანია, როგორც ევროკავშირის შიგნით, ასევე ევროკავშირის გარეთ ქვეყნებისთვის. რაც შეეხება კერძო საკითხებს, კერძო შემთხვევებს, მე ამაზე კომენტარს არ ვაკეთებ, იქიდან გამომდინარე, რომ სიღრმისეულად არ მაქვს შესწავლილი. მინდა დავამატო, რომ ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით მსგავს საკითხებს ყველა ჩვენ პარტნიორ ქვეყანაში", - განაცხადა დანიელსონმა.

"ჩემი მთავარი პუნქტი, საიდანაც ვიწყებთ, მოსმენაა", - ამის შესახებ კრისტიან დანიელსონმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მან იმედი გამოთქვა, რომ ხელისუფლების, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრები ნაყოფიერი იქნება.

"ჩვენ ძალიან ნაყოფიერად, სრული ჩართულობით უნდა ვიმუშავოთ ამ დღეების განმავლობაში იმისთვის, რომ ამ მედიაციამ შედეგი გამოიღოს. ჩემი მთავარი პუნქტი, საიდანაც ვიწყებთ, მოსმენაა. დილით უკვე შევხვდი პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს, დღის განმავლობაში შევხვდები სამოქალაქო საზოგადოებისა და ასევე, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს. მერე ვნახავთ, როგორ შეგვიძლია, რომ პროცესი წინ წავიდეს",-განაცხადა დანიელსონმა.

მისი თქმით, შეხვედრების ფარგლებში განიხილება პოლიტპატიმრების, მართლმსაჯულებისა და საარჩევნო რეფორმის საკითხი.

"საარჩევნო რეფორმა, პოლიტიზირებული მართლმსაჯულება ეს ის საკითხებია, რომელზეც უნდა ვიმსჯელოთ, რომელიც განსჯის საგანია. მზად ვართ, რომ ამ დღეებში ამ საკითხებზე ვიმუშავოთ",-განაცხადა დანიელსონმა.

ცნობისთვის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს დღეს ესტუმრა. ის უკვე შეხვდა პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს.

დანიელსონის ვიზიტის მიზანია, ჩაერთოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ 1-ელ მარტს ინიცირებულ, განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად. ამასთან, დანიელსონი ოპოზიციურ პარტიებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს გამართავს.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით