"გამოძიების ჩატარებისას პრიორიტეტად უნდა დარჩეს მედიის თავისუფლების ფუნდამენტური პრინციპი - ჟურნალისტების უფლება, დაიცვან თავიანთი წყაროები" - კვირის პალიტრა

"გამოძიების ჩატარებისას პრიორიტეტად უნდა დარჩეს მედიის თავისუფლების ფუნდამენტური პრინციპი - ჟურნალისტების უფლება, დაიცვან თავიანთი წყაროები"

აშშ-ს საელჩო ტვ "პირველზე" - გამოძიების ჩატარებისას პრიორიტეტად უნდა დარჩეს მედიის თავისუფლების ფუნდამენტური პრინციპი - ჟურნალისტების უფლება, დაიცვან თავიანთი წყაროები

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ტელეკომპანია "პირველის" გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ყველა ჩართულ მხარეს მოუწოდებს, პროფესიონალურად და თავშეკავებით მიუდგნენ სიტუაციას.

"ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ტელეკომპანია "პირველის" გარშემო განვითარებულ მოვლენებს, კერძოდ, სამართალდამცავებსა და მედიის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობას. ამ გამოძიების ჩატარებისას პრიორიტეტად უნდა დარჩეს კანონის უზენაესობის დაბალანსებული, მიუკერძოებელი გამოყენება და მედიის თავისუფლების ფუნდამენტური პრინციპი - ჟურნალისტების უფლება, დაიცვან თავიანთი წყაროები. საიდუმლო ჩანაწერები, ისევე როგორც დაშინება ან დევნა არის უკანონო და დასაგმობი და გამოძიებული უნდა იქნას კანონის შესაბამისად. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს პროფესიონალურად და თავშეკავებით მიუდგნენ ამ სიტუაციას. სასამართლო სისტემა უნდა მუშაობდეს სამართლიანად და მიუკერძოებლად და არ უნდა იქნას ბოროტად გამოყენებული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად შერჩევითი სამართლებრივი დევნის გზით",-აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განაცხადებაში.

ცნობისთვის, "ტვ პირველის" ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც, მათივე მტკიცებით, მომღერალი ბერა ივანიშვილი, სავარაუდოდ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამჟამინდელ ხელმძღვანელს ანზორ ჩუბინიძეს იმ ახალგაზრდების დასჯას სთხოვს, რომელთაც ინტერნეტში ივანიშვილების შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს. ამასთან, ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით, ბერა ივანიშვილი ამ საკითხზე ირაკლი ღარიბაშვილთან საუბრობს, რომელიც ამ ქმედებებს იწონებს. აღნიშნულთან დაკავშრებით პროკურატურამ გამოძიება კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერისა და მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენების ფაქტებზე დაიწყო.