"მა­გა­რი რამე ყო­ფი­ლა ნარ­კო­ზი... ვა­სი­კო კეჟე­რა­ძის პა­ლა­ტა-ლუქსში ვარ მოხ­ვედ­რი­ლი! ნარკოზგაღმა ნაპირიდან დამაბარეს..." - კვირის პალიტრა

"მა­გა­რი რამე ყო­ფი­ლა ნარ­კო­ზი... ვა­სი­კო კეჟე­რა­ძის პა­ლა­ტა-ლუქსში ვარ მოხ­ვედ­რი­ლი! ნარკოზგაღმა ნაპირიდან დამაბარეს..."

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ყოფილმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ, რომელიც ცოტა ხნის წინ "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრი და პარტიის თავმჯდომარე გახდა, პარტიული თანამდებობა დატოვა.

რამდენიმე დღის წინ ამის მიზეზად მან ჯანმრთელობის პრობლემები დაასახელა.

"მაინც, ყოველი შემთხვევისთვის, რამე სულელური ვერსიები რომ არ გაჩნდეს, ვინაიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ შევძლებ საჯარო კომუნიკაციას, ვტოვებ პარტიაში ჩემს თანამდებობას. პოლიტიკური გემოვნება და შეხედულებები არ მეცვლება. თუ საჭირო გახდა, გაცდენები რომ საპატიოდ ჩამეთვალოს, ცნობასაც წარმოვადგენ!" - წერდა მაღლაფერიძე.

როგორც აღმოჩნდა, მან ოპერაცია უკვე გაიკეთა და საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

"დასრულდა ჩემი ოპერაციის ეპოპეა, რომელიც თავის ყველაფრით, სადღაც 4-5 საათი გაგრძელდა. როგორც მითხრეს, ყველაფერი ნორმალურადაა. მაგარი რამე ყოფილა ნარკოზი, გღვიძავს, გელაპარაკებიან, მერე უცებ ისევ გეღვიძება (ისე რომ ვერ გაიგე, როდის დაიძინე) და გეკითხებიან - ყველაფერი მორჩა და რაფერ ხარო?!

ტელეფონზე საუბარი და სხვა ტიპის უაზრო მასლაათობები შემიზღუდეს, სამაგიეროდ, დამიტოვეს ეპისტოლარულ ჟანრში მოღვაწეობის უფლება. ერთხანს ამიკრძალეს წამოდგომა და მკვეთრი მოძრაობები, სამაგიეროდ, დაშვებულია კითხვა და ტვინის განძრევა!

მოკლედ, ისეთი პირი უჩანს, ვასიკო კეჟერაძის პალატა-ლუქსში ვარ მოხვედრილი! მოკლედ დიდი მადლობა ექიმებს, მედპერსონალს, მეგობრებს, ოჯახს და მარტის თოვლს, რომელიც გომბორში ჩემს ვარდებს და ხეხილს ძალიან სჭიდებოდა! P.შ. დაბოლოს, რომ არ დამავიწყდეს! ნარკოზგაღმა ნაპირიდან დამაბარეს, გამოხატვის ხმას პაწა დოუწიეთ, ნამეტანი ხმამაღლა ყვირიხართო!" - წერს მაღლაფერიძე.