"გადავირიე: ხომ არ გაგიჟდით, საფლავიდან როგორ მოითხოვონ მშობლებმა შვილის გადმოსვენება-მეთქი? - ქალბატონო, მამა ცოცხალიაო" - კვირის პალიტრა

"გადავირიე: ხომ არ გაგიჟდით, საფლავიდან როგორ მოითხოვონ მშობლებმა შვილის გადმოსვენება-მეთქი? - ქალბატონო, მამა ცოცხალიაო"

"წამოიწყეთ ომი? გამოწვევა მიღებულია!"

მამა, რომელსაც უფლება არ მისცეს, შვილის ცხედრის გადმოსვენებაზე მოეწერა ხელი

"ხშირად მშობლებიც სცოდავენ შვილების წინაშე და ისე მიდიან ამ ქვეყნიდან, რომ საიდუმლოც თან მიაქვთ..." - ამბობს ირმა გიქორაშვილი-კილაძე, რომელმაც ყოფილი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ აღმოაჩინა, რომ მისი შვილების მამა სულაც არ ყოფილა ობოლი, რისიც კაცს წლების განმავლობაში სჯეროდა. მთელი ცხოვრება წუხდა თავისი ობლობის გამო, არადა, თურმე მისგან ძალიან ახლოს, სადღაც ხან იცინოდა, ხან ტიროდა, ლაპარაკობდა, მუშაობდა, სითბოს სხვა ბავშვებს ურიგებდა კაცი, რომელთან ურთიერთობის დეფიციტსაც მისი შვილი მუდმივად განიცდიდა... და ვინ იცის, რამდენჯერ გახსენებია თავისი მიტოვებული შვილი ამ კაცსაც, რომელიც უკვე თავადაც აღარ არის ამქვეყნად, მაგრამ დატოვა იდუმალებით მოცული ამბავი და სამწუხაროდ, მან ოდესღაც მიტოვებული შვილის ოჯახს პირველი და უკანასკნელი სათხოვარიც (ხელი მოეწერა საბუთზე, რომლის წყალობითაც ბელორუსიიდან მისი შვილის ცხედრის გადმოსვენება მოხერხდებოდა და შვილიშვილებს მამის საფლავზე მისვლის შანსი ექნებოდათ) ვერ ან არ შეუსრულა...

- ირმა, როგორ ხართ?

- ვუძლებ შემოტევებს. სოციალურ ქსელში პოსტი როგორც კი დავდე, მესენჯერში დამიკავშირდა ჩემი ყოფილი ქმრის ნახევარდა, რომელმაც ცოტა არ იყოს მბრძანებლური ტონით მომთხოვა, პოსტიც აიღე და ირაკლის და მამაჩემის ფოტოებიცო... ამ ქალმა თავის დროზე ცოცხალი თავით არ დამალაპარაკა მამამისი; პოლიცია, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელიც არ შეუშვეს მასთან, წარმოგიდგენიათ? არადა, მისი ხელმოწერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. შეიძლება იმ კაცს რამე ჰქონდა ჩვენთვის სათქმელი და იქნებ ჩემი ყოფილი ქმრის ირგვლივ არსებული საიდუმლო ბოლოს და ბოლოს გაცხადებულიყო.

- მიამბეთ თქვენს ყოფილ მეუღლეზე. რატომ ფიქრობდა, რომ მამით ობოლი იყო? - როდესაც ცოლად გავყევი, მითხრა, 5 წლის რომ ვიყავი, მამა მაშინ გარდაიცვალაო. დიდი მოგონებები არ ჰქონდა. გულდაწყვეტილი ამბობდა: ერთი-ორი კადრი მაქვს მეხსიერებაში შემორჩენილი მამაზეო. დედაც 15 წლის ასაკში დაკარგა. მხოლოდ დედის საფლავი ჰქონდა და როცა ამის მიზეზი ვკითხე, მიპასუხა: მეც არ ვარ ნამყოფი მამის საფლავზე. დედამ მითხრა, დედამთილს არ მოვწონდი და შვილი საკუთარ ქალაქში, ზუგდიდში გადაასვენაო.

ირაკლი მიყვებოდა: კადრებივით მაქვს მეხსიერებაში ჩარჩენილი, რომ მამა იყო "ზდაროვი" კაცი. ერთხელ კალთაში ვეჯექი და რაღაცას მიყვებოდაო, მაგრამ რას - ვერ იხსენებდა. მეორე ეპიზოდიც ახსოვდა: ფისო გავაბრაზე ეზოში და მამამ ძაღლის ქოხში ჩამკეტა რამდენიმე წუთით. მერე მითხრა, დაიმახსოვრე, ცხოველებს ცუდად აღარ მოექცეო...

ერთხელ თურმე ირაკლიმ დედას უთხრა: გთხოვ, მოვძებნოთ მამაჩემის საფლავიო. დედამ იუარა, - აბა, როგორ მივაგნებთო? მაგრამ გარდატეხის ასაკში მყოფ შვილს ეტყობა, ბოლომდე ვერ შეეწინააღმდეგა და ბოლოს დათანხმდა, ბებიის სახელს გეტყვიო. დაუსახელა ვინმე მედეა შენგელია. ირაკლი ზუგდიდში გაპარულა და ამ სახელის და გვარის მქონე ადამიანს ეძებდა. სამწუხაროდ, როგორც საბუთებიდან ირკვევა, დედამ მოატყუა: ის ქალი შენგელია კი არა, გვარად ქარჩავა ყოფილა. ალბათ შეგნებულად აურია შვილს კვალი, არ უნდოდა მას სიმართლე გაეგო და ამაზეც ვბრაზობ; რაც უნდა მწარე ამბავი ყოფილიყო, მისი შვილისთვის სიმართლე უნდა ეთქვა.

- თქვენი ყოფილი მეუღლე რით გარდაიცვალა? - გული გაუჩერდა... ჩვენ რომ განვქორწინდით, წავიდა ბელარუსში, სადაც ერთ ქალბატონთან ერთად ცხოვრობდა. ამ ქალმა შეგვატყობინა, რომ გარდაიცვალა. მივედი საგარეო საქმეთა სამინისტროში გადმოსვენების თაობაზე; რადგან ჩვენი შვილები არასრულწლოვნები იყვნენ და მშობლებიც არ ჰყავდა, მე, როგორც ყოფილ მეუღლეს, ამის მოთხოვნის უფლება მქონდა. მინდოდა, ჩემს შვილებს მამის საფლავზე მისვლა შესძლებოდათ ხოლმე. შოკი მივიღე, რადგან სამინისტროში მითხრეს: ამის უფლება არ გაქვთ, მშობელმა უნდა მოითხოვოსო! გადავირიე: ხომ არ გაგიჟდით, საფლავიდან როგორ მოითხოვონ მშობლებმა შვილის გადმოსვენება-მეთქი? - ქალბატონო, მამა ცოცხალიაო. გავიქეცი იუსტიციის სახლში, რათა გარდაცვალების ცნობა ამომეღო და მომცეს ამონაწერი, რომ ასეთი ცნობა არ იძებნება, ვინაიდან ცოცხალია... საშინელ დღეში ჩავვარდი. ოპერატორი გოგო მიხვდა ჩემს ემოციურ მდგომარეობას და როცა მიზეზი გაიგო, მითხრა მისამართი, სადაც წავედი შვილებთან ერთად. სახლში ამ კაცის და დამხვდა. სტუმრად ნათესავი ცოლ-ქმარი ჰყავდა. ავუხსენი მდგომარეობა. უარყო: ჩემს ძმას ჰყავს ცოლ-შვილი და მანამდე არავინ ჰყოლიაო. არადა, ირაკლის მშობლები ხელმოწერილი ცოლ-ქმარი იყვნენ, ამის დამადასტურებული საბუთი არსებობს...

როცა მას ირაკლის ფოტოები ვუჩვენე, დაიბნა. ჩემს შვილებსაც გაკვირვებული ათვალიერებდა. კი, ცდილობდა არაფერი შეემჩნია, მაგრამ ემოცია სახეზე ეხატა. ჰოდა, ბოლოს მაინც მომცა თავისი ძმის ტელეფონის ნომერი. დავრეკე. მიპასუხა ქალმა. თურმე მესამე ცოლი ჰყოლია, რომელთანაც ქალიშვილი შეეძინა - სწორედ ამ გოგომ მიპასუხა და როცა ავუხსენი, ვინ ვიყავი და რა მინდოდა, რომ არაფერს ვითხოვდი გარდა იმისა, რომ მამამისს ხელი მოეწერა შვილის გადმოსვენების საბუთზე, ლამის გადაირია: მამა ცუდად არის, დაანებეთ თავი. მას სხვა ცოლი და სხვა შვილი არ ჰყოლიაო... მე რომ ვერაფერს გავხდი, მათთან ჩავიდა პოლიცია. აუხსნეს, ყველა ოფიციალური საბუთით, მამათქვენი გარდაცვლილის მშობელიაო...

რადგან სამინისტრომ გადმოსვენების ხარჯები გაიღო, რეკავდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებიც, მაგრამ თანხმობის ნაცვლად, იღებდნენ ლანძღვას. ამ კაცს არ გაგვაკარეს...

ამ ამბიდან რამდენიმე თვეში გარდაიცვალა ირაკლის მამა, ზუსტად ჩემს დაბადების დღეს და დაიწყო პანდემიაც - სამწუხაროდ, გადმოსვენება ვერ მოხერხდა. ახლა ჩემი უფროსი შვილი უკვე სრულწლოვანია. მორჩება პანდემია და მერე შევძლებთ გადმოსვენებას, უფლის წყალობით.

- როგორ ფიქრობთ, რატომ არ დაგალაპარაკეს იმ კაცს? - ჩემი პოსტის ქვეშ, კომენტარებში ერთმა დაწერა: ხელი რომ მოეწერა ამ საბუთისთვის, ამას ხომ ქონებრივი დავა მოჰყვებოდაო. ეტყობა, ამის ეშინოდათ... როგორც ვიცი, ამ კაცს მეორე ცოლთანაც ვაჟი ჰყოლია და არც მასთან ჰქონდა ურთიერთობა... ამბობენ, კოლორიტი და ინტელიგენტი კაცი იყოო. ჰოდა, ეტყობა ახლა ამ ამბის გამჟღავნებით ვიღაცებს თავმოყვარეობა შეელახათ. საინტერესოა, რაში გამოიხატება ინტელიგენტობა? ეს კაცი სხვის ბავშვებს ეფერებოდა და საკუთარი შვილი ჰყავდა მიტოვებული. რატომ, რა დაუშავა?

წარმოიდგინეთ, ერთი პერიოდი მე და ირაკლი ვცხოვრობდით თავისუფლებაზე, ქირით და თურმე, რამდენიმე მეტრის მოშორებით ცხოვრობდა მამამისი, რომლის საფლავსაც კი ნატრობდა მისი შვილი. გული მიკვდება ამის გახსენებისას. ხუმრობასავითაა, მაგრამ თქვეს: თუ იმქვეყნად რამე არსებობს, ირაკლის რომ საიქიოშიც არ დახვდებოდა მამა, ხომ სულ გაგიჟდებოდაო.

გარეგნულად რომ ძალიან ჰგავდა შვილი მამასს, ამას ყველა აღნიშნავს... ამ კაცის ქალიშვილმა ამ დღეებში იცით, რა მომწერა? - დნმ-ის ანალიზი არ მინდაო. არადა, ეს არც მომითხოვია. საინტერესო ამბავია, არა?

- ქონების გაყოფის შიში რატომ გაუჩნდათ, მით უმეტეს, რომ თქვენ ამ კაცის არსებობის შესახებ შემთხვევით გაიგეთ... - ვერაფერს გეტყვით... ქონება კი არა, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ირაკლის გადმოსვენება... ნუ, როცა გავიგე, რომ ჩემს შვილებს მამის მხრიდან კიდევ ჰყავდათ ნათესავები, ცხადია, მინდოდა ერთმანეთი გაეცნოთ. ეს ქვეყანა არც ისე დიდია და ხომ შეიძლება უცნაურ ვითარებაში გადაეყარონ ერთმანეთს? ჩემთვის სისხლით ნათესაობა მნიშვნელოვანია.

- როცა ობლობაში იზრდებიან ადამიანები, მერე თავად ცდილობენ, საუკეთესო მშობლები იყვნენ. როგორი მამა იყო ირაკლი? - ცდილობდა ყველანაირად, რომ საუკეთესო ყოფილიყო. დღე ისე არ გავიდოდა, ბავშვები არ მოეკითხა, მათი ხმა არ გაეგო. გარდაცვალებამდე რამდენი წამით ადრეც შვილებთან ჰქონდა მიმოწერა. მისი მესიჯები მოულოდნელად შეწყდა და მერე იმ ქალბატონმა მოგვისამძიმრა. იმდენად კეთილშობილი ქალი აღმოჩნდა, რომ "სკაიპით" გვაყურებინა დაკრძალვის ცერემონია და გარდაცვალების მოწმობაც გამოგზავნა, ბავშვებს ობლობის პენსიას დაუნიშნავენო. ეს ქალიც კი ცდილობდა ჩვენს დახმარებას და აქ, საკუთარი მამის ხელმოწერას ვერ ეღირსა, რომ სამშობლოს მიწისთვის მიგვებარებინა... და კიდევ აქეთ აქვს ამ კაცის შვილს პრეტენზია. თურმე პოსტის დადება როგორ გავბედე. პოსტი კი არა, ისე ვარ აღშფოთებული ამ ყველაფრით, გადავწყვიტე, სამართლებრივად ვიბრძოლო. ომი გამომიცხადეს არაფრის გამო? კი ბატონო, მივიღებ გამოწვევას. ყველანაირი ბერკეტი მაქვს საიმისოდ, რომ მოვიგოთ მათი დაწყებული ომი. ცამდე მართალი ვარ. და თუ ვინმეს მათი სანათესაოდან ეჭვი ეპარება ჩემს სიმართლეში, დაუკავშირდნენ სამინიტროს, იქ მათ ყველაფერში გაარკვევენ.

აქ ერთ ფოტოზე ჩემი ყოფილი მეუღლეა, მეორეზე მამამისი, არადა ამ კაცის ქალიშვილი მიმტკიცებს: მამა-შვილი არ იყვნენ. მერე რა, თუ დოკუმენტებში სხვა რამე წერიაო... ჰოდა, რაზე ველაპარაკო?.. ყველაზე მტკივნეული ისაა, რომ სამწუხაროდ, ზოგიერთი მშობელი შეგნებულად სცოდავს შვილის წინაშე...

ლიკა ქაჯაია (სპეციალურად საიტისთვის)