საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია შემოვიდა - ვინ აიცრება პირველ ეტაპზე? - კვირის პალიტრა

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია შემოვიდა - ვინ აიცრება პირველ ეტაპზე?

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია - 43 200 დოზა დღეს საქართველოში შემოვიდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ბრიფინგი გაიმართა.

"დღეს გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი და მოვლენა, საქართველოში შემოვიდა "კოვაქს" პლატფორმის მხრიდან "ასტრაზენეკას" ვაქცინა. დღესდღესობით ჩვენ ხელმისაწვდომი გვაქვს 43 200 ვაქცინა, რომელიც საქართველოს კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო გეგმის მიხედვით განკუთვნილია სამედიცინო პერსონალისთვის.

დღესდღეობით დარეგისტრირებულია 64 ათას 51 ადამიანი, რომელთაგანაც 54 ათასი ადამიანი ექვემდებარება ვაქცინაციას. გამომდინარე იქიდან, რომ ექიმები წარმოადგენენ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთლობისთვის ზრუნვაში ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტულ სეგმენტს, რა თქმა უნდა, ამ ვაქცინების ნაწილი განკუთვნილია სამედიცინო პერსონალის ვაქცინაციისთვის.

დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვაქცინაციის და გეგმის მიხედვით, საქართველოში შერჩეულია 82 დაწესებულება, სადაც 15 მარტიდან დაიწყება ვაქცინაციის პროცესი.

ყველა დაწესებულებაში ჩატარებულია შესაბამისი ტრენინგი, შემოწმებულია ის შესაბამისი აღჭურვილოებები, რომელიც უზრუნველყოფებს ვაქცინაციის უსაფრთხო ტრანსპორტირებას და განთავსებას. ეს პროცესი დაავადებათა კონტროლის მონიტრონგის ქვეშ არის",-აცხადებს ტიკარაძე.

როგორც ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ჯანდაცვის უწყებას ყოველდღიური კომუნიკაცია ექნება ყველა იმ სამედიცინო დაწესებულებასთან, სადაც ვაქცინაცია მოხდება, რათა შესაძლო საფრთხეების მინიმირება მოხდეს.

"შექმნილია პორტალი, სადაც ხდება ადამიანების დარეგისტრირება. დღეს 12 საათის შემდეგ სამედიცინო პერსონალს საშუალება მიეცემა, დაჯავშნონ თავიანთი დრო და ადგილი, თუ სად იქნებიან ისინი ვაქცინირებული და დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი თანმიმდევრულად და წარმატებით წარიმართება. უნდა აღინიშნოს იმ სამედიცინო დაწესებულებების აქტივობის მნიშვნელობა, ვინც ამ პროცესშია ჩართული. ჩვენ მათთან გვექნება ყოველდღიურ რეჟიში უწყვეტი კავშირი, რომლის მიხედვითაც შევძლებთ, ხარისხის განსაზღვრას და ყველა იმ საფრთხის მინიმირებას, რომელიც შესაძლოა ამ პროცესში დადგეს",- განაცხადა ტიკარაძემ.