"ნიკა მელია თუ გარეთ არ არის, რთულია რაიმე გადაწყვეტილებაზე საუბარი" - რას აცხადებს აკაკი მინაშვილი კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ - კვირის პალიტრა

"ნიკა მელია თუ გარეთ არ არის, რთულია რაიმე გადაწყვეტილებაზე საუბარი" - რას აცხადებს აკაკი მინაშვილი კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ

მთავარი პასუხისმგებლობა აქვს ხელისუფლებას, მათ უნდა გადმოდგან შემხვედრი ნაბიჯი იმისათვის, რომ ახალი არჩევნები ნორმალური წესით ჩატარდეს. არ არსებობს ნდობა ხელისუფლების მიმართ, ინსტიტუტების მიმართ და ეს ნდობა უნდა აღდგეს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა აკაკი მინაშვილმა ჟურნალისტებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელთან კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ოპოზიციის მხრიდან საუბარი თანამდებობების განაწილებას არ შეეხება და თანამდებობების სურვილი რომ ჰქონოდათ, შეიძლება ,,პარლამენტშიც ყოფილიყვნენ თბილ კაბინეტებში".

"ჩვენ გვქონდა საუბარი იმ საკითხებზე, რომელიც ჩამოწერილი იყო, პრეზიდენტ მიშელის 6-პუნქტიან გეგმაში და იმ საკითხებზე, რომელიც საზოგადოებამ კარგად იცის - მათ შორის ვადამდელ არჩევნებთან და პოლიტიკურ პატიმრებთან დაკავშირებით. ნიკა მელია არის ადამიანი, რომელიც უნდა იყოს მოლაპარაკებებში და თუ ის გარეთ არ არის რთულია რაიმე გადაწყვეტილებაზე საუბარი. ეს არის ამ შეხვედრის ზოგადი შეფასება, თუმცა დეტალებში ვერ შევალ. მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ეს იქნება განგრძობითი პროცესი. ეს არის ის ჩამონათვალი და ხედვა როგორ უნდა გადაიჭრას ქვეყანაში არსებული მძიმე კრიზისი. ყველას კარგად ესმის, რომ სიტუაცია არის მძიმე, სჭირდება გადაჭრა და ჩამოყალიბდა ის ნაბიჯები, რომლებიც აუცილებელია ამ სიტუაციის მოსაგვარებლად. მინდა ყველას ძალიან კარგად ესმოდეს, რომ აქ არის საუბარი თანამდებობების განაწილებაზე ჩვენი მხრიდან. ჩვენ რომ თანამდებობების სურვილი გვქონოდა შეიძლება პარლამენტშიც ვყოფილიყავით თბილ კაბინეტებში. მედიატორების პოზიციაა, რომ ჩვენ უნდა ვისაუბროთ თემებზე, რომელიც ჩამოთვლილია გეგმაში, მათ შორის პოლიტპატიმრების გათავისუფლება, საარჩევნო რეფორმა, სასამართლო რეფორმა და სხვა. მედიატორებმა საკუთარი პოზიცია საჯაროდ დააფიქსირეს, რომ უნდა მოხდეს შეთანხმება. მთავარი პასუხისმგებლობა აქვს ხელისუფლებას, მათ უნდა გადმოდგან შემხვედრი ნაბიჯი იმისათვის, რომ ახალი არჩევნები ნორმალური წესით ჩატარდეს. არ არსებობს ნდობა ხელისუფლების მიმართ, ინსტიტუტების მიმართ და ეს ნდობა უნდა აღდგეს“, - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს. შეხვედრებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი ესწრებიან. ​

შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს 12 მარტს ესტუმრა. კრისტიან დანიელსონის ვიზიტის მიზანია, ჩაერთოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ 1-ელ მარტს ინიცირებულ, განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად.

"ინტერპრესნიუსი"