საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს იწყება - კვირის პალიტრა

საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს იწყება

საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტს იწყება.

პირველ ეტაპზე, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ექვემდებარება ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ყველა პირი - ექიმი, ექთანი, სანიტარი, ლაბორანტი, სტომატოლოგი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, ეპიდემიოლოგი, ადმინისტრაციული მუშაკები (მენეჯერი, მძღოლი, რეგისტრატორი და ა.შ).

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 23:00 საათის მონაცემებით, პორტალზე, BOOKING.MOH.GOV.GE ჯანდაცვის სექტორის 2067 მუშაკია დარეგისტრირებული.

15 მარტს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში საჯაროდ აიცრება კორონავირუსზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე. ასევე მარინა ეზუგბაია, მარინა ენდელაძე, დავით გადელია და პირველი რეგისტრირებული ექიმი თამარ გიორგაძე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ჩაიტარებენ.

გარდა ამისა, საზოგადოებისთვის ცნობილი ექიმები და მედიკოსები COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ჩაიტარებენ თბილისსა და რეგიონებში სხვა კლინიკებში განთავსებულ პუნქტებში.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში და "მედკაპიტალში" დაესწრება.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, "ასტრაზენეკას" პირველი პარტია 13 მარტს შემოვიდა.