"წელში გამართული წარვსდგებით ევროპაში - "ქართულ ოცნებას" მართლაც აქვს „სავსე ხელები“ - კვირის პალიტრა

"წელში გამართული წარვსდგებით ევროპაში - "ქართულ ოცნებას" მართლაც აქვს „სავსე ხელები“

ხელისუფლებას აქვს უამრავი ხელშესახები პროგრესი დემოკრატიულობის, კანონიერების, სამართლიანობის, ქვეყნის უკეთესი მართვის, მთელი ამ ხნის განმავლობაში, აქედან გამომდინარე "ქართულ ოცნებას" მართლაც აქვს "სავსე ხელები და წელში გამართულები წარვსდგებით ევროპაში ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც შარლ მიშელის სპეციალურ წარმომადგენელთან გუშინ გამართულ შეხვედრებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი შეთანხმებიდან გამომდინარე, ვერ ისაუბრებს მიმდინარე მოლაპარაკების დეტალებზე. ამასთან, ღუდუშაური აღნიშნავს, რომ ოპოზიცია ამ პირობას არღვევს და ეს ხელს არ უწყობს მოლაპარაკების შედეგიანად დასრულებას.

"როგორც მმართველი ძალის წარმომადგენელი, იმედს გამოვთქვამთ, რომ ნამდვილად შევძლებთ მოლაპარაკების შედეგიანად დასრულებას, სხვა შემთხვევაში, გარდა მოლაპარაკებისა ალტერნატივა არ აქვს არც ერთ სხვა გზას, აქედან გამომდინარე გვჯერა და ღრმად გვწამს, რომ ვიპოვით შეხების წერტილებს, რომელიც იქნება ამოსავალი სამართლიანობის პრინციპებიდან და მეორე მხრივ, ქვეყნის სტრატეგიული ინტერესებიდან ნაკარნახევი. მესმის სენსიტიურობა ამ საკითხის და ჟურნალისტების, გნებავთ, საზოგადოების ინტერესი, თუმცა, ნუ დავარქმევთ წითელ და მწვანე ხაზებს, დავარქვათ ის რომ ნებისმიერი შეთანხმება რაღაც კონკრეტულს უნდა ეფუძნებოდეს და ამოსავალი უნდა იყოს, ამიტომ შეთანხმება აბსოლუტურად ყველაფერზე და არაფერზე საერთოდ ბუნებაში არ არსებობს. ამოსავალი წერტილი ჩვენთვის არის არა კონკრეტულად მმართველი ძალის პარტიული ინტერესი, არამედ ჩვენ ამ შეთანხმებას ვუყურებთ როგორც სახელმწიფო ინტერესს. საქართველოს ხელისუფლებას აქვს უამრავი ხელშესახები პროგრესი დემოკრატიულობის, კანონიერების, სამართლიანობის, ქვეყნის უკეთესი მართვის მთელი ამ ხნის განმავლობაში, აქედან გამომდინარე "ქართულ ოცნებას" მართლაც აქვს "სავსე ხელები" და ბუნებრივია, მართლაც დამაჯერებელია ჩვენი პროგრესი და აქედან გამომდინარეობს ის, რომ ჩვენ ნამდვილად წელში გამართულები წარვდგებით ევროპაში ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან,"- განაცხადა ღუდუშაურმა.

"ინტერპრესნიუსი"