"ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით ჩვენ განვაახლეთ მუშაობა ანაკლიის პორტისთვის ინვესტორის ძებნაზე და ტენდერის მომზადებაზე" - კვირის პალიტრა

"ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით ჩვენ განვაახლეთ მუშაობა ანაკლიის პორტისთვის ინვესტორის ძებნაზე და ტენდერის მომზადებაზე"

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ანაკლიის პროექტში დასავლელი ინვესტორები ჩაერთონ.

როგორც თურნავამ ჟურნალისტებს ბრიუსელში, ანაკლიის პორტზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა პროექტი საქართველოსთვის როგორც ეკონომიკურად, ასევე სტრატეგიულად და პოლიტკურად მნიშვნელოვანია.

"ასოცირების საბჭოზე მოგვეცემა საშუალება, რომ ვისაუბროთ ანაკლიის პროექტზე. პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით ჩვენ განვაახლეთ მუშაობა ანაკლიის პორტისთვის ინვესტორის ძებნაზე და ტენდერის მომზადებაზე. ჩვენს ევროპელ პარტნიორებს გავაცნობთ ამ ინფორმაციას. ჩვენი მსჯელობის ერთ-ერთი მიმართულება არის შავი ზღვის გავლით უფრო მეტი კავშირ-ურთიერთობები, უფრო მეტი სატრანპოსტრო სერვისები, მათ შორის, საპორტო ინფრასტრუქტურის გაძლიერება. ყველაფერს გავაკეთებთ და დასავლელი ინვესტორები შემოვლენ ამ პროექტში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი როგორც ეკონომიკურად, ასევე სტრატეგიულად და პოლიტიკურად ჩვენთვის", - განაცხადა თურნავამ.

"თქვენ ხედავთ ნამდვილად უპრეცედენტო ჩართულობას ჩვენი ევროპელი მეგობრების და პარტნიორების მხრიდან იმისთვის, რომ საქართველოში სუფევდეს მშვიდობა, იყოს პოლიტიკური დიალოგი და ყველა პოლიტიკურმა აქტორმა, პირველ რიგში, ოპოზიციამ იგრძნოს პასუხისმგებლობა, შემოვიდეს პარლამენტში", - როგორც თურნავამ აღნიშნა, ხელისუფლება იმედიანადაა განწყობილი, რომ დიალოგი მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შედგით დასრულდება.

"თქვენ ხედავთ, რომ პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ჩვენი ევროპელი პარტნიორების ძალიან დიდი ჩართულობით დიალოგი თბილისსა და ბრიუსელში და ეს ყველაფერი კავშირშია. ყველანი მონდომებულები ვართ იმისთვის, რომ ეს შეხვედრები იყოს შედეგიანი. თქვენ ხედავთ ნამდვილად უპრეცედენტო ჩართულობას ჩვენი ევროპელი მეგობრების და პარტნიორების იმისთვის, რომ საქართველოში სუფევდეს მშვიდობა, რომ საქართველოში იყოს პოლიტიკური დიალოგი და ყველა პოლიტიკურმა აქტორმა, პირველ რიგში, ოპოზიციამ იგრძნოს პასუხისმგებლობა, შემოვიდეს პარლამენტში. ის პასუხისმგებლობა, რაც მას დააკისრა მათმა ამომრჩეველმა, განახორციელონ კონსტიტუციური, კანონიერი, ევროპული გზით. ჩვენ იმედიანად ვართ განწყობილები", - განაცხადა თურნავამ.