"მე რომ გავიმარჯვებ, კობახიძე, მაქსიმუმ ფსიქოტროპულებით იყოს გაჯერებული, სახლში ჩაკეტილი, დეპრესიაში მყოფი ტიპი, რომელიც უშინაარსო თვალებით უყურებს ტელევიზორს და აღარავის ახსოვს" - კვირის პალიტრა

"მე რომ გავიმარჯვებ, კობახიძე, მაქსიმუმ ფსიქოტროპულებით იყოს გაჯერებული, სახლში ჩაკეტილი, დეპრესიაში მყოფი ტიპი, რომელიც უშინაარსო თვალებით უყურებს ტელევიზორს და აღარავის ახსოვს"

"დარწმუნებული ვარ, სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე, რომ გავიმარჯვებ, მაშინ აღარავის ემახსოვრება კობახიძე, მაქსიმუმ ფსიქოტროპულებით იყოს გაჯერებული, სახლში ჩაკეტილი, დეპრესიაში მყოფი ტიპი, რომელიც უშინაარსო თვალებით უყურებს ტელევიზორს და აღარავის ახსოვს", - ასე აფასებს "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებებს, სადაც ის აღნიშნავს, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან, არიან კრიმინალები პოლიტიკაში.

როგორც გიგი უგულავა აცხადებს, ირაკლი კობახიძისგან "ასეთი გამოხტომები არაკონსტრუქციულია".

"როდესაც ასეთი მძაფრი კრიზისია და მოლაპარაკებები ასეთი მაღალი ჩართულობით მიმდინარეობს, მმართველი პარტიის თავმჯდომარისგან ასეთი გამოხტომები ძალიან არაკონსტრუქციულია, ალბათ მიზნად ისახავს ჩაშლას, ან საკუთარ მაყურებელზეა გათვლილი, რომ მაგარი ბიჭები არიან, ან დავალებით მოქმედებს. ამის გარკვევას აზრი არ აქვს, სანამ მოლაპარაკებები არ დასრულდება, მხოლოდ მის ტყუილებზე ვისაუბრებ.

იტყუება კობახიძე, როდესაც ამბობს, რომ სარჩელი არ მაქვს შეტანილი. მეტიც, ორივე პატიმრობაზე მაქვს სარჩელი შეტანილი სტრასბურგის სასამართლოში. მეტიც, კომუნიკაცია და ყველა პროცედურა აქვს გავლილი ორივე სარჩელს, ადრე თუ გვიან, დარწმუნებული ვარ, სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე, გავიმარჯვებ. მაშინ აღარავის ემახსოვრება კობახიძე, მაქსიმუმ კობახიძე იყოს ფსიქოტროპულებით გაჯერებული, სახლში ჩაკეტილი, დეპრესიაში მყოფი ტიპი, რომელიც უშინაარსო თვალებით უყურებს ტელევიზორს და აღარავის ახსოვს. სამწუხაროდ, ასეთი იქნება კობახიძის ბედი. იმ აჩქარებით და "რაზგონით", რა "რაზგონითაც" ის მიდის, სამწუხაროდ, გაკოჭილი დაამთავრებს. ასეთი ტიპის განცხადებები მიზნად ისახავს, დაიბევოს მინიმუმ მოლაპარაკებების ჩაშლა, აი ჩავშალე იმიტომ, რომ იქით მხარეს კრიმინალები არიან.

აღარ შევალ შეფასებებში, როგორ ვუყურებ ივანიშვილს, კობახიძეს, ღარიბაშვილს, მთლიანად "ქოცობას" როგორც მოვლენას. ამ ნაწილში ვერასდროს შევთანხმდებით. ჩემთვის დარჩებიან საზიზღრობად, რომელიც ქვეყანას თალხივით ადევს და უნდა მოვიშოროთ. ამიტომ გვინდა რიგგარეშე არჩევნები, არჩევნებით მშვიდობიანად მოხდეს ცვლილებები, ქვეყანა განვითარების გზაზე გადავიდეს. დიახ, ივანიშვილი, კობახიძე, ღარიბაშვილი ეს ფსიქიურად გაუწონასწორებელი ადამიანები, სადისტური მიდრეკილების ადამიანები მმართავენ ქვეყანას. ეს ძალიან სახიფათოა ქვეყნისთვის",-აცხადებს უგულავა.

შეგახსენებთ, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შალრ მიშელის პირად წარმომადგენელთან კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოში არიან კრიმინალები პოლიტიკაში, მაგრამ პოლიტპატიმრები არ არიან.

მისივე განმარტებით, "აღიარებული დამნაშავეები რჩებიან პოლიტიკაში, რაც არის სისტემური პრობლემა ქართული პოლიტიკისთვის".

მან "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერზე, გიგი უგულავაზეც ისაუბრა და აღნიშნა: "უგულავა, რომელმაც მოიპარა 48 მილიონი და ამისათვის აქვს შეფარდებული სასჯელი. ეს ლიდერები, რომლებიც იპარავდნენ ხალხის ფულს, რომლებიც აწამებდნენ ადამიანებს და ა.შ. არიან დამნაშავეები და მათი დანაშაულებები არის აღიარებული სხვადასხვა ინსტანციის მიერ და ვერც ერთი ვერ ბედავს, ვერც ერთი სარჩელის გაგზავნას სტრასბურგში".

მე, სერიოზულად არ მოვეკიდებოდი, კობახიძის, ღარიბაშვილის და მათ ლანძღვა-გინებას, რადგანაც მგონია, რომ ძალიან გასაგებია.... მათ დიდი ხანია საქართველოს მოქალაქეების უდიდეს ნაწილზე უარი თქვეს, ისინი მუშაობენ მხოლოდ საკუთარი ტელევიზიების მაყურებელზე, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

უგულავას თქმით, მათ "ამით მხარდამჭერები არ გაეზრდებათ".

"მე, სერიოზულად არ მოვეკიდებოდი, კობახიძის, ღარიბაშვილის და მათ ლანძღვა-გინებას, რადგანაც მგონია, რომ ძალიან გასაგებია.... მათ დიდი ხანია საქართველოს მოქალაქეების უდიდეს ნაწილზე უარი თქვეს, ისინი მუშაობენ მხოლოდ საკუთარი ტელევიზიების მაყურებელზე, რომელსაც ნარკოტიკივით სჭირდება ყოველდღიურად, ყოველკვიურად და ყოველთვიურად მიაწოდო ჩვენი სალანძღავი ინფორმაცია და შეუძახო, რომ "ესენი არიან კრიმინალები", დაამუნათო წინა ხელისუფლება, მე, მელია, სააკაშვილი და ა.შ. ეს არის ნარკოტიკი, რომელზეც შესვეს საკუთარი მომხრეები და ამ ნარკოტიკისა და ამ წრე-ბრუნვის მძევლები არიან თვითონ. ამიტომ არის, მანტრასავით რომ გამოვა ირაკლი კობახიძე ამაზე ლაპარაკობს, ალბათ, ძილისწინ ლოცვასავით იმეორებს, ღარიბაშვილიც. იმიტომ, რომ ეს არის საკვები, რომლითაც სამწუხაროდ, კვებავენ საკუთარ მომხრეებს. უბრალოდ, უნდა ესმოდეთ, რომ როგორც ნარკოტიკის დოზას მერე სადღაც, სიკვდილისკენ რომ მიჰყავს, ზუსტად ასე მიჰყავთ საკუთარი პოლიტიკური გუნდი და მხარდამჭერები. ამით მხარდამჭერები ვერ გაეზრდებათ, მხოლოდ და მხოლოდ, უმცირდებათ. საბოლოო ჯამში, აღმოჩნდებიან პირდაპირი მნიშვნელობით სადისტური მიდრეკილებების მქონე ადამიანები მარტო", - განაცხადა გიგი უგულავამ.

მისვე განმარტებით, აქედან გამომდინარე, წინასწარ ვერ იტყვის, თუ როგორ დასრულდება მოლაპარაკებები.

"ნამდვილად ვისურვებდი, დამთავრდეს ისე, რომ ქვეყანამ გაიმარჯვოს და კრიზისიდან გამოვიდეს. ამისთვის მიმაჩნია, რომ რიგგარეშე არჩევნები აუცილებელია და როგორ მივდივართ ამისკენ, ეს საზოგადოებისთვის ცხადი უნდა იყოს. ეს მაინც მოხდება აუცილებლად. უბრალოდ, კარგია, რომ შეთანხმებით მოხდეს და არა იძულებით, რომელიც აუცილებლად დაუდგება "ქართულ ოცნებას", - აცხადებს უგულავა.

"ინტერპრესნიუსი"