"შეშლია ბატონ ბორელს. სამწუხაროდ,ეს არ არის პირველი შემთხვევა" - ნინო ბურჯანაძე ევროკავშირის უმაღლეს კომისარს აკრიტიკებს - კვირის პალიტრა

"შეშლია ბატონ ბორელს. სამწუხაროდ,ეს არ არის პირველი შემთხვევა" - ნინო ბურჯანაძე ევროკავშირის უმაღლეს კომისარს აკრიტიკებს

შეშლია ბატონ ბორელს. სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მის ტექსტში რაღაც უზუსტობაა. ეს არჩევნები სამართლიანად არცერთ ორგანიზაციას, მათ შორის არც ეუთო-ს არ უღიარებია, - ასე შეაფასა პარტია "ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის ჟოზეფ ბორელის განცხადება, რომლის თქმით, მასზე არ არის დამოკიდებული იმის გადაწყვეტა, უნდა იყოს თუ არა საქართველოში ახალი არჩევნები, თუმცა ეუთო არჩევნებს განიხილავს, როგორც თავისუფალს.

როგორც ბურჯანაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "რეზიუმე" განაცხადა, საინტერესოა, ჟოზეფ ბორელის ქვეყანაში ვინმეს მაჟორიტარ კანდიდატისთვის "მოლოტოვის კოქტეილი" რომ ჩაედო, მაშინ თუ ილაპარაკებდა თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებზე.

"არჩევნები აღიარეს კონკურენტულად, მაგრამ სიტყვა "სამართლიანი" ?! ძალიან მაინტერესებს, ბორელის ქვეყანაში მაჟორიტარ კანდიდატს ვინმემ რომ "მოლოტოვის კოქტეილი" ჩაუდოს, მაშინ თუ ილაპარაკებს თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებზე. დავანებოთ თავის, სირცხვილია უკვე ამაზე ლაპარაკი. ვეთანხმები ბატონ ბორელს იმასთან დაკავშირებით, რომ ნამდვილად არ არის ეს მისი გადასაწყვეტი, რადგან არც ერთი თავმოყვარე ევროპელი დიპლომატი არ იტყვის პირდაპირ, სხვა ქვეყანაში არჩევნები უნდა ჩატარდეს თუ არა, მაგრამ ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში ასეთი პოლიტიკური კრიზისის დროს, როცა ერთმანეთს ვეღარ ელაპარაკება ხელისუფლება და ოპოზიცია და ამისთვის მედიატორი გჭირდება, რა თქმა უნდა, ჩატარდებოდა ხელახალი ან ვადამდელი არჩევნები",-განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია. ნინო ბურჯანაძე ასევე იზიარებს ჟოზეფ ბორელის განცხადებას, რომ ბოიკოტი საუკეთესო გამოსავალი არ არის.

"მოდით, ერთი წამით დავივიწყოთ არჩევნები იყო თუ არა სამართლიანი, ამის გარეშეც ხომ კრიზისია ქვეყანაში. პარლამენტი ერთპარტიულია, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ამ არჩევნებში ხალხის მეორე მხარე იყო, ვისაც ხალხმა მხარი დაუჭირა, სახლში წავიდა. გახარია, რომელიც მეორე ნომერი ფიგურა იყო იმ პარტიაში, რომელსაც ხალხმა ხმა ივანიშვილის და გახარიას წყალობით მისცა, ისიც სახლში წავიდა. არაფერს ვლაპარაკობ ნიკა მელიას დაკავებაზე და იმ სამარცხვინო ჩანაწერებზე, რომელიც მოვისმინეთ",-განაცხადა ბურჯანაძემ.

ის მიიჩნევს, რომ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ხელისუფლების მისამართით წნეხი გაგრძელდება.

"მესმის, რომ ხელისუფლება გაჯიუტებულია და ცეცხლზე ნავთის დასხმა არ უნდათ, თუმცა, მოლაპარკებები აუცილებლად გაგრძელდება. ასევე გაგრძელდება წნეხი ხელისუფლებაზეც. გარწმუნებთ, სჯობს ხელისუფლება დაემორჩილოს ევროკავშირის და საერათაშორისო თანამეგობრობის წნეხს, ვიდრე იძულებული გახდეს, მასობრივი გამოსვლების შედეგად ხელისუფლებას გაერიდოს", - განაცხადა ბურჯანაძემ.

"ინტერპრესნიუსი"