"რუს გოლიათ ჟერებცოვს წუთში დავუგდე ხელი მაგიდაზე. გაგიჟდა, ჯერ არავის გადაუწევია ჩემთვის ხელიო" - დიდი სპასალარი "დიდოსტატის მარჯვენადან" - კვირის პალიტრა

"რუს გოლიათ ჟერებცოვს წუთში დავუგდე ხელი მაგიდაზე. გაგიჟდა, ჯერ არავის გადაუწევია ჩემთვის ხელიო" - დიდი სპასალარი "დიდოსტატის მარჯვენადან"

კინომცოდნე გოგი დოლიძე წერდა: "თუ ქუჩასა და საზოგადოებაში ქალსაც მოექცევა კისერი და კაცსაც, დიდსაც და პატარასაც, აქაურსაც და უცხოელსაც, მაშინ უნდა იცოდე, რომ სადღაც, ახლომახლო დგას ჯუანშერ ჯურხაძე ან მოდის იგი, მისთვის ჩვეული, დინჯი, დარბაისლური, ამპარტავნული ნაბიჯებით, თითქოს შუასაუკუნეებიდან გადმოუტყორცნიაო დროის მანქანას"...

მას 2009 წელს შევხვდი, ორჯერ და ხანმოკლე ინტერვალით, ორივეჯერ უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. აბა, წარმოიდგინეთ - კარს გიღებთ 80 წლის ახოვანი, ლამაზი მამაკაცი, ასაკისდა მიუხედავად, სპორტულ ფორმაში, მხნედ რომ გამოიყურება და როდესაც გაოცებას გატყობთ, ღიმილით გიმხელთ, - ერთ-ერთი პირველი ჩოხოსანი ვარ და სპორტული ფორმის შესანარჩუნებლად ყოველდღიურად 4 კილომეტრს ფეხით გავდივარო. მის გვერდით თავი, ლამის, ლილიპუტი მეგონა. თქვენც იმავეს იგრძნობდით, ნამდვილი სპასალარის პირისპირ რომ აღმოჩენილიყავით. იმ წუთას აბჯარასხმული არ იყო, მაგრამ... წარმოდგენას რაღა უნდოდა, მით უფრო, რეჟისორ ვახტანგ ტაბლიაშვილის "დიდოსტატის მარჯვენადან" მის ზვიად სპასალარს თუ იცნობდი! ბედნიერი ვარ, რომ თუნდაც ორჯერ შევხვდი და ბევრიც ვისაუბრეთ, და, ცხადია, არა მარტო მის სპასალარობაზე, არამედ - საქართველოზე, ისტორიაზე, ცხოვრებაზე, კინოზე, "დიდოსტატის მარჯვენაზე", პედაგოგობაზე, ჭედურობაზე... ხანგრძლივად ვისაუბრეთ და, თითქოს, ერთბაშად შეხვედრა-დამშვიდობება გამოგვივიდა - ჩვენი გაცნობიდან ერთ წელიწადში გარდაიცვალა, 81 წლის ასაკში...

ისტორიკოსი "ისტორიული" სახელითა და გვარით

იგი ხანგრძლივი დროის განმავლობაში კომაროვის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის ბევრისთვის საყვარელი პედაგოგი იყო, ისტორიკოსი, სახელი და გვარიც კი ისტორიული ჰქონდა - ჯუანშერ ჯურხაძე. კინომცოდნე გოგი დოლიძე წერდა: "თუ ქუჩასა და საზოგადოებაში ქალსაც მოექცევა კისერი და კაცსაც, დიდსაც და პატარასაც, აქაურსაც და უცხოელსაც, მაშინ უნდა იცოდე, რომ სადღაც, ახლომახლო დგას ჯუანშერ ჯურხაძე ან მოდის იგი, მისთვის ჩვეული, დინჯი, დარბაისლური, ამპარტავნული ნაბიჯებით, თითქოს შუასაუკუნეებიდან გადმოუტყორცნიაო დროის მანქანას"... ზუსტი აღწერაა! რომ გამეცნო, პირველად თავისი გვარის ეტიმოლოგიით დაიწყო, - მეამაყება, რომ ჯურხა-ძე ანუ ჯურხას-ძე ვარ - საუკუნეების წინ, ალბათ, ასე წარმოთქვამდნენ ამ გვარს. ჯუანშერი კი დეიდამ დამარქვა, მიხეილ ჯავახიშვილის "თეთრი საყელოს" ერთ-ერთი გმირი მოსწონებია და - მის პატივსაცემად. თანაც ძალიან ესადაგება გვარს. ჩემი წინაპრები ქუთათურები იყვნენ. პაპაჩემს ღვინის ქარხანა ჰქონია. მამა - დავით ჯურხაძე ქუთაისში ცნობილი პედაგოგი და სკოლის დირექტორი იყო. დედაც, ნინა ობოლაძე მასწავლებელი გახლდათ. მშობლების მსგავსად მეც პედაგოგობა ავირჩიე, კეთილშობილური საქმეა და - იმიტომ. სკოლაში საქართველოს ისტორიას ვასწავლიდიო. ბატონ ჯუანშერს მეუღლე - რუსუდან ნატროშვილიც მასწავლებელი ჰყოლია, 161-ე საჯარო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა და, თურმე, 1960-იანი წლების პრესაში მათი ოჯახისთვის "დიდი პედაგოგიური საბჭოც" კი უწოდებიათ.

მის ღონეზე გაგონილი მქონდა და რომ ჩავეკითხე, სიცილით მიპასუხა, - ფიზიკურად ძალიან ძლიერი ვიყავი, თუმცა ჩხუბი არ მიყვარდა. თბილისში, ვერაზე ვარ გაზრდილი, ყველანაირ ხალხთან მქონდა საქმე, ქურდთანაც და პროფესორთანაც, მაგრამ არც არავინ გამილახავს და არც არავის დავუჩაგრივარ - იცოდნენ, ვერ მომერეოდნენო. VII ვაჟთა სკოლა ჰქონდა დამთავრებული, ახლანდელი 53-ე საჯარო სკოლა, - ჩემს კლასში სწავლობდნენ მეცნიერი ლაშა ჯანაშია, ვასო გოძიაშვილის შვილი დათო, ფეხბურთელი ავთო ჭკუასელი... ოთარ მეღვინეთუხუცესიც ჩემი სკოლელი იყო. ესენი წესიერი ადამიანები იყვნენ, მაგრამ ხულიგნებიც ხომ გვყავდა, სულ მუშტებზე რომ იყურებოდნენო! მეეჭვება, მისთვის ვინმეს რამე გაებედა...

დედისერთა ყოფილა და მეორე მსოფლიო ომის დროს დედას იგი ტყიბულის რაიონის სოფელ ხრესილში წაუყვანია სასწავლებლად. ცნობილი ხრესილის ომიც სწორედ მის სოფელში მომხდარა. სხვათა შორის, თავადაც იქ იყო დაბადებული. ორ წელიწადს უსწავლია ხრესილში და მერე მამას ოჯახი ახალქალაქში წაუყვანია - სამხედრო დივიზიის მაღალჩინოსანი ყოფილა და სამუშაოდ იქ გადაიყვანეს. ომის დამთავრების შემდეგ, 1945 წელს ოჯახი თბილისში დაბრუნებულა და ჯუანშერ ჯურხაძეც კვლავ თავის სკოლაში მისულა.

ჯუანშერ ჯურხაძე ზვიად სპასალარის როლში და ოთარ მეღვინეთუხუცესი მეფე გიორგის როლში

ვერელი გოლიათი

სიცილით იხსენებდა, - მერვე კლასში უკვე იმდენად მხარბეჭიანი ვიყავი, ულვაშიც მამშვენებდა, რომ მილიციელები მაჩერებდნენ - ჯარის ასაკის ვეგონე და მამოწმებდნენ, სამხედრო სამსახურს ხომ არ ვარიდებდი თავს. ომის პერიოდში ბავშვები ძალიან დაიჩაგრნენ, საჭმელ-სასმელი აკლდათ და უფრო გალეულებიც იყვნენ, მე კი ახალქალაქში ახალ ხორცს ვჭამდი, არც კარაქი მაკლდა და ყოველდღე თხილამურებით დავსრიალებდი, ამან გამაჯანსაღა. 53-ე სკოლაში მასწავლებელი აღარ მიღებდა, - ეს კაცი მერვეკლასელებთან როგორ დავსვაო? ორმა კლასის დამრიგებელმა დედა უარით გამოისტუმრა, მესამეს კი თვითნებურად დავუჯექი კლასში და რაღას იზამდაო... მისი და უმძიმესი გირების ამბავი გადმოცემით ვიცოდი და ვთხოვე, ესეც მოეყოლა. ამით აშკარად ძალიან ამაყობდა და იმ წამს დამთანხმდა, - ეგ სწორედ მერვე კლასში სწავლისას შემემთხვა: ვერაზე, ქურდ ანდოს ეზოში ჩემი თანაკლასელი ბიჭები 2-ფუთიან ანუ 32-კილოგრამიან გირს წააწყდნენ. ჯურხა (კლასელები ასე მეძახდნენ), გირი ხომ გჭირდება, წამო, მოვიპაროთო, შემომთავაზეს. იმხანად სად იშოვიდი გირებს? ვედროში ვყრიდი ათას ხარახურას და ისე ვვარჯიშობდი. მივედით. უბანში ერთი ღონიერი ბიჭი იყო, დენის ვადაჭკორია, რომელიც, თურმე, ორი ხელით წევდა იმ გირს. მამაჩემს ნათქვამი ჰქონდა, 2-ფუთიან გირს ნეკით ვწევდიო. ამას არ შევსწრებივარ, მაგრამ ის კი მინახავს, ხელის გულის დარტყმით ლურსმანი რომ გაიყვანა ფიცარში, ისიც ვიცოდი, რომ ქუთაისის სპორტულ კლუბ "შევარდენში" აქტიურად ვარჯიშობდა, ტატუც კი გაეკეთებინა - ფრთებგაშლილ არწივს ძელი მიჰქონდა. სხვათა შორის, მამა ყოველთვის მიშლიდა ტატუს გაკეთებას და არც არასდროს გამიკეთებია. მოკლედ, ქურდ ანდოს ეზოში მივედი 53-ელების ფალავანი და იქაურობა ვერელი ბიჭებით დამხვდა სავსე. ყველა შემომცქეროდა და რაღას ვიზამდი? გირი წაქცეული იყო და ნეკით წამოვაყენე, მერე კი ნეკითვე ავწიე და შორს გადავისროლე. არ გჯერათო? - მართლა ვერ დავიჯერე და წამომცდასავით, - ბატონო ჯუანშერ, მგონი, ფანტასტიკის სფეროში შევიჭერით-თქო? - ამას ჰგონია, ვატყუებო, მახსოვს, სიცილით მიუბრუნდა თავის მეუღლეს. - მამამ ისე გამზარდა, ტყუილს ვერ ვიტან, არც გაზვიადება მიყვარს. ისეთი ღონიერი ვიყავი, შაურიანს (ძველი 5-კაპიკიანი - ი.ხ.) ვღუნავდი, ჩემს ნამოწაფრებს კომაროვის სკოლა-ინტერნატიდან დღემდე შენახული აქვთ ის გაღუნული შაურიანები და თუ გინდათ, ჰკითხეთ. ის გირი კი მისმა პატრონმა მაჩუქა, ოღონდ მე კი არ წამომიღია, მონაცვლეობით ბიჭებმა მომიტანეს სახლამდე და ახლაც შინ მაქვს - ხომ დავიმსახურეო?! ცხადია, დავუდასტურე, სხვა რა გზა მქონდა. აი, ასე, ნელ-ნელა გაუთქვამს ბატონ ჯუანშერს სახელი, თანაც არა მარტო ვერაზე, არამედ - მთელ თბილისში. თურმე, სხვადასხვა უბნის ბიჭები საჩხუბრად რომ შეიკრიბებოდნენ, მის უბნელებს "ჯურხა" მიჰყავდათ. მოწინააღმდეგეებიდან ერთი მაინც ამოიცნობდა, მასთან შერკინებას თავს აარიდებდა და ყველაფერი მშვიდობიანად მთავრდებოდა. ბოლოს ბიჭებს მისთვის "მშვიდობის რაინდიც" კი უწოდებიათ.

ორი შეხვედრიდან მისგან ბევრი რამ მოვისმინე - ბატონ ჯუანშერს ამბები არ ელეოდა, მე კი - კითხვები. მახსოვს, გამომიტყდა, ძალიან ნერვიული ვარ, მაგრამ თავის მოთოკვა შემიძლია და ამიტომ ვჩანვარ მშვიდიო. თურმე, მამა სულ არიგებდა, პირველმა არ გაარტყა, ვინმე შემოგაკვდება და დავიღუპებითო. რომ გაგარტყამენ, თუ ფეხზე დარჩი, მერე გაარტყი შენცო.

მიამბო, ერთხელ რუსთაველის პროსპექტს ოთხნი მოვუყვებოდით, სკოლის მოსწავლეები, შემხვედრად ექვსი მოდიოდა და ერთმა მხარი გამარტყა. ავიჯაგრე. ჩემმა მეგობრებმა, ზანდი (თეიმურაზ) ბოცვაძემ, მსახიობ ზეიკო ბოცვაძის ძმამ და ირაკლი წერეთელმა მითხრეს, ჩვენ გვადროვეო. მოაბრუნეს ის ბიჭები და დასცხეს. ოპერის პირდაპირ წიგნების მაღაზია იყო, ბროლითა და ხის ჩარჩოებით გაწყობილი ვიტრინა ჰქონდა, მის წინ კი იდგა ჯიხური, რომელსაც მივეყრდენი და მშვიდად ვუმზერდი მოჩხუბრებს. ირაკლიმ ნელ-ნელა უკან დაიხია და რომ მომიახლოვდა, ჯუანშერ, მიშველეო, ამოთქვა. ორი ნაბიჯით წავიწიე და ერთ-ერთს ისე დავარტყი, ვიტრინაში შევაგდე. ცოცხალი გადარჩა. სიმართლე გითხრათ, მაშინ არ გავბრაზებულვარ, მხოლოდ მეგობარს მივეშველე... მაგალითად, დოდო აბაშიძე საჩხუბარს ეძებდა ხოლმე - რუსთაველზე ზიგზაგებით გადი-გამოდიოდა, ვინმეს შემთხვევით მხარი რომ გაერტყა. ისე, მაგარი დამრტყმელი იყო, იმ დროის თბილისში - ერთ-ერთი პირველი. ჟორჟიკა იაშვილი იყო კიდევ ძალიან მაგარი. მინდოდა გავჯიბრებოდი, მაგრამ თქმას ვერ ვუბედავდი, ჩემზე 17 წლით უფროსი გახლდათ... ერთხელ მეგობრებთან ერთად მატარებლით ვმგზავრობდი. მცხეთაში ცნობილი გოლიათი სანდრო კანდელაკი დაგვემგზავრა. კუპეში ბიჭებმა ბატონ სანდროსთან ვაჟკაცობა და ძალა შემიქეს. ბატონი სანდროს გაოცება იოლი არ იყო, არადა, ძალიან მინდოდა. უცებ ზემოთა თაროს რკინის საბჯენი შევნიშნე, ისე მიემაგრებინათ ვაგონის კედელს, ჩვეულებრივი ადამიანი ვერაფრით მოგლეჯდა. ვერ ვისვენებდი და გადავწყვიტე, მეცადა. მივხვდი, კუპის დაზიანება არ მოეწონებოდა ჩვენს სახელოვან თანამგზავრს, მაგრამ რაკი ძველი და შესაკეთებელი ვაგონი იყო, მე კი ძალიან მინდოდა თავის გამოჩენა, შევგულიანდი, მთელი სულიერი და ფიზიკური ენერგია მოვიკრიბე, დავეჭიდე რკინის საბჯენს, კედელსა და თაროს ავაცალე და ბატონ სანდროს გავუწოდე. აშკარად კმაყოფილმა გამომართვა და ღიმილით მითხრა: ყოჩაღ, ყმაწვილო, კარგია, კარგიო. სანდრო კანდელაკის ეს სიტყვები ჩემთვის უდიდესი ჯილდო იყო... ჯუანშერ ჯურხაძე, იოსებ გრიშაშვილი, სიმონიკა სხირტლაძე

ერთხელაც ორმა მეგობარმა რუსთაველზე, რესტორან "თბილისში" დამპატიჟა. სუფრას მივუსხედით თუ არა, მალევე გვერდით მაგიდისკენ გაგვექცა თვალი - მაგიდასთან იჯდა ცნობილი რუსი გოლიათი, ფალავანი ჟერებცოვი, რომელიც იმხანად ცირკის არენაზე გამოდიოდა და თავისი ძალით მაყურებელს აოცებდა: ჩოგბურთის ბურთივით ათამაშებდა 3-ფუთიან გირებს, მაღლა წევდა საგანგებო ფიცარზე მოთავსებულ ორ უზარმაზარ ბუღას და კიდევ რა ილეთს აღარ ატარებდა. ჩანს, ჟერებცოვმა რესტორანშიც მოისურვა ძალის დემონსტრირება, მაგიდაზე ხელი (ამას მსუბუქად ვამბობ, თორემ ტორს უფრო ვუწოდებდი) დადო და მსურველები მკლავჭიდში გამოიწვია. ერთი ქართველი ოფიცერი შეეჭიდა, მაგრამ რუსმა წამში გადაუწია ხელი. მეგობრები შემომიჩნდნენ, საქართველოს ღირსების საკითხი დგას, უნდა გვასახელოო და რაღას ვიზამდი? ფალავნის მაგიდას მივუახლოვდი თუ არა, - თავად არსენა გამოჩნდაო, - შესძახა რუსულად ჟერებცოვმა - ალბათ, სმენოდა არსენა ოძელაშვილის შესახებ. მოკლედ, დაჯდომაც არ მაცალა, ისე "ჩაიგდო" ხელში ჩემი მარჯვენა. ასე ძნელი იყო შეჭიდება, მაგრამ აღარ ვიკადრე პოზიციის გამოსწორება და... წუთში დავუგდე ხელი მაგიდაზე. გაგიჟდა ეს გიგანტი, - კიდევ ერთხელ დამეჭიდეო, - მომთხოვა. მეორედაც რომ იგივე განმეორდა, გაოგნებული ჟერებცოვი წამოდგა, გამეცნო და დააყოლა, - 43 წლის კაცი ვარ და ჯერ არავის გადაუწევია ჩემთვის ხელიო. მერე მე გამაოცა - ცალ მუხლზე დაიჩოქა და ხელზე მეამბორა. მაშინვე წამოვაყენე და გადავეხვიე. მეორე დილით კი დოდო აბაშიძე მე გადამეხვია, - ყოჩაღ, რომ გვასახელეო. იმ საღამოს ჩემი გამარჯვების აღსანიშნავად კვლავ რესტორან "თბილისს" მივაკითხეთ... ჟერებცოვმა კი შემადარა არსენას, მაგრამ წარმოდგენაც არ ჰქონდა ცნობილ ქართველ მხატვარ ალექსანდრე (შურა) ბანძელაძეზე, რომელმაც ჩემი დახატვა მოინდომა და ძლივს დამიყოლია ერთადერთი არგუმენტით, - არსენა ოძელაშვილის ტიპაჟისთვის მჭირდებიო. კარგი დამთხვევა გამოვიდა, არაო?!

"იფ, რა მშვენიერი ზვიადია!"

მისი კინოშიც გადაღებაც ბევრს სურდა და კიდეც ეპატიჟებოდნენ. ჯუანშერ ჯურხაძის კინოდებიუტი, თურმე, "მაგდანას ლურჯაში" შემდგარა - მჭედლის როლი შეასრულა. ლანა ღოღობერიძესაც გადაუღია მეომრის ეპიზოდურ როლში ფილმში "თბილისი 1500 წლისაა"... ყველაზე მნიშვნელოვანი კი მის ცხოვრებაში ზვიად სპასალარის როლი აღმოჩნდა რეჟისორ ვახტანგ ტაბლიაშვილის "დიდოსტატის მარჯვენაში". იცით, რა უთქვამს მისთვის ბატონ ვახტანგს? - ჯუანშერ ჯურხაძის სპასალარის გარეგნობაში საქართველოს ძლიერება იკითხებაო. - როგორიაო? - ჩამეკითხა, მე კიდევ აღფრთოვანებული ვუყურებდი, რადგან სხვაგვარი სპასალარი მართლაც ვერ წარმომედგინა. მერე ბატონმა ჯუანშერმა თხრობა განაგრძო, - პირველმა მე აღვნიშნე, რომ ზვიად სპასალარის პროტოტიპი მეფე ბაგრატ მესამის სპასალარი, დიდი ვაჟკაცი ზვიად ერისთავია. ხომ ხედავთ, ზვიად სპასალარს მე გავუთქვი სახელი, ზვიად სპასალარმა კი - მეო! "დიდოსტატის მარჯვენის" პირველი სერიის ჩვენებისას დარბაზში მჯდომ კონსტანტინე გამსახურდიას, თურმე ჯერ ჭრიჭინების ჭრიჭინის კადრზე გამოუხატავს მოწონება, შემდეგ იმ მეძებარი ძაღლით დაინტერესებულა, ფილმში რომ წამლავენ, - ვისია, არ გაყიდისო? ბოლოს კი, ზვიად სპასალარის გამოჩენისას წამოუძახია: იფ, რა მშვენიერი ზვიადია! ვინ არისო? ჩვენების შემდეგ, რა თქმა უნდა, ბატონი ჯუანშერი მასთან წარუდგენიათ. ეს უკანასკნელი ბატონ კონსტანტინეს ერთხელ კოლხურ კოშკშიც მიუწვევია... - საერთოდ, ძალიან კომპლექსიანი ვიყავი და სითამამე მაკლდა, თორემ კიდევ უკეთ გამოვჩნდებოდი კინოშიო, - მითხრა. ჯუანშერ ჯურხაძე კონსტანტინე გამსახურდიასთან ერთად კოლხურ კოშკში

კინო მართლაც გამორჩეულად ჰყვარებია, რადგან 30 წელიწადის განმავლობაში თვითონაც წერდა სცენარებს, ჯერ 8-მილიმეტრიანი, შემდეგ კი 16-მილიმეტრიანი აპარატით იღებდა ფილმებს, ამჟღავნებდა, ამონტაჟებდა, ახმოვანებდა, ხმაურებს ადებდა. მოკლედ, შინ საოჯახო კინოსტუდია ჰქონდა. 2001 წელს ფესტივალ "თბილისურ აისზე" 1968 წელს გადაღებულმა მისმა ორმა ფილმმა - "არ გაიხაროს მტერმა ჩვენზედა" და "პროგრესი" - საუკეთესო ანიმაციური და დოკუმენტური ფილმების ნომინაციით დიპლომები მიიღო. - ხედავთ? ამდენი წლის შემდეგ გამიმართლა! ბევრი მასალა დამიგროვდა, ძველიც და ახალიც, სცენარიც გავამზადე და ახლა, თუ სპონსორი გამომიჩნდა (ვიდეომონტაჟი დიდ ხარჯებს მოითხოვს) ავტობიოგრაფიული ვიდეოფილმის გადაღებას ვაპირებ ჯუანშერ ჯურხაძეზეო. გავიოცე, თუ კინო ასე გიყვარდათ, ისტორიკოსობა რატომ აირჩიეთ-მეთქი და აღმოჩნდა, რომ ოჯახური ტრადიცია ვერ დაარღვია. ისიც აღმოჩნდა, რომ მხოლოდ კინო კი არა, ზოგადად, ყველაფერი აინტერესებდა და ყველაფერი გამოსდიოდა ხელიდან - 25 წლის განმავლობაში ხმლის ქარქაშებს ამზადებდა და ვერცხლის, ხისა და ტყავის ძველი ნიმუშების რესტავრაციასაც საუკეთესოდ აკეთებდა. მერე ეს საქმე მიუტოვებია, - მომბეზრდა, მუშტარიც აღარ არისო, - და თავის კოლექციაზეც სინანულით მიამბო: - ერთ დროს იარაღების საუკეთესო კოლექცია მქონდა, მაგრამ იძულებული გავხდი, გამეყიდა. სხვათა შორის, სასინჯ გადაღებაზე ყოველთვის საკუთარ ჯაჭვის პერანგს ვიცვამდი ხოლმე. მერე ზურაბ წერეთელი შემომიჩნდა, პარიზში ქართული ეთნოგრაფიული ნივთების გამოფენას ვაწყობ და მომყიდეო. ვიუარე. რამდენჯერმე მომიგზავნა კაცი. ვიეშმაკე და ისეთი ფასი დავადე - 50.000 მანეთი, თვითონ ეთქვა უარი. წარმოგიდგენიათ? იმ კაცმა მეორე დღესვე სულ ტკიცინა ასმანეთიანები ჩამითვალა. არადა, ფული ძალიან გვჭირდებოდა, ცდუნებას ვეღარ გავუძელი და გავატანე... ვხატავდი კიდეც, მაგრამ ნამუშევრებიდან მხოლოდ გიორგი სააკაძის პორტრეტი შემოვინახე - ეს კაცი ბავშვობიდან ჩემთვის გმირობისა და ვაჟკაცობის იდეალად იქცა... ახლა პენსიაზე ვარ. "დიდი პედაგოგიური საბჭოს" მეორე უცვლელ და უერთგულეს წევრს, ჩემს მეუღლე რუსუდანს, ქალიშვილ მანანასა და მის ოჯახს შევხარი, ხშირად მსტუმრობენ ცოცხლად დარჩენილი მეგობრები, მოსწავლეები, განსაკუთრებით ხშირად თენგიზი მოდიოდა ხოლმე, არჩვაძე, მაგრამ ახლა ისე ვეღარ ახერხებს... სიბერე მოვიდა, მაგრამ არ ვტყდები - სულ ვვარჯიშობ. ხომ იცით, კაცი თუ მოდუნდა, უქმად დაგდებულ რკინასავით დაჟანგდებაო... ძალიან დამწყდა გული, როდესაც ერთი წლის შემდეგ მისი გარდაცვალების ამბავი შევიტყვე. არადა, შეხვედრისას რა მხნედ იყო ეს, მართლაც, სპასალარი კაცი!

(სპეციალურად საიტისთვის)