"დაძაბულობა საქართველოში" - რას წერს უცხოური მედია ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტზე - კვირის პალიტრა

"დაძაბულობა საქართველოში" - რას წერს უცხოური მედია ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტზე

ევროპული მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში აქტიურად შუქდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის -  ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ბრიუსელში, სადაც იგი, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის მიზნით, დასავლელ პარტნიორებს შეხვდა.

ბელგიურ გამოცემა "Euractiv"-ში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - "ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის შემდეგ ევროკავშირის შუამავლობა შედეგიანი იქნება" (ავტორი - ვლადისლავ მაქსიმოვი), რომელშიც ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრებია მიმოხილული ჯოზეფ ბორელთან (საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან), ოლივერ ვარხელთან (გაფართოების საკითხში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან) და სხვებთან.

პუბლიკაციაში გადმოცემულია საქართველოში პოლიტიკური კრიზისის წარმოქმნის მოკლე ისტორია და ერთმანეთთან დაპირისპირებული მხარეების - ხელისუფლებისა და ოპოზიციის თვალსაზრისები. ასევე, ფართოდაა გაშუქებული ირაკლი ღარიბაშვილისა და ჯოზეფ ბორელის შეხვედრა ჟურნალისტებთან.

ავტორი ხაზს უსვამს ჯოზეფ ბორელის განცხადებას, რომლის თანახმად, ევროკავშირი 2020 წლის ოქტომბერში საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს "თავისუფლად და დემოკრატიულად მიიჩნევს".

პუბლიკაციაში, ასევე, აღნიშნულია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში გამართული შეხვედრების დროს კავკასიის რეგიონში რუსეთის სამხედროების ყოფნასაც შეეხო და განაცხადა, რომ საჭიროა მეტი აქტიური მონაწილეობა ევროკავშირის მხრიდან. (წყარო)

---------------

გერმანული რადიოსადგური "დოიჩე ველე" (Deutsche Welle) აქვეყნებს მასალას ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის თაობაზე სათაურით -  "ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საბჭომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას დიალოგისკენ მოუწოდა".

როგორც პუბლიკაციაშია ნათქვამი, ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში "საბჭომ ღრმა სინანული გამოხატა საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის გამწვავების გამო. ევროკავშირი მხარეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გადადგან ნაბიჯები დეესკალაციისკენ და პოზიციების შეთანხმებისკენ. ბრიუსელში იმედს გამოხატავენ, რომ ევროკავშირის შუამავლობით მხარეებმა დიალოგი უნდა გააგრძელონ.

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭო, ასევე, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს და 21 ნოემბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები "კონკურენტული იყო", ხოლო ქვეყნის მოქალაქეთა ძირითადი თავისუფლებების დაცვა, მთლიანობაში - "უზრუნველყოფილი".

პუბლიკაციის ტექსტში ქვესათაურით - "დაძაბულობა საქართველოში", მოკლედაა მიმოხილული ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი, ევროკავშირის წარმომადგენლების - კერძოდ, ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის, ასევე, ჯოზეფ ბორელისა და ქრისტიან დანიელსონის ძალისხმევა დაპირისპირების გასანეიტრალებლად. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ