"ბატონ ბორელს ინგლისურის სწავლება დაუწყეს და სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდეს თავი" - კვირის პალიტრა

"ბატონ ბორელს ინგლისურის სწავლება დაუწყეს და სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდეს თავი"

"ბორელის განცხადებისა და ზოგადად, ასოცირების საბჭოს შეხვედრების შემდეგ, ქართულ ოპოზიციურ სპექტრში გარკვეული პოლარიზაცია მოხდა - ბევრმა პარტიამ დაინახა, რომ საპარლამენტო საქმიანობას ალტერნატივა არა აქვს, ხოლო ოპოზიციის მეორე ნაწილი უფრო რადიკალურ მოქმედებებზე წავა", - ეს განცხადება ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა გააკეთა.

სოზარ სუბარმა დღეს ხაზგასმით აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნები, რომ დემოკრატიულ, თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, აღიარებულია ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ. დეპუტატმა აქვე დასძინა, რომ ეს აღიარება არ გაუკეთებია მხოლოდ ქართულ ოპოზიციას და ასევე რუსეთისაგან არ მოუსმენია, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო.

"როცა გუშინ ბორელმა სამართლიანი არჩევნების შესახებ თქვა, ზოგიერთი ოპოზიციური ლიდერის კრიტიკა მოჰყვა. ბატონ ბორელს ინგლისურის სწავლება დაუწყეს და სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდეს თავი", - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

სუბარს იმედი აქვს, რომ მოლაპარაკებების შედეგად კონსენსუსი შედგება.

"ზოგიერთი ოპოზიციური ლიდერის მხრიდან ნამდვილად გამოჩნდა, რომ ისინი გაცილებით უფრო კონსტრუქციული არიან, ვიდრე მანამდე იყვნენ. დაველოდოთ მოვლენებს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ქართული სახელმწიფო იყოს მყარი. სხვათა შორის, როცა თავის დროზე ოპოზიციის წარმომადგენლებს სადეპუტატო მანდატები არ შევუწყვიტეთ, ეს სწორედ ჩვენი კონსტრუქციულობის მკაფიო მაგალითი იყო. მანდატები რომ შეგვეწყვიტა, დღეს არანაირი დიალოგი და მოლაპარაკება არ იქნებოდა, ვერანაირი ევროკავშირის შუამდგომლობა ვერ შედგებოდა", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

"ინტერპრესნიუსი"