"ხელისუფლებამ აღიარა, რომ მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირება, ფაქტობრივად, ტყუილი იყო" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლებამ აღიარა, რომ მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირება, ფაქტობრივად, ტყუილი იყო"

"ეს არის მთავარი გზავნილი, რომ დებატებმა უნდა გადაინაცვლოს პარლამენტში", - ამის შესახებ "მოქალაქეების" ერთ- ერთმა ლიდერმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ბრიუსელში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, "წითელი ხაზი ვადამდელი არჩევნები აღარ უნდა იყოს". ამასთან, იოსელიანი მიიჩნევს, რომ პოლიტპატიმრების საკითხი ამ კონტექსტში უფრო ადვილი გადასაწყვეტია.

"ნათელი გზავნილია ყველასთვის ჩვენი მეგობრების განცხადებები ევროკავშირიდან, რომ საქართველოში არჩევნებთან დაკავშირებული დებატები უნდა დასრულდეს და ამ ყველაფერმა პარლამენტში უნდა გადაინაცვლოს. ეს არის მთავარი გზავნილი დებატებმა უნდა გადაინაცვლოს პარლამენტში და მოლაპარაკებები უნდა დასრულდეს სწორედ ამ შედეგით. კონსენსუსი უნდა შედგეს სასამართლოს, პროკურატურის რეფორმირების საკითხზე და სხვა იმ საკითხებზე, რომელიც დოკუმენტშია ასახული", - განაცხადა იოსელიანმა.

"ხელისუფლებამ პრაქტიკულად აღიარა, რომ მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირება, რაც აქამდე მიმდინარეობდა, პრაქტიკულად იყო ტყუილი", - მისი თქმით, მართლმსაჯულების რეფორმის შესაძლებლობა მოლაპარაკებათა მაგიდაზე დევს.

"ამ პროცესმა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ გამოააშკარავა და ხელისუფლებამ პრაქტიკულად აღიარა, რომ მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირება, რაც აქამდე მიდიოდა პრაქტიკულად ყველაფერი იყო ტყუილი და ამ რეფორმამ არანაირი შედეგი არ გამოიღო. მართლმსაჯულების რეფორმის შესაძლებლობა დევს მოლაპარაკებათა მაგიდაზე და არავინ აღარ უარყოფს, რომ საქართველოში ეს არის მნიშვნელოვანი პრობლემა და ის არის გადასაწყვეტი. ამიტომ მიმაჩნია, რომ ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვება არ შეიძლება. უნდა დავიწყოთ სასამართლოს, პროკურატურის რეფორმირება და უნდა დავსრულოთ ის საქმე, რომელიც ჩვენ დავიწყეთ, ეს არის საარჩევნო სისტემის გაჯანსაღება,"- განაცხადა იოსელიანმა.

"ინტერპრესნიუსი"