"ჩემი შემოსავლები უკვე დიდი ხანია, ნულს არ აღემატება" - კვირის პალიტრა

"ჩემი შემოსავლები უკვე დიდი ხანია, ნულს არ აღემატება"

"როცა შემოსავალი მიჩნდება, გონება მეკარგება"

მომღერალ სალომე ბაკურაძეს შემოსავლის საკუთარი წყარო პატარა ასაკიდანვე გაუჩნდა. სამსახურის მოძებნა არასოდეს დასჭირვებია. მართალია, პანდემიამ კულტურის სფეროს წარმომადგენლები ძალიან დააზარალა და გამონაკლისი არც სალომე ყოფილა, მაგრამ მომღერალმა მოახერხა, საზოგადოებისთვის ახალი, ხალისიანი მუსიკალური კლიპი - "აღარ გიცდი" წარედგინა...

- კლიპი 2020 წელს, სექტემბერში, რეგულაციების დაცვით გადავიღეთ. ეს სიმღერა - "აღარ გიცდი" უკვე არსებობდა. ვიდეორგოლის გადაღება ძალიან მინდოდა. ჩემი მეუღლე, ნოდიკო ტატიშვილი, თაკო დოლაბერიძე და ნესტან სინჯიკაშვილი დამეხმარნენ, - ახლა დრო გვაქვს, კონცერტები არ არის, წინ და უკან სირბილი არ გიწევს და მოდი, კლიპი გადავიღოთო... ერთ დღეში შევიკრიბეთ. კლიპის მონაწილეებიც ისეთ დროს დავიბარეთ, რომ ერთმანეთისთვის ხელი არ შეეშალათ, უხერხული და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი სიტუაცია არ შექმნილიყო. ამიტომ დილის 9 საათზე დაწყებული გადაღება ღამის 3-ზე ძლივს დავასრულეთ... შემდეგ არჩევნები, არეული პოლიტიკური სიტუაცია იყო... მერე ახალი წელი დადგა: ამ დროს ხალხი საახალწლო პროგრამებს უფრო უყურებს... პრემიერისთვის ხელსაყრელ პერიოდს ველოდი. თან, კლიპის მონტაჟს გარკვეული დრო სჭირდებოდა... საბოლოოდ, კლიპის პრემიერა 2021-ში გაიმართა და ამ უმოქმედობის დროს, კიდევ უფრო თვალში საცემი გახდა... ფერადი, უპრეტენზიო ვიდეორგოლია - მომწონს. თითქოს მასში სათქმელიც არის: სხვადასხვა გარეგნობის, ინტერესების, ხასიათის მქონე, შემდგარი, დამოუკიდებელი ქალები მონაწილეობენ... საინტერესოა. თან, საკმაოდ კარგი გამოხმაურება მოჰყვა. თითოეულ ადამიანს მადლობას ვუხდი, ვინც ვიდეორგოლის შექმნაში მონაწილეობდა და ვინც კლიპი ნახა, რა თქმა უნდა (იღიმის).

- "აღარ გიცდი, ვუცდი სხვას, აღარ გიძღვნი ჩემს სიმღერას..." - ასეთი ტექსტი რატომ შეარჩიე? - ტექსტის გამო ნამდვილად არ ამირჩევია. ეს სიმღერა ბევრ ადამიანს უყვარდა და ჩემს "ფლეილისტშიც" იყო: მხიარულია, ყველას აცეკვებს. ვიღაცას მოგონებასთან აკავშირებს, ვიღაცისთვის პირადი სათქმელია...

- როცა პროფესიას ირჩევდი, გიფიქრია, შენი მომავალი საქმიანობა შემოსავლიანი იქნებოდა თუ არა? - არა. მგონია, რომ იმ ასაკში, როცა პროფესიის არჩევა გვიწევს, ამაზე ნამდვილად არ ვფიქრობთ. როგორც წესი, მოზარდები ვიღაცის რჩევა-დარიგებას ითვალისწინებენ ან საკუთარ სურვილს ბოლომდე "მიჰყვებიან" და გააზრებული არა აქვთ, მათ მიერ არჩეული პროფესია პრაქტიკული, შემოსავლიანი იქნება თუ არა... ჩემი არჩევანი ცოტათი ექსპრომტი იყო: თავიდანვე ვიცოდი, რომ მომღერლობა პროფესიაც იქნებოდა და ჰობიც. მუსიკალური შვიდწლედი დავამთავრე. რაღაცნაირად, ნელ-ნელა უკვე ესტრადისკენ ნაბიჯებს ვდგამდი, მაგრამ მუსიკალური განათლება მაინც არ ამირჩევია - მინდოდა, კიდევ რაღაც სხვა პროფესია მქონოდა. მსახიობობაზე ვფიქრობდი, რადგან მომწონდა, მაგრამ ბოლო წელს თეატრალურ უნივერსიტეტში, სამსახიობო ფაკულტეტზე ჩაბარება რთული მომეჩვენა, - ამას მომზადება სჭირდებოდა. მივხვდი, ამ პროფესიასთან "შორიახლო ტრიალი" უნდა დამეწყო. ამიტომ ხელოვნებათმცოდნეობა ავირჩიე, კინოსა და თეატრის განხრით - პროფესიით კინომცოდნე, თეატრმცოდნე ვარ. ძალიან კარგი პედაგოგები გვყავდა. მახსოვს, ლექტორებთან ერთ-ერთ პირველ შეხვედრაზე ლამარა ღონღაძემ გვითხრა: თუ დაფიქრებულხართ, რა პროფესია აირჩიეთ? ჩემი სტუდენტობისას ამას "მდიდარი ქმრების განებივრებული ცოლების პროფესიას" ეძახდნენ; ზუსტად იცოდეთ, კულტურულად იცხოვრებთ, თეატრებში ივლით, მაგრამ ამ პროფესიით ფულს ვერასოდეს იშოვითო (იცინის). მგონი, ამ სიტყვებმა უფრო დაგვაფიქრა, რომ პროფესიას ჩვენთვის ფულიც უნდა მოეტანა, რადგან ყველა ენთუზიაზმით ვიყავით... პროფესიით არასდროს მიმუშავია. სიმღერა ჩემი პროფესიაც არის, ჰობიც და შემოსავლის წყაროც. მიმაჩნია, რომ ამაზე უკეთ არც ერთი საქმე არ გამომივა.

- საერთოდ, ფულის მნიშვნელობა და საჭიროება როდის გაიაზრე? - ალბათ საჭირო ნივთების შესაძენად, სურვილების დასაკმაყოფილებლად ფულის ქონის სურვილი თავისთავად გიჩნდება ადამიანს. უბრალოდ, ვიდრე თავად გამოიმუშავებ, ამას ვერ აღიქვამ, რადგან სურვილების ასრულებაში ვიღაცები გეხმარებიან. პირადად მე, ჯერ კიდევ მეათე კლასში ვსწავლობდი, როცა შემოსავალი გამიჩნდა: საბავშვო სტუდიაში ჩემმა პედაგოგებმა მასწავლებლად ამიყვანეს - ჩემზე უმცროსი ასაკის ბავშვებს მუსიკის გაკვეთილებს ვუტარებდი. ჩემი ხელფასი 80 ლარი იყო (იცინის). 2004 წლიდან, "ნუცას სკოლის" შემდეგ, უკვე საკუთარი შემოსავალი მქონდა სხვადასხვა კლუბიდან. მერე ალექსანდრე ბასილაიას კვინტეტში ხელფასს ვიღებდი... ჩემი პოპულარობა "ჯეოსტარში" მონაწილეობის შემდეგ უფრო გაიზარდა. შესაბამისად, ჩემზე მოთხოვნაც გაიზარდა - მეტ ადგილას ვმუშაობდი... ასე რომ, დიდი ხანია, ფულის საჭიროება გააზრებული მაქვს (იღიმის).

- პანდემიის გამო შექმნილმა კრიზისმა ფინანსურად ძალიან დაგაზარალა? - დიახ და ერთადერთი ნამდვილად არ ვარ - საერთოდ, კულტურის სფეროს წარმომადგენლები ძალიან დავზარალდით. ჩემი შემოსავლებიც უკვე დიდი ხანია, ნულს არ აღემატება. ოჯახის სხვა წევრების დახმარებით, რთულ პერიოდს ვუმკლავდებით, მაგრამ არსებობენ ჩემი კოლეგები, რომლებიც ოჯახის ერთადერთი მარჩენლები თავად არიან... ნამდვილად ურთულეს სიტუაციაში აღმოვჩნდით. ჩემი წუხილი ვერაფერს შველის, მაგრამ გამოსავალსაც ვერ ვხედავ. ამაზე საუბარი მიჭირს... ყველაზე მეტად, წუწუნი და რთულ სიტუაციებზე მსჯელობა არ მიყვარს, რადგან ამ დროს ფიქრი და კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო, მაგრამ შექმნილ სიტუაციაში ეს ჩემს ძალებს აღემატება.

- პანდემიამდე ფინანსური კრიზისი შეგქმნია? - არა. მთელი ცხოვრება საქმე სტაბილურად მიჩნდებოდა: ღონისძიება, კონცერტი, სტაბილური სამუშაო ადგილი, სადაც კვირაში ერთხელ ვმღეროდი... პანდემიამდე ფინანსური კრიზისი ნამდვილად არ მიგრძნია. შემოსავალი ხან მეტი მქონდა, ხან - ნაკლები, მაგრამ "რაღაც ციფრები" ყოველთვის იყო.

- მუშაობისას უსამართლობის მსხვერპლი გამხდარხარ? მაგალითად, ყოფილა შემთხვევა, როცა დაპირებული ჰონორარი არ გადაუხდიათ? - არა. ამ საკითხს ასე არ ვუდგები, რომ როცა დამკვეთი რეკავს, პირველ რიგში, ფინანსური საკითხი და ტექნიკური დეტალები "გავიაროთ". ყოველთვის ისეთ ადამიანებთან ვთანამშრომლობ, ვინც იცის, რა უნდა, ცუდ სიტუაციაში არც საკუთარ თავს აგდებენ და არც - სხვას. ყოველთვის წინასწარ გარკვეულია ის სიტუაცია, რომელშიც უნდა ვიმღერო. თუ ისეთი მიკროფონი ვერ დამახვედრეს, როგორსაც ველოდი, ეს უზარმაზარ პრობლემას არ ნიშნავს, თუმცა კარგი იქნება, ამ მხრივაც ყველაფერი მოწესრიგებული იყოს, მაგრამ ახლა ისეთ სიტუაციაში ვართ, ოღონდ კონცერტები გაიმართოს და, ჩემი მიკროფონით ვივლი (იცინის).

- ფულს გონივრულად ხარჯავ? - როცა შემოსავალი მიჩნდება, გონება მეკარგება (იცინის). საერთოდ, მხარჯველი ვარ, მაგრამ ისეთიც არა, რომ მერე, ასე ვთქვათ, მშიერი დავრჩე. ყოველ შემთხვევაში, ჩემ მიერ არაგონივრულად დახარჯული ფულის გამო ზიანი არავისთვის მიმიყენებია და თავი ცუდ სიტუაციაში არ ჩამიგდია.

- შენი შემოსავალი ძირითადად რაში იხარჯება? - ფულის დახარჯვა აბსოლუტურად არაფერში არ მენანება - ტანსაცმელი (ჩემთვის და ოჯახის წევრებისთვის) იქნება, პარფიუმერია თუ საკვები... მჭირდება თუ არა, ხშირად მაინც ვყიდულობ.

- ცოლ-ქმარი ოჯახურ ბიუჯეტს როგორ განაგებთ?

- ერთადერთი, რაც მახსენდება, დიდი ყულაბა-ყუთია, რომელიც ჩემს მეუღლეს აჩუქეს. ჩავიფიქრეთ, რომ ამ ყუთში მხოლოდ 1 და 2-ლარიან მონეტებს ჩავყრით. წესით, რომ გაივსება, საკმაოდ სოლიდური თანხა უნდა გამოვიდეს. შეგროვებული ფულით ჩვენს შვილს უცხოეთში, კონკრეტულად - იტალიაში სამოგზაუროდ წავიყვანთ. მოკლედ, ეს ყუთი "სანტას ყულაბაა" (იღიმის).

- შენს 4 წლის ბიჭუნას ფულზე როგორი წარმოდგენა აქვს და თუ იცის ყულაბასთან დაკავშირებული ჩანაფიქრის შესახებ? - კი, იცის, რომ ეს ყულაბა მისია და ფული იტალიაში მის მოგზაურობას მოხმარდება. იცის, რომ მაღაზიაში რაღაცას თუ აიღებს, ჯერ სალაროსთან უნდა "გავატაროთ". ასეთ კითხვებსაც მისვამს ხოლმე: - ძალიან ძვირი ხომ არ არის? მგონი, დღეში 3 სათამაშო ძალიან ბევრია, დედა, არაო?.. თუ კონკრეტულ სიტუაციაში ფინანსურად გამართული არ ვარ, შემიძლია, შვილს ამის შესახებ ვუთხრა და გაიგებს, - შეთანხმებას ვაღწევთ ხოლმე (იღიმის).

- სიმღერის გარდა, ოდესმე სხვა საქმით თუ გიშოვია ფული? - ჩემი მეუღლის ოჯახს სამედიცინო კლინიკა აქვს, რომლის საქმიანობაშიც ჩართული ვარ (საგარეო საქმეებში, საზოგადოებასთან ურთიერთობაში).

- კლინიკაში პიარის მიმართულებით მუშაობისას სირთულეებს თავს როგორ ართმევ? - ამ მიმართულებით განათლება არ მაქვს მიღებული, რომ გაწერილი გეგმით ვმოქმედებდე. რადგან საოჯახო ბიზნესია, ამიტომაც საქმესთან გამკლავებას ჩემი კონტაქტებითა და პირადი ურთიერთობებით ვახერხებ. თან, კლინიკაში მხოლოდ პიარის მიმართულებით არ ვმუშაობ - იმ პოზიციაზე ვარ, რომელიც კონკრეტულ სიტუაციაში საჭიროა...

- რას ურჩევ საქმიან ადამიანებს? - პირველ რიგში, არ მინდა ადამიანებმა მომავლის იმედი დაკარგონ. ხასიათი არ გაიფუჭონ. ახლა ყველას ჩავარდნა გვაქვს და ურთულეს პირობებში ცხოვრება გვიწევს, მაგრამ მგონია, ასეთ სიტუაციაში მარტო არ ვართ. გამოსავალი ერთისთვის თუ მოიძებნება, ეს ყველასთვის შესაძლებელი იქნება. ერთმანეთის გვერდით დგომა უნდა ვიცოდეთ. ასეთ დროს ნებისმიერი საქმე ბევრად ადვილად და კარგად გამოგვივა. ერთხელ თუ ვინმეს დავეხმარებით, ეს იმას ნიშნავს, რომ იმავე სიტუაციაში დახმარების ხელს ჩვენც ვიღაც გამოგვიწვდის. ადამიანებს ერთად ბევრი კარგი საქმის კეთება შეგვიძლია...

ეთო ყორღანაშვილი ჟურნალი "გზა"