"რუსთავი 2" და "პრაიმ თაიმი" ერთ ჰოლდინგად ერთიანდებიან - რას აცხადებენ კომპანიების ხელმძღვანელები? - კვირის პალიტრა

"რუსთავი 2" და "პრაიმ თაიმი" ერთ ჰოლდინგად ერთიანდებიან - რას აცხადებენ კომპანიების ხელმძღვანელები?

ტელეკომპანია "რუსთავი 2" და "პრაიმ თაიმი" ერთ ჰოლდინგად ერთიანდებიან. "რუსთავი 2" -ის დირექტორმა პაატა სალიამ ambebi.ge -სთან ამ პროცესის მიზეზებსა და მიზნებზე ისაუბრა. მისი თქმით, ტელეკომპანიამ გასულ წლებში რთული პერიოდი გამოიარა, რის გამოც კომპანიის რესურსების ოპტიმიზაციისა და უფრო ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის ჰოლდინგის ჩამოყალიბება გახდა საჭირო.

სალიას თქმით, "რუსთავი 2"- ში მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება - არხს ცნობილი სახეები უბრუნდებიან და სამაუწყებლო ბადეს ახალი გადაცემები დაემატება.

"იმ სირთულეების გათვალისწინებით, რაც 2019 წელს გამოვიარეთ, "რუსთავი- 2" -ს სჭირდებოდა ეს პროცესი. 2021 წლისთვის გვაქვს ამბიცია, რომ "რუსთავი 2" იყოს ყველაზე რეიტინგული მაუწყებელი მედიაბაზარზე. ამ ეტაპზე ორივე მედიასაშუალება საქმიანობას ძველებურად განაგრძობს, თუმცა გარკვეული პროცესები გაერთიანდება, მათ შორის მენეჯმენტის ნაწილიც. სწორედ ეს მოგვცემს პროცესების უფრო ეფექტიანად წარმართვის საშუალებას.

ამ რეორგანიზაციის მიზანი რესურსების ოპტიმიზაცია და არხის რეიტინგის გაზრდაა. უკვე დავიწყეთ გარკვეულ ცვლილებებზე მუშაობა. "რუსთავი 2" კვლავ გახდა საინტერესო ძალიან ბევრი ადამიანისთვის - არხზე დაბრუნდებიან: გიორგი ხაბურძანია და დემნა ჯაფარიძე. ასევე დავიბრუნეთ ვაშინგტონის ბიურო და დავით ნიკურაძე ისევ ჩვენთვის მუშაობს. გვაქვს დიდი და ამბიციური გეგმები, რომ არხზე შეიქმნას არაერთი საინტერესო და მაღალრეიტინგული გადაცემა. ამაზე მუშაობა დაწყებულია. უახლოეს მომავალში სატელევიზიო ბადე შეივსება და შემოდგომიდან სრულფასოვანი ბადე გვექნება - სერიალიდან დაწყებული მეგაპროექტებით დასრულებული, ყველანაირი მაყურებლის ინტერესს დავაკმაყოფილებთ. რაც შეეხება "პრაიმ თაიმს", ის განაგრძობს მუშაობას, როგორც აქამდე მუშაობდა, ჯერჯერობით ამ ნაწილში ცვლილებები არ არის", - განუცხადა ambebi.ge -ს პაატა სალიამ.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგეგმება "პრაიმ თაიმის" რუსთავი 2"-ის ოფისში გადასვლა, თუმცა ეს არ დაადასტურა "პრაიმ თაიმის" დამფუძნებელმა თამარ ფხაკაძემ. მისი თქმით, ისინი ამ ეტაპზე ცვლილებების გარეშე განაგრძობენ მუშაობას. როგორც ფხაკაძემ გვითხრა, ორივე მედიასაშუალება მუშაობას საკუთარი ოფისებიდან განაგრძობს.

ამ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პანდემიის გამო გამოწვეული ეკონომიკური სირთულისა და არხის რეიტინგის შემცირების გამო "რუსთავი 2"-ში სტრუქტურული რეორგანიზაცია გამოცხადდა. ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლებელი იყო კომპანია გაკოტრებულადაც გამოცხადებულიყო.

ცნობისათვის, სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის 60%-ს ქიბარ ხალვაში ფლობს, 40%-ს - შპს პანორამა. თავის მხრივ, "პანორამას" 100-იანი წილის მფლობელიც ქიბარ ხალვაშია. რაც შეეხება "პრაიმ თაიმს", მის 50-50%-იან წილს გიორგი ქუთათელაძე და თამარ ფხაკაძე ფლობენ.