იენს სტოლტენბერგი:"ჩვენი შეშფოთების საგანია, როცა ვხედავთ ბოლო მოვლენებს, მათ შორის, ყველაზე გავლენიანი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებას" - კვირის პალიტრა

იენს სტოლტენბერგი:"ჩვენი შეშფოთების საგანია, როცა ვხედავთ ბოლო მოვლენებს, მათ შორის, ყველაზე გავლენიანი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებას"

ნატოს გენერალურ მდივანი იენს სტოლტენბერგი და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილი ერთმანეთს შეხვდნენ. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბოლოდროინდელი პოლიტიკური მოვლენები საქართველოში წუხილს იწვევს.

ჩვენი შეშფოთების საგანია, როდესაც ვხედავთ მოვლენების ბოლო განვითარებას საქართველოში, მათ შორის, ყველაზე გავლენიანი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებას და ჩვენ გვსურს, რომ ეს დავა და სირთულე გადაწყდეს მშვიდობიანად, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის დასრლების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ქართველი ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არის მნიშვნელოვანი ნატო-სთვის საქართველოში პოლიტიკური სტაბილურობა და მოახდენს თუ არა გავლენას არსებული კრიზისი ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნატო არის ალიანსი, რომელიც დგას ისეთ ფასეულობებზე, როგორიც კანონის უზენაესობა და დემოკრატიაა.

"ნატო არის ალიანსი, რომელიც დგას ისეთ ძირითად ფასეულობებზე, როგორიც არის კანონის უზენაესობა, დემოკრატია, ინდივიდუალური თავისუფლებები და ეს, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ყველა ალიანსის წევრისთვის და ეს არის მიზეზი, რატომაც მივესალმებით ჩვენ ამ პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით. ნატო-ს წევრებიც მხარს უჭერდნენ ქვეყნის მიერ გაწეულ ამ ძალისხმევას. ჩვენი შეშფოთების საგანია, როდესაც ჩვენ ვხედავთ ამ ბოლო განვითარებას საქართველოში, მათ შორის, ყველაზე გავლენიანი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებას და ჩვენ გვსურს, რომ ეს დავა და სირთულე გადაწდეს მშვიდობიანად და საქართველომ გააგრძელოს რეფორმების შესრულება და ქვეყნის დემოკრატიულობის განვითარებას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირის მიერ გაწეულ მედიაციას. ჩვენ ამაზე შეხვედრისას ვისაუბრებთ და ალბათ ამ საკითხს ალიანსის წევრებიც დააყენებენ,“- განაცხადა სტოლტენბერგმა.

როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ნატოს მოლოდინი აქვს, რომ საქართველო დემოკრატიულ სტანდარტებს შეინარჩუნებს.

"პრემიერ-მინისტრო, ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა ნიშნავს, რომ არ ვერიდებით რთულ დისკუსიებს. ბოლო დროინდელი პოლიტიკური მოვლენები საქართველოში იწვევს წუხილს. ნატო ელოდება, რომ საქართველო შეინარჩუნებს ბოლო წლების დიდი მუშაობით დამკვიდრებულ დემოკრატიულ სტანდარტებს, ამაში შედის პოლიტიკური უთანხმოების დიალოგის გზით გადაწყვეტა და საზოგადოებაში განხეთქილების გამომწვევი რიტორიკისა და ქმედებების არ გამოყენება. ნატო მხარს უჭერს ევროკავშირის მედიაციის ძალისხმევას", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ნატო-ში გაწევრიანება საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია, თან იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ჩვენს კონსტიტუციაშიც არის ასახული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, იენს სტოლტენბერგთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიური და არსებითი დღის წესრიგი და ინტეგრაციის პროცესი.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი წევრობისთვის მოსამზადებლად და ქვეყანა არის ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე ახლო, საიმედო და ურთიერთთავსებადი პარტნიორი.

"დიდი მადლობა, ბატონო იენს. მადლობა მინდა, გადაგიხადოთ მასპინძლობისთვის ნატო-ს შტაბბინაში. საქართველოს ყველა მოქალაქის სახელით, მაქვს პატივი, რომ განვიხილო ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიური და არსებითი დღის წესრიგი, ჩვენი ინტეგრაციის პროცესი. ნატო-ში გაწევრიანება საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია, თან იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ჩვენს კონსტიტუციაშიც არის ასახული.

ჩვენი ქვეყნის ნატო-სკენ სწრაფვა ემყარება ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის სურვილს, რომელიც მხარს უჭერს ამ მიზანს. ეს არის ფართო კონსენსუსის საკითხი მსხვილ პოლიტიკურ პარტიებს შორისაც. ნატო-ს მნიშვნელოვანი როლისა და ჩვენი დღის წესრიგის გათვალისწინებით ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კონტექსტში ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში ხორციელდება, საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის რანგში. საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი წევრობისთვის მოსამზადებლად.

ჩვენ ვართ ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე ახლო, საიმედო და ურთიერთთავსებადი პარტნიორი. საქართველომ დაადასტურა თავისი კოლექტიური თავდაცვის ტვირთის გაზიარების შესაძლებლობა ნატო-ს ხელმძღვანელობით მიმდინარე ოპერაციებში, 860 ქართველი კაცი და ქალი, 10 წლის განმავლობაში, ავღანეთში მოკავშირეთა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად მსახურობდა. ამ ძალიან მნიშვნელოვანი საქმისადმი მათი თავდადებითა და პროფესიონალიზმითა და ერთგულებით დამტკიცდა ქვეყნის სათქმელი. ჩვენ მივესალმებით ალიანსის მზარდ წარმომადგენლობას შავი ზღვის რეგიონში, შავი ზღვისპირეთში ალიანსის ყოფნა ძლიერი შემაკავებელი ფაქტორია, რომელსაც რეგიონის ქვეყნებისთვის თანაბრად ძლიერი სტაბილიზაციის ეფექტი მოაქვს. ევროპული უსაფრთხოება არ შეიძლება შედგეს უსაფრთხო და სტაბილური შავი ზღვის გარეშე, ეს რეალობა მტკივნეულად ცხადი გახდა ბოლო წლების განმავლობაში. მივესალმებით მოკავშირეთა სტრატეგიას "ნატო 2020"-ის ამოქმედებას, რაც საბოლოოდ დაგვაკავშირებს ალიანსის ახალ სტრატეგიულ კონცეფციასაც”,- აღნიშნა პრემიერმა.