"მოლაპარაკებები უსასრულოდ ვერ გაგრძელდება..." - რას აცხადებენ ხელისუფლებასთან შეხვედრის შემდეგ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები? - კვირის პალიტრა

"მოლაპარაკებები უსასრულოდ ვერ გაგრძელდება..." - რას აცხადებენ ხელისუფლებასთან შეხვედრის შემდეგ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები?

იმედი მაქვს, კვანძის გახსნა ძალიან მალე მოხდება, როგორი იქნება კვანძს გახსნა, მთლიანად "ქართულ ოცნებაზეა" დამოკიდებული, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი მინაშვილმა ჟურნალისტებს კრისტიან დანიელსონის მედიაციით ოპოზიციისა და მმართველი გუნდის შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც მინაშვილი აღნიშნავს, ოპოზიციური პარტიებისთვის პრიორიტეტული საკითხია, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნა.

"მოლაპარაკებები უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. ჩვენი პრინციპია, რომ ნიკა მელია უნდა იყოს გარეთ, უნდა იყოს თავისუფლებაზე. იმედი მაქვს, კვანძის გახსნა ძალიან მალე მოხდება, როგორი იქნება კვანძს გახსნა, მთლიანად დამოკიდებულია "ქართულ ოცნებაზე" თუ "ქართული ოცნება" ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ნაბიჯებზე არ წამოვა, მაშინ ეს შეთანხმება ვერ შედგება, ისე გაგრძელდება, როგორც არის, ძალიან სამწუხარო იქნება. ვინაიდან, ყველა თემაზე მიმდინარეობს საუბარი, ყველას აქვს გათავისებული, რომ ორი მთავარი საკითხია, თუ ამ ორ მთავარ საკითხზე ვერ მოხდა კონკრეტული შეთანხმება, შეთანხმება ვერ შედგება",-აცხადებს მინაშვილი.

"გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართულ შეხვედრაზე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის იყო რთული საუბარი და პოზიციები დაახლოვდა, თუმცა, ჯერ საერთო შეთანხმებამდე კიდევ შორია.

როგორც ჯაფარიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, უფრო პოზიტიურად დასრულდა დღევანდელი შეხვედრა, ვიდრე ელოდა.

"იყო საკმაოდ რთული საუბარი ბევრ საკითხზე. არის საკითხები, სადაც პოზიციების შეჯერება მოხდა, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი დასრულებული არ არის, ხვალ გაგრძელდება შეხვედრები. დეტალებში ვერ შევალ. რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ იყო რთული საუბარი და პოზიციები დაახლოვდა. ჯერ საერთო შეთანხმებამდე კიდევ შორია. უფრო პოზიტიურად დასრულდა დღევანდელი შეხვედრა, ვიდრე ველოდი. ჯერჯერობით დათმობაზე საუბარი საერთოდ არ არის. ხდება საკითხების განხილვა. კონკრეტულ ბიულეტებზე, რომელიც დატოვა შარლ მიშელმა, ვერაფერს გეტყვით. არაფერი დასრულებულა, ყველაფერი წინ არის",- განაცხადა ჯაფარიძემ.

ძალიან რთული სამუშაო პროცესი იყო, თუმცა, გარკვეული ნაბიჯები გადავდგით, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ამასთან, გიორგი ვაშაძე იმედოვნებს, რომ მხარეებს შორის შეთანხმება შედგება.

"მთავარი რაზეც შევთანხმდით, ეს არის პრინციპი, არაფერია შეთანხმებული, სანამ ყველაფერი არ არის შეთანხმებული. ანუ, ხუთივე საკითხთან დაკავშირებით უნდა მოხდეს შეთანხმება. დღეს გვქონდა საკმაოდ რთული სამუშაო, ძალიან რთული სამუშაო პროცესი იყო, თუმცა, გარკვეული ნაბიჯები გადავდგით, მარტივად არ მიდის პროცესი, ხვალ ვაგრძელებთ მოლაპარაკების პროცესს. იმედი მაქვს, ამ კვირაში 6 პუნქტიანი გეგმის ხუთივე საკითხთან დაკავშირებით შევთანხმდებით", - აცხადებს ვაშაძე.

ცნობისთვის, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეხვედრა მედიატორის მონაწილეობით ჩატარდა.

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში მედიატორი კრისტიან დანიელსონია, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა თბილისში საკუთარ წარმომადგენლად დანიშნა.

"ინტერპრესნიუსი"