"მხოლოდ იმაზე ვფიქრობდით, რომ იქიდან ცოცხლები ჩამოვსულიყავით, აღარც კონცერტი გვახსოვდა და არც სხვა რამ" - კვირის პალიტრა

"მხოლოდ იმაზე ვფიქრობდით, რომ იქიდან ცოცხლები ჩამოვსულიყავით, აღარც კონცერტი გვახსოვდა და არც სხვა რამ"

ნუგზარ ერგემლიძეს, ბევრი როგორც მუსიკოსს, ისე იცნობს. ზოგი ალბათ გეტყვით, რომ ის პოლიტიკოსის ამპლუაში გაიცნო... ყველამ არ იცის, რომ გარდა ამ ყველაფრისა, ის ორიგინალური ნახატების, ლექსებისა და მოთხრობების ავტორიცაა. ბატონ ნუგზარს ბევრი საინტერესო ამბავი აქვს მოსაყოლი.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"1992 წელს ბერლინში წავედით. თბილისი მაშინ ჩაბნელებული იყო - მთელ ქვეყანაში უშუქობა და გაჭირვება სუფევდა. ოდესიდან გემით წავედით. ამ გემზე რუსებიც იყვნენ, ლატვიელებიც და უკრაინელებიც. მთელი თურქეთი, საბერძნეთი, ესპანეთი შემოვიარეთ. ერთი-ორჯერ ისეთ ღელვაში მოვყევით, არც გვეგონა, გემიდან ცოცხლები თუ ჩამოვიდოდით. ეს იყო პატარა საბჭოთა გემი, რომლის კაპიტნებს სანაპიროს თანხის გადახდა არ სურდათ და არსად ჩერდებოდნენ. ერთხელ, ცხრაბალიან შტურმში მოვყევით მე, ზურაბ კობეშავიძე, მერაბ სეფაშვილი და ირაკლი მენთეშაშვილი. მხოლოდ იმაზე ვფიქრობდით, რომ იქიდან ცოცხლები ჩამოვსულიყავით, აღარც კონცერტი გვახსოვდა და არც სხვა რამ. ასე, ვაი-ვიშით ჩავედით ეგვიპტეში..."

"გავიარეთ, გამოვიარეთ და ვხედავთ, ვიღაც ულვაშიანი კაცი დგას და რუსულად გვეძახის. აკორდეონს რამდენად ყიდითო? - გვკითხა. მერე კი გვთხოვა, დაუკარითო. ირაკლიმ დაუკრა და რა დაუკრა... ამოიღო უცნობმა 200 დოლარი და მისცა. 200 დოლარი მაშინ 500 ათასი მანეთი იყო და თბილისში გახარებულები წამოვედით. აქ, ერთ-ერთ საკომისიო მაღაზიაში სულ სხვა რამის საყიდლად შევედი და ვხედავ - ზუსტად ისეთი აკორდეონი დევს და 6000 მანეთი აწერია. უცებ გამიელვა, რომ ეს აკორდეონი უნდა მეყიდა. ვურეკავ ირაკლის და გადავწყვიტეთ, ორივეს გვეყიდა და როცა სტამბოლში ჩავიდოდით, მოგება თანაბრად გაგვეყო..."

"სხვებმაც გაიგეს, რომ ირაკლიმ თავისი აკორდეონი 200 დოლარად გაყიდა და აეროპორტში რომ მივედით, თვალებს არ დავუჯერეთ: ხელში ყველას თითო აკორდეონი ეჭირა. ჯგუფში, გარდა მომღერლებისა, სხვებიც იყვნენ. ოდესაში ეწერა, რომ აკორდეონის გატანა არ შეიძლება. მოკლედ, ვხედავთ, რომ ჩაგვივარდა "ბიზნესი"...

"ბუბა კიკაბიძეს მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში იცნობდნენ და უყვარდათ. მოკლედ, ყველა აკორდეონი მისი ხათრით გაგვატანეს. ჩავედით სტამბოლში და მიგვაქვს ეს ჩვენი აკორდეონი, რომელიც ძალიან მძიმეა და თრევა გვიჭირს, არავინ ყიდულობს. მაშინ გავიგეთ, რომ თურქები აკორდეონზე არ უკრავენ და 200 დოლარად იქვე, მშვენიერ ელექტროაკორდეონს იყიდდი. უნდა გამოვიდეთ "ოქროს ბაზრიდან" და წინ ის ულვაშა კაცი არ დაგვხვდა? ისევ დაგვიძახა, ჩაი დაგვალევინა, ირაკლის 3-4 ნაწარმოები დააკვრევინა და გვითხრა: ის 200 დოლარი უკან უნდა დამიბრუნოთო..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 18 მარტის ნომერში წაიკითხავთ.

ხათუნა ჩიგოგიძე