"ნიკა მელიამ მთელი ცივილიზებული სამყარო ააწრიალა და იმას მაინც იმსახურებდა, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დაესვათ" - კვირის პალიტრა

"ნიკა მელიამ მთელი ცივილიზებული სამყარო ააწრიალა და იმას მაინც იმსახურებდა, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დაესვათ"

"ღმერთმა არ ქნას, რომ დანიელსონი აქედან ხელცარიელი წავიდეს, ეს ძალიან ძვირად დაგვიჯდება!"

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით, "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში გუშინაც გაიმართა და დღესაც გრძელდება.

ოპოზიციის შეფასებით, შეხვედრა "მძიმე" იყო, მაგრამ გარკვეულ საკითხზე პროცესი წინ მიდის. მათივე ინფორმაციით, ახალ არჩევნებზე საუბარი გუშინ არ ყოფილა და ოპოზიციის აღნიშნულ მოთხოვნაზე მსჯელობა დღეს გაიმართება. რაც შეეხება მმართველ გუნდს, "ქართული ოცნების" წარმომადგენლების განცხადებით, "პუნქტები, საბოლოო ჯამში, ისეთი ფორმულირებით ყალიბდება, რომელიც უფრო სამართლიანია".

ამ და სხვა საკითხებზე, თუ რატომ გაიწელა მოლაპარაკების პროცესი და სად დაუშვა შეცდომა ოპოზიციამ, გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი - დავით ჭიჭინაძე გვესაუბრება.

დავით ჭიჭინაძე:

- ზოგადად, ოპოზიციამ შეცდომა დაუშვა, როდესაც პირველ საკითხად ლიდერის ციხიდან გამოყვანა არ დაასახელა. შეცდომას უშვებ მაშინ, როდესაც არასწორად ფიქრობ, რომ შენი ოპონენტი ისეთივე ღირებულებების მატარებელია, როგორიც თავად ხარ. ჩვენ ხომ ვიცით, რომ "ქართული ოცნება" მომარჯვებულია გადაგდებასა და მოტყუებაზე. ოპოზიციას თავიდანვე მკაცრი და ხისტი პოზიცია რომ დაეფიქსირებინა, ახლა, შესაძლოა, გაცილებით სხვა პოზიცია გვქონოდა.

დღეს ვხედავთ, რომ "ქართული ოცნება" დროს აჯანჯლებს და ამით მხოლოდ თავად იგებს. ეს საზოგადოების ერთ ნაწილში გაღიზიანებას, მეორეში კი - ნიჰილიზმს იწვევს ჩვენი ევროპელი პარტნიორების მიმართ. ვნახეთ, როდესაც ევროკავშირის საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა - ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ 2021 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნები სამართლიანი იყოო, ხალხმა ეს ძალიან ცუდად გაიგო, მათ მიიჩნიეს, რომ ბორელის ასეთი განცხადება ჩვენთვის ევროპის ზურგშექცევას ნიშნავდა. მილიონზე მეტ ადამიანს, რომელიც "ქართული ოცნების" წინააღმდეგი იყო, ცივი წყალი გადაესხა.

- დავაზუსტოთ, ბორელმა თქვა, რომ არჩევნები სამართლიანი იყო, თუ თქვა, რომ არჩევნები თავისუფალი იყო?

- ბორელმა თქვა ის, რასაც ამდენი ხანია ამბობს ეუთო/ოდირი. მას ახალი შეფასება არ გაუკეთებია, ის რევიზორი არ არის. ალბათ, გახსოვთ, ნიკა მელიას დაჭერამდე ევროპელი ლიდერები ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ რომ მოუწოდებდნენ, ფაქტობრივად, მმართველი გუნდის მხარეს იყვნენ. ნიკა მელიამ ნიღაბი ჩამოჰხადა ხელისუფლებას და, შესაბამისად, ევროპელი კოლეგების დამოკიდებულებაც შეიცვალა. თუმცა "ქართულმა ოცნებამ" ისევ შეძლო ოპოზიციის გაცურება და შედეგსაც ვიმკით.

- რას გულისხმობთ, რა უნდა ექნა ოპოზიციას, რომ, როგორც თქვენ ამბობთ, "ქართულ ოცნებას" "გადაგდება" ვერ მოეხერხებინა?

- იმას, რომ ამდენი შეხვედრის შემდეგ, გუშინ კიდევ ერთი შეხვედრა რომ დაიგეგმა, წინაპირობად ნიკა მელიას გათავისუფლება უნდა დასახელებულიყო, იმიტომ, რომ "ქართულ ოცნებასთან" დათქმის გარეშე დაჯდომა, ამ პოლიტიკური გუნდის ნდობა, არ შეიძლება, ისევე, როგორც არ შეიძლება ენდო შულერს.

გუშინდელ შეხვედრას ნიკა მელია უნდა დასწრებოდა. ამ ადამიანმა დაატრიალა ყველაფერი. მანამდე არც მიშელი ჩამოდიოდა აქ და არც არავინ. მეოთხე რაუნდის მერე პროცესი შეჩერდა და აღარაფერი ხდებოდა. ნიკა მელიამ მთელი ცივილიზებული სამყარო ააწრიალა, ამდენი გააკეთა ამ ადამიანმა და სულ მცირე, იმას მაინც იმსახურებდა, მოლაპარაკების მაგიდასთან დაესვათ. ნამდვილად არ უნდა დასმულიყო ტოლობის ნიშანი მელიასა და სხვა პოლიტპატიმრებს შორის. გიორგი რურუას სხვა ისტორია აქვს, ნიკა მელია სხვა მოვლენაა.

- რა იქნება ამ შეცდომის ფასი ოპოზიციისთვის?

- ფასი ძალიან დიდი იქნება. ჩვენ, საბოლოო ჯამში, გვინდა, რომ სახელმწიფო დარჩეს მოგებული. თუ ჩვენ ოპოზიციონერ ლიდერს ვერ ვიცავთ, მაშინ რიგით ადამიანებზე როგორ ვიზრუნებთ? ეს მოცემულობა საზოგადოებაში დუღილის ტეპერატურას ამცირებს. მერე უკვირთ, ქუჩაში რატომ არ გამოდის იმდენი ხალხი, რამდენიც არჩევნებზე მოვიდა ოპოზიციის მხარდასაჭერადო. აი, ასეთი შეცდომების გამო არ გამოდის.

- თქვენი ვერსიით, რა იქნება საბოლოოდ, თუ ხელისუფლება და ოპოზიცია ისევ ვერ შეთანხმდება და ევროსაბჭოს ასეთი მაღალი წარმომადგენლების მცდელობაც ამაო აღმოჩნდება?

- წარმოუდგენლად ცუდ შედეგს მივიღებთ. ამის გაფიქრებაც კი არ მინდა - ეკონომიკა ხომ ჩამოიშლება, ქვეყნის უსაფრთხოება ჰაერში გამოეკიდება და, საერთოდაც, რუსეთის ტიპის კრიმინალურ საზოგადოებად ჩამოვყალიბდებით. ამის პირველი ნიშნები უკვე სახეზეა.

ნიკა მელიას ბილბორდს ვიღაცამ პისტოლეტიდან რომ ესროლა, რა გამოდის - შეირაღებული, კრიმინალური მენტალობის ადამიანები ქუჩაში უპრობლემოდ გადაადგილდებიან?! ეს ძალიან სახიფათო ტენდენციაა. ღმერთმა არ ქნას, რომ დანიელსონი აქედან ხელცარიელი წავიდეს, ეს ძალიან ძვირად დაგვიჯდება!

ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)