"შეუერთდება თუ არა საქართველო სომხეთის გაზით ბლოკადას?" - რას წერს სომხური გამოცემა? - კვირის პალიტრა

"შეუერთდება თუ არა საქართველო სომხეთის გაზით ბლოკადას?" - რას წერს სომხური გამოცემა?

სომხურ გამოცემებში აქტიური გამოხმაურება მოჰყვა რუსულ და აზერბაიჯანულ მასმედიაში გამოქვეყნებულ პუბლიკაციებს სომხეთისათვის რუსული გაზის მიწოდების დროებით შეწყვეტასთან დაკავშირებით.

როგორც ცნობილია, სომხეთს რუსეთიდან ბუნებრივი გაზი გაზსადენ "ჩრდილოეთი კავკასია - ამიერკავკასიის" მეშვეობით მიეწოდება, საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით. რადგანაც მილსადენის რუსულ მონაკვეთზე სამკვირიანი სარემონტო სამუშაოები დაიწყო, გაზის უწყვეტად მისაწოდებლად, "გაზპრომმა" კონტრაქტი გააფორმა აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია "სოკართან" და რუსული გაზის ტრანსპორტირება ამჯერად აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით მოხდება - შემოვა საქართველოში, აქედან კი - სომხეთში. ადრე ასეთი რამ წარმოუდგენელი იყო სამხედრო-პოლიტიკური სიტუაციის გამო - სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს მტრებად მიიჩნევენ, მაგრამ ყარაბაღის 44-დღიანი ომის შეწყვეტის მიზნით ხელმოწერილმა შეთანხმებამ ძველი კომუნიკაციების აღდგენა და მათი სიკეთით სარგებლობაც გამოიწვია.

თუმცა სომხური გამოცემა "ლრაგირი" (Լրագիր) მაინც ეჭვის თვალით უყურებს ამგვარ პერსპექტივას და გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით - "შეუერთდება თუ არა საქართველო სომხეთის გაზით ბლოკადას?" წერს:

"გაზსადენ "ჩრდილოეთი კავკასია - ამიერკავკასიის" მილზე სარემონტო სამუშაოები ადრეც ხშირად ყოფილა, მაგრამ ასეთ შემთხვევებში სომხეთს დაგროვილი ჰქონდა გაზის რეზერვი მიწისქვეშა გაზსაცავებში და იმას იყენებდა, სანამ მილით გაზმომარაგება აღდგებოდა ხოლმე. ნუთუ ჩვენს გაზსაცავებში გაზი აღარ არის? ან იქნებ ე.წ კომუნიკაციების დებლოკირების ტესტირება ხდება მოსკოვში ხელმოწერილი სამმხრივი შეთანხმების მიხედვით? შესაძლოა, ეს ყველაფერი სომხეთის სრულ ბლოკადას ემსახურება - საქართველოს ტერიტორიით ტრანზიტი იხურება და ჩვენი გაზმომარაგება მთლიანად აზერბაიჯანის ნებაზე იქნება დამოკიდებული? ასეთი გამოცდილება უკვე იყო: 1992 წელს გამოცხადებული გაზის ბლოკადით კინაღამ გავიგუდეთ", - წერს "ლრაგირი" და იქვე მიუთითებს: "საეჭვოდ მოსჩანს "გაზპრომ"-"სოკარის" კონტრაქტის დადების თარიღიც - 2021 წლის 16 მარტი, როცა რუსეთ-თურქეთს შორის მოსკოვში ხემოწერილი ხელშეკრულებას ასი წლისთავი შესრულდა" (ამ ხელშეკრულებით სომხეთმა ტერიტორიები დაკარგა).

"საერთოდ, სომხეთი ძალიან ფრთხილად უნდა იყოს ამ საკითხებთან მიმართებით და რუსეთს გაზის მოწოდების ალტერნატივა შესთავაზოს, თუ საქმე მართლაც გაზსადენის გეგმიურ რემონტს ეხება. მაგალითად, ერევანს შეუძლია ურჩიოს მოსკოვს, გაზი ტანკერებით მიიტანოს ტრაპიზონამდე, იქიდან  რკინიგზით - ყარსამდე, შემდეგ კი - ყარსიდან გიუმრამდე და ერევნამდე (ანუ ამოქმედდეს 1992 წელს გაჩერებული ყარსი-გიუმრის რკინიგზა). აი, ეს იქნება კომუნიკაციების ნამდვილი, რეალური დებლოკირება. სხვაგვარად კი, სომხეთს მოუწევს დახმარებისთვის ამერიკას მიმართოს, რომ იქიდან თხევადი გაზი ფოთის პორტის მეშვეობით მივიღოთ", - ხაზს უსვამს სომხური გამოცემა. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ