"საპატრიარქოსგან დაფიქსირდა მკვეთრი პოზიცია, რომ არ ჩაერთვებიან ვაქცინაციის პროპაგანდაში, თუმცა მოქალაქეების ჯანმრთელობის უსაფრთხოებაზე გადაწყვეტილებებს მიესალმებიან" - კვირის პალიტრა

"საპატრიარქოსგან დაფიქსირდა მკვეთრი პოზიცია, რომ არ ჩაერთვებიან ვაქცინაციის პროპაგანდაში, თუმცა მოქალაქეების ჯანმრთელობის უსაფრთხოებაზე გადაწყვეტილებებს მიესალმებიან"

საპატრიარქო მიესალმება ყველა იმ გონივრულ გადაწყვეტილებას ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, რაც იქნება გადადგმული ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის უსაფრთხოების დასაცავად, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სრულიად საქართველოს - კათალიკოს პატრიარქთან, ილია მეორესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებასა და ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით ისაუბრეს.

"ჩვენ დღეს გვქონდა შეხვედრა პატრიარქთან. ამ შეხვედრის მიზანი იყო მისი დეტალურად ინფორმირება, თუ როგორ მიმდინარეობს ქვეყანაში ეპიდვითარება და ასევე, როგორ არის დაგეგმილი ვაქცინაციის პროცესი, რას მოიცავს ვაქცინაცია, რა რისკები და დადებითი შედეგები შეიძლება მას ჰქონდეს მოქალაქეებისთვის. მათი მხრიდან აღქმული არის ის პრობლემები, რაც გლობალურად გააჩნია სამყაროს დღესდღეობით კოვიდპანდემიასთან მიმართებაში და საპატრიარქო მიესალმება ყველა იმ გონივრულ გადაწყვეტილებას ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, რაც იქნება გადადგმული ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის უსაფრთხოების დასაცავად.

ჩვენ ვისაუბრეთ ასევე, დეტალურად ნიღბის ტარების პროცესზე და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ ერთობლივად მოვუწოდოთ თუ რამდენად დადებითი შედეგის მომტანია სოციალური დისტანცია და ნიღბის ტარება. აღვნიშნეთ ასევე ის ფაქტი, რომ ვაქცინაციის პროცესი არის ნებაყოფლობითი, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში როგორც საქართველომ, ასევე მსოფლიომ შეძლოს და დაძლიოს ის დიდი გამოწვევა, რომლის წინაშეც დღესდღეობით ჩვენ ვიმყოფებით.

საპატრიარქოს მხრიდან დაფიქსირდა მკვეთრი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი არ ჩაერთვებიან აქტიურ პროპაგანდაში, თუმცა ნებისმიერ გონივრულ გადაწყვეტილებაზე, რომელსაც საფუძვლად უდევს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის უსაფრთხოება, ისინი მიესალმებიან და მხარს დაუჭერენ მთავრობის და ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებებს", - განაცხადა ტიკარაძემ.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სასულიერო პირებს სთხოვენ, ქადაგებისას მრევლს სოციალური დისტანციის დაცვისა და პირბადის ტარებისკენ ხშირად მოუწოდონ.

როგორც ტიკარაძემ პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, შეხვედრა ორმხრივი ინიციატივით გაიმართა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საპატრიარქო იყოს დეტალურად ინფორმირებული იმ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რაც დღეს ქვეყანაშია.

"ჩემი მხრიდან თხოვნა შეეხებოდა სოციალური დისტანციის დაცვას და ნიღბების ტარებას, ამის მეტად მოწოდებას როგორც ლოცვებში, ასევე ქადაგებებში. თვითონ სინოდისთვისაც მნიშვნელოვანი იყო ეს ინფორმაცია, რომელიც ჩვენი მხრიდან გაჟღერდა. ასევე მნიშვნელოვანია საპატრიარქოს ჰქონდეს დეტალური ინფორმაცია, თუ რა საფუძველს ემყარება ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებები ამა თუ იმ ვაქცინის შერჩევასთან დაკავშირებით, რამდენად უსაფრთხოა ის მოსახლეობისათვის და რა ტექნოლოგიებს ემყარება ვაქცინაცია. შეხვედრა იყო ორმხრივი ინიციატივით, ვინაიდან მეც ვთვლი, რომ გამაჩნია ვალდებულება საპატრიარქო იყოს დეტალურად ინფორმირებული იმ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რაც დღეს ქვეყანაშია.

შევხვდი პატრიარქს, მისი განწყობა ცალსახაა, ის როგორც ჩვენ, მომხრეა, რომ ნებაყოფლობითი იყოს ვაქცინაცია. არ მოხდება არანაირი იძულება ჩვენი მოქალაქეების. მნიშნველოვანია მოქალაქეების მაქსიმალური ინფორმირება უსაფრთხოებასთან და სარგებელთან დაკავშირებით, ჩვენ გავიარეთ ეს მიმდინარე მოვლენები", - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

კითხვაზე: ხომ არ იგეგმება სასულიერო პირების ვაქცინაცია, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ მსგავსი რეკომენდაცია არ გაუციათ.

"ამასთან დაკავშირებით ჩვენ არ გვისაუბრია, ეს ცდება ჩემს კომპეტენციებს და მსგავსი რეკომენდაცია არ გამიცია. თუმცა, ისინიც რა თქმა უნდა, თავისუფალი არიან არჩევანში და მას შემდეგ, რაც მიიღეს დეტალური ინფორმაცია, შესაძლოა, თავად მიიღონ გადაწყვეტილება ვაქცინაციასთან დაკავშირებით. ჩვენი მხრიდან მათი დამატებითი ჩართულობის შესახებ თხოვნა არ ყოფილა", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორეს შეხვდა. შეხვედრა საპატრიარქოში 14:00 საათზე გაიმართა.

"ინტერპრესნიუსი"