რომელი შეზღუდვები შემსუბუქდება მომდევნო დღეებში? - მთავრობაში განმარტავენ, რატომ არ უქმდება "კომენდანტის საათი" - კვირის პალიტრა

რომელი შეზღუდვები შემსუბუქდება მომდევნო დღეებში? - მთავრობაში განმარტავენ, რატომ არ უქმდება "კომენდანტის საათი"

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭომ განიხილა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, ასევე ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობა და ვაქცინების დამატებითი დოზების შემოსვლასთან დაკავშირებული საკითხები.

ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე, საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება დამატებით შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით:

პირველი აპრილიდან რეგულაციების დაცვით მუშაობის განახლების საშუალება მიეცემათ საბავშვო გასართობ ცენტრებსა და კინო-თეატრებს.

უკვე ხვალიდან, 19 მარტიდან, დასაშვები იქნება ცოცხალი მუსიკა რესტორნებში.

ასევე, 28 მარტს დაგეგმილია საქართველო-ესპანეთის ნაკრების საფეხბურთო მატჩი. საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, დაუშვას მატჩზე მაყურებლის დასწრება დისტანციის და ყველა შესაბამისი ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების სტანდარტის დაცვით. სტადიონზე დაშვებული იქნება მაყურებელთა 30%.

ასევე, იმართება ძიუდოში გრანდსლემი, რომელზეც ასევე დაიშვება მაყურებელთა 30%.

ამ ეტაპზე კვლავ ძალაში რჩება ღამით გადაადგილების შეზღუდვა, რადგან ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი ბერკეტი მობილობის შესამცირებლად. საბჭო აკვირდება ვითარებას და შემდგომ გადაწყვეტილებებს მიიღებს არსებული ეპიდემიოლოგიური სურათის ანალიზის საფუძველზე.

ვინც მუშაობს, 21:00 საათამდე ვერ ივლის სტუმრად და ვინც არ მუშაობს, ახლაც დადის სტუმრად - საუბარია მასიურობაზე, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

კითხვაზე, რატომ არ უქმდება "კომენდანტის საათი", იმნაძე განმარტავს, რომ საქმე მასიურობას ეხება.

"ჩაის ხომ დალევენ ერთამენთთან რომ შეიკრიბებიან?! ნიღაბს ხომ ვერ გაიკეთებენ?!",- განაცხადა იმნაძემ.