"ექთანი კატასტროფის ბრიგადას თბილისში გადმოჰყავს" - რას აცხადებს ამირან გამყრელიძე 27 წლის ქალზე, რომელსაც აცრის შემდეგ ჯანმრთელობის მდგომარეობა დაუმძიმდა - კვირის პალიტრა

"ექთანი კატასტროფის ბრიგადას თბილისში გადმოჰყავს" - რას აცხადებს ამირან გამყრელიძე 27 წლის ქალზე, რომელსაც აცრის შემდეგ ჯანმრთელობის მდგომარეობა დაუმძიმდა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ახალციხის კლინიკა "იმედის“ ექთანი კატასტროფის ბრიგადას თბილისში გადმოჰყავს.

ამირან გამყრელიძის თქმით, შემთხვევის მოკვლევა სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტომ დაიწყო.

"დღეს, ახალციხეში, "იმედის“ კლინიკაში, რომელიც აცრებს აწარმოებს და16 პაციენტი ჰყავს აცრილი, 12:15 საათზე აიცრა ჩვენი კოლეგა, 27 წლის ქალბატონი, რომელიც როგორც ვიცი სისტემატურად იტარებდა გრიპის საწინააღმდეგო აცრას და ანამნეზში ალერგიულ რეაქციას არ აღნიშნავდა. აცრის შემდეგ მან ინტერვიუ მისცა ერთ-ერთ არხს და მოუწოდა სამედიცინო პერსონალს აცრების გააქტიურებისკენ. სამწუხაროდ, 30 წუთში განვითარდა დაუყოვნებელი რეაქცია. ჯერ არ ვიცით ეს ალერგიული რეაქცია იყო თუ სხვა ტიპის, თუმცა ექიმები გვეუბნებიან, რომ ეს ალერგიულ რეაქციას ჰგავდა. ადამიანს ადგილზე დროულად ჩაუტარდა გადაუდებელი დახმარება. ამის შემდეგ არ მოიხსნა რეაქცია და გადაყვანილი იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში.

მდგომარეობა სწრაფად დამძიმდა და საჭირო იქნა მისი ხელოვნურ სუნთქვაზე გადაყვანა. ამჟამად ადგილზე ჩასულია კატასტროფის მედიცინის ბრიგადა და ავადმყოფის ევაკუაცია ხდება თბილისში. მოკვლევის დასრულებამდე, ჯერჯერობით მიზეზ-შედეგობრივ კავშირებზე ვერ ვისაუბრებთ",-განაცხადა გამყრელიძემ.

"ინტერპრესნიუსი"