"ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის 9-საათიანი შეხვედრა რამდენიმე საკითხზე შეთანხმების გარეშე დასრულდა - კვირის პალიტრა

"ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის 9-საათიანი შეხვედრა რამდენიმე საკითხზე შეთანხმების გარეშე დასრულდა

მედიატორ კრისტიან დანიელსონის განცხადებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის ფარგლებში მნიშვნელოვანი პროგრესი 6 პუნქტიდან მხოლოდ რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით იქნა მიღწეული.

როგორც დანიელსონმა ხანგრძლივი აუდიენციის დასრულების შემდეგ განაცხადა, რამდენიმე საკითხზე ნაკლები პროგრესი იყო.

„პრეზიდენტ მიშელის მიერ დატოვებული 6 პუნქტიდან მნიშვნელოვანი პროგრესი ზოგიერთ მათგანთან დაკავშირებით იყო მიღწეული სხვადასხვა ასპექტში. რაც შეეხება სხვა საკითხებს, ამაზე ნაკლები პროგრესი იყო. ახლა მე დავბრუნდები ბრიუსელში და ამ ყველაფრის შესახებ მოვახსენებ პრეზიდენტ მიშელს“, - განაცხადა დანიელსონმა.

მედიატორის თქმით, პოლიტიკური კრიზისის დასრულება პოლტიკურ აქტორებს საშუალებას მისცემდა ყურადღება ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე გაემახვილებინათ.

"მე ჩართული ვიყავი ინტენსიურ მოლაპარაკებებში ამ კვირაში, როგორც პრეზიდენტ მიშელის პერსონალური წარმომადგენელი, მისი ვიზიტისა და შემოთავაზების შემდეგ, რომ ევროკავშირს მედიაციის როლი შეესრულებინა. ევროკავშირმა და აშშ-მ დიდი სამუშაო გასწიეს იმისთვის, რომ დახმარებოდნენ პარტიებს შეთანხმების მიღწევასა და საქართველოში პოლიტიკური კრიზისი დასრულებაში. პოლიტიკური კრიზისის დასრულება იქნებოდა იმის საფუძველი, რომ პოლიტიკურ აქტორებს მათი მთელი ყურადღება კოვიდ პანდემიისა და მისი სოციალურ-პოლიტიკური შედეგებისთვის დაეთმოთ, ევროკავშირის დღის წესრიგში მოეხდინათ პროგრესი და საქართველოს რეგიონალური უსაფრთხოების ინტერესები დაეცვათ - ეს ნამდვილი გამოწვევებია, რომლის წინაშეც ეს ქვეყანა დგას", - აღნიშნა მედიატორმა.

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მორიგი შეხვედრა 15:00 საათისთვის დაიწყო. მოლაპარაკებები 9 საათზე მეტხანს გრძელდებოდა.